დღესდღეობით ძალიან ბევრი უმშვენიერესი გოგონაა სამოდელო სფეროში. თუმცა, არავინ შეგვეკამათება, როდესაც ყველასგან გამოვარჩევთ და სუპერმოდელად გასაოცარ ჟიზელ ბუნდჰენს მოვიხსენიებთ.
ბრაზილიელი ლამაზმანი, რომელსაც 20 ივლისს 40 წელი შეუსრულდა, 1990-იანი წლებიდან არ კარგავს აქტუალობას და უფრო და უფრო აოცებს საზოგადოებას მისი უცვლელი სილამაზით, დახვეწილობითა და ელეგანტურობით. ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე 141-ჯერ დაბეჭდვის, ჯამში 1200-მდე სხვადასხვა ჟურნალის გარეკანზე მოხვედრის, თითქმის ყველა სერიოზული დიზაინერის ჩვენებაზე გამოსვლის, საკუთარი თეთრეულის ხაზის შექმნის, წიგნის დაწერისა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უბრალო მოდელი არ არის და საკმაოდ დიდი სიტყვა აქვს ნათქვამი მოდის ინდუსტრიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჟიზელს, პროფესიიდან გამომდინარე, ასობით სხვადასხვა სტილის სამოსის მორგება უწევდა, რის შედეგადაც საუკეთესოდ გაითავისა, თუ რომელი სტილია მისთვის ყველაზე ორგანული. ის ყოველთვის იდეალურად ახერხებს სიტუაციის შესაბამისად გამოწყობასა და ტენდენციურობის შენარჩუნებას. ზუსტად იცის, თუ როგორი სილუეტები უხდება მის იდეალურ სხეულს და ხშირად გვანებივრებს თვალისმომჭრელი, სექსუალური look-ებით. თუმცა, ყოველდღიურად მისთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტულად ყოფნა, ამიტომ ჯინსის შარვალი და დიდი ზომის ზედატანი მისი განუყრელი მეგობრები არიან.
ჟიზელს ხშირად უწევს საზოგადოებაში თავის მეუღლესთან, ფეხბურთელ ტომ ბრედისთან ერთად გამოჩენა, ამიტომ წყვილი მუდამ ცდილობს ერთმანეთს შეუხამონ სამოსი და თაყვანისმცემლები საინტერესო ჩაცმულობებით გაანებივრონ. ჟიზელს ყოველთვის უყვარდა ფურორის მოხდენა. სწორედ ასეთი შთამბეჭდავი იყო 2005 წელს Academy Awards-ზე მოდელის გამოჩენა მის იმდროინდელ შეყვარებულ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, როდესაც მან John Galliano-ს მიერ შექმნილი Dior-ის თეთრი კაბა მოირგო.
დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, ბუნდჰენი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქსოვილს. იგი ცდილობს გაუფრთხილდეს გარემოს, მუდმივად დაკავებულია ქველმოქმედებით და ხშირ შემთხვევაში ეკომეგობრულ ფაქტურებს ირჩევს. მან ასევე გამოუშვა ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული, სახის მოვლის ეკომეგობრული ხაზი Sejaa, რომელიც თინეიჯერებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ჟიზელი 20 წლიდან მედიტირებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. იოგა და სწორი კვება ეხმარება იდეალური ფორმების შენარჩუნებაში. საოცარი ვიზუალის წყალობით, ლამაზმანი თეთრეულის ყველაზე პოპულარული ხაზის, Victorias Secret-ის სახე და გუნდის წევრი გახლდათ, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის კარიერულ წინსვლაში. ბუნდჰენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. ის პირველი სუპერმოდელია, ვისი ქონებაც მილიარდ დოლარს აღწევს. ჟიზელი 2007 წელს წამოვიდა Victorias Secret-იდან, თუმცა მაინც აქტიურად განაგრძობდა სამოდელო სფეროში საქმიანობას. 2008 წელს New York Daily News-მა იგი მოდის სამყაროს ყველაზე ძლევამოსილ ქალებს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა. 2 შვილის დედა ისეთი ბრენდების სახე გახდა, როგორებიცაა Chanel, Dior, Versace, Givenchy და ა.შ. გარდა ამისა, ოქროსფერთმიანმა ლამაზმანმა ბედი მუსიკალურ და კინოინდუსტრიაშიც მოსინჯა. 2004 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში Taxi, ხოლო 2006 წელს ითამაშა ფილმში The Devil Wears Prada.
რასაკვირველია, ჟიზელი ყველა ღონისძიების წითელი ხალიჩის საპატიო სტუმარი და პაპარაცებისთვის განსაკუთრებული მოლოდინის ობიექტია. მისი თითოეული გამოჩენა უჩვეულოდ ეფექტიანი და დასამახსოვრებელია. იგი მილიონობით ახალგაზრდა გოგონას სტიმული და შთაგონების წყარო გახლავთ, რის გამოც ჩვენც თამამად შეგვიძლია ჟიზელ ბუნდჰენს მოდის კერპის ტიტული მივანიჭოთ.