25 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი მეგობარი მამაკაცი, 27 წლის ინგლისელი მომღერალი ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან. ვარსკვლავმა სიახლე რამდენიმე თვის წინ The Tonight Show Starring Jimmy Fallon-ის შოუში ოფიციალურად დაადასტურა. წყვილი გლობალური პანდემიის დროს შექმნილ ვითარებას და თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდს საკუთარი გეგმების ჩამოყალიბებასა და გააზრებაში, ფიზიკურ განტვირთვასა და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზადებაში იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ადამიანებისთვის ორსულობა კარიერასთან, საყვარელ საქმიანობასა და ფიზიკურ აქტივობასთან დროებით ჩამოშორებას ნიშნავს, ამერიკელი ვარსკვლავისთვის ყველაფერი სხვანაირადაა. ჯიჯიმ ამჟამად მის ცხოვრებაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, საკუთარ დადებით მხარეებსა და ამ პერიოდში მონატრებულ საყვარელ საქმიანობაზე ისაუბრა:
„ძალიან ბევრ ადამიანს უკვირს, თუ რატომ არ გიზიარებთ სიახლეებს ეტაპობრივად. ჩემი ორსულობის პერიოდი გლობალურ პანდემიას დაემთხვა. ვფიქრობ, მსოფლიოში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე ეს ჩემი ორსულობაა. მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის და დადებითი კომენტარებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვკითხულობ. ვაფასებ თქვენს ენერგიასა და შემართებას. ყველანი ძალიან მიყვარხართ“.
ვინაიდან მოდელი ორსულობის პერიოდს შინ ატარებს, პენსილვანიაში არსებული ოჯახური ფერმა მისთვის საუკეთესო არჩევანია. ვიდრე ჯიჯი და ზეინი მომავალი მშობლების ამპლუას ერგებიან, მოდელის და და დედა − ბელა და იოლანდა ჰადიდები სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებულნი. ჯიჯიმ W Magazine-თან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარ ფერმაში შრომა მისთვის ერთგვარი თერაპიაა:
„საკუთარი თავის აღმოსაჩენად უნდა იპოვო ძალა, რათა აკეთო საყვარელი საქმიანობა. მე ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გავაანალიზე. ფერმაში მუშაობის დროს ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში, არ მჭირდება მაკიაჟის გაკეთება, არ ვარ ვალდებული გამოვიყურებოდე ლამაზად, არ მიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გამოვაქვეყნო სოციალურ ქსელში, რადგან მუშაობის დროს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობ თავს“.
ჯიჯის პარალელურად, მისმა მეგობარმა მამაკაცმა, ზეინ მალიკმაც გამოხატა ფერმერის ცხოვრების წესისადმი საკუთარი ენთუზიაზმი: „ცხოველებით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. მიყვარს, როდესაც ცხენებს ვაჭმევ, მათი გამოკვება სიამოვნებას მანიჭებს“.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ჯიჯის ორსულობის პერიოდში დეტალურ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს, მომავალი მშობლები მაინც ცდილობენ ახლობლებთან კომუნიკაციით სიახლეები შეიტყონ, კითხულობენ ორსულობასთან დაკავშირებულ ლიტერატურას და კონკრეტული მაგალითებით ცდილობენ შესაფერისი გამოცდილებაც მიიღონ:
„ძალიან ბევრ სურათსა და ვიდეოს ვიღებ, შემდეგ კი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვუგზავნი. ეს პროცესი ჩემთვის უზომოდ ამაღელვებელი, მიმზიდველი და საინტერესოა, ისინი ამ ყველაფრის დოკუმენტირებას ახდენენ, იმიტომ, რომ როგორც ბევრი ადამიანისგან ვიგებ, მნიშვნელოვანი მომენტების აღბეჭდვა და კადრების მოგვიანებით, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გაზიარება, დაუვიწყარი შეგრძნებაა. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ამ მასალას მომავალში მათაც აუცილებლად გავუზიარებ“.
ჯიჯი ძალიან ბედნიერია არსებული პერიოდით და აღნიშნავს, რომ კარიერულ საქმიანობაზე მეტად ცხენით ჯირითი, მათი მოვლა და გამოკვება ენატრება. გლობალური პანდემიის პირობებში, ჯიჯი და ბელა ჰადიდებმა ერთად პირველად Elle-ის აგვისტოს ნომრისთვის ითანამშრომლეს, თუმცა ჯიჯიმ ამჯერად არა მოდელის, არამედ ფოტოგრაფის ამპლუა მოირგო და საკუთარ დას გამოცემის უახლესი ნომრისთვის ფოტოები საკუთარი მობილური ტელეფონით გადაუღო.
„არ მიყვარს მოვლენების დაჩქარება. მინდა, გამოცდილება მივიღო, ჩემს პირად ჟურნალში ძალიან ბევრ ჩანაწერს ვაკეთებ. არ ვნერვიულობ იმაზე, რომ დამღლელი დღე-ღამის შემდეგ არასასურველი შესახედაობით გავიღვიძებ, რადგანაც არ მაქვს ვალდებულება ლამაზად გამოვიყურებოდე“.
„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერები და აღფრთოვანებულები ვართ. მიხარია, რომ მალე ბებია გავხდები. შეიძლება ითქვას, კურთხეულები ვართ. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინ დედა დავკარგე, ერთმა სულმა დაგვტოვა, თუმცა მის ნაცვლად მალე ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოევლინება“, − ჯიჯის დედა, იოლანდა.
ამერიკელი მოდელი დადებითი გამოხმაურებისა და კეთილი სურვილების გარდა, ორსულობის პერიოდში კრიტიკასაც იღებს − ვარსკვლავის გარეგნული ცვლილება ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
„პოსტები, რომლებიც სოციალურ მედიაში ვრცელდება, ძალიან სასაცილოა. ქალი ორსულობის პერიოდში ყველაზე ბუნებრივია, სახის ფორმა და ნაკვთები იცვლება, არც წონაში მატებაა გამორიცხული. ხალხი ფიქრობს, რომ ფილერებს ვიყენებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სახეს ბავშვობიდან მრგვალი ფორმა აქვს, ხოლო თუ ლოყები ოდნავ გაიზარდა, ეს ფეხმძიმობის პერიოდში მომხდარი ცვლილებების დამსახურებაა და არა პლასტიკური ქირურგიის“.
ამერიკელი მოდელი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მომავალი შვილის მამასთან ერთად გატარებული წლებით ბედნიერია. ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია 2015 წელს დაიწყო, გასული წლების განმავლობაში წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, შემდეგ კი კვლავ შერიგდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მშობლები თავდაპირველად ერთმანეთს კარიერული წინსვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შეხვდნენ. ჯიჯი ჰადიდის პროფესიული დებიუტი 2014 წელს შედგა, ფართო საზოგადოებამ კი 2016 წელს გაიცნო, როდესაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ ის წლის საერთაშორისო მოდელად დაასახელა. მისი მომავალი შვილის მამა, ზეინ მალიკი მაყურებელმა პირველად 2010 წელს ბრიტანულ მუსიკალურ კონკურს X Factor-ში იხილა, ამის შემდეგ კი მისი კარიერული საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ჯგუფი − One Direction ჩამოყალიბდა, რომელიც ზეინმა მოგვიანებით, 2015 წელს დატოვა. შემსრულებელი სწორედ ამ პერიოდში სოლოკარიერის წამოწყებაზე მუშაობდა. ჯიჯი და ზეინი სწორედ ამ პერიოდში გადაადგილდებოდნენ ერთსა და იმავე ქალაქებში − ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში, ჰყავდათ საერთო მეგობრები, ესწრებოდნენ მსგავს ღონისძიებებს, ამიტომ ერთმანეთთან შეხვედრა ხშირად უწევდათ. მას შემდეგ, რაც წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გაასაჯაროვა, ხშირად სარგებლობენ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილის სახელით. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯიჯის და ზეინის ურთიერთობაში ოჯახის ახალი წევრი გაჩნდება, რისთვისაც ისინი უკვე რამდენიმე თვეა დიდი გულმოდგინებითა და მონდომებით ემზადებიან.