600 მეტრ სიგრძეზე გადაჭიმული დრამატული ხის დაფის საფარზე სიმონ პორტ ჟაკმუსმა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ფრანგი დიზაინერის ჩვენება ავთენტურობის ინდუცირებას და ბრენდის რომანტიკული მხარის გამოხატვას ისახავდა მიზნად. შოუ, რომელსაც VIP-სტუმრების – იზაბელ აჯანისა და ტინა კუნაკის ჩათვლით 100 ადამიანი ესწრებოდა, საფრანგეთის ხორბლის მინდვრებში, პარიზიდან ერთი საათის სავალზე, ვექსინის რეგიონულ ბუნებრივ პარკში გაიმართა. ჟაკმუსის უახლესი ჩვენება ეხებოდა 2020 წლის მოდაში გაბატონებულ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და აშკარა ავთენტურობა.
ვინ თქვა, რომ სოციალური დისტანცია არ შეიძლება იყოს პოეტური? დიზაინერის ობსესია, ერთგვარი აკვიატება – წარმოდგენილი პროვანსული ინტერიერი, რუსტიკული, ანუ სასოფლო კერამიკა, დახვეწილი ავეჯი და თვალწარმტაცი ცა – ჩვენების ყველა ეს დეტალი კოლექციისთვის არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნიდა. შოუს ელემენტები აშკარა მაგალითი იყო იმისა, რასაც ჟაკმუსი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი კოლექციის შექმნის დროს გრძნობდნენ და განიცდიდნენ.
უახლესი კოლექცია, სახელწოდებით L’Amour დიზაინერის „სიყვარულის დეკლარაციაა“, გაფორმებული რომანტიკული ელემენტებითა და პროვანსული დეტალებით, როგორიცაა კერამიკა, პოემები, ალუბლის ქაფქირი და ბებიის გადასაფარებელი. სიმონის თქმით, ახალი კოლექციით მას სურდა, სიყვარულსა და დღესასწაულზე ესაუბრა: „ეს არის პროვანსული ქორწილი, ან უბრალოდ, მოსავლის აღების ზეიმი“, – განაცხადა ჩვენების დაწყების წინ ფრანგმა დიზაინერმა.
კოლექციაში ჭარბობდა საზაფხულო ქსოვილები: ტილოს კაბები, მაღალწელიანი შარვლები, ბიუსტჰალტერის მსგავსი ტოპები, ჩალის გიგანტური ქუდები და მინიატურული ჩანთები. ასევე გვხვდებოდა მოხდენილი და დახვეწილი სამოსი კონტრასტული ფერის ნაქარგებით, გაფორმებული ხორბლისფერი მძივებითა და ნოტიო ორნამენტებით. კოლექციაში ჭარბობდა მრავალფეროვანი პალიტრა, სპილოს ძვლის და ვანილის კრემ-ანგლეზისფერი კაბები კი განსაკუთრებულად უხდებოდა შოუსთვის შერჩეულ ადგილმდებარეობას. მიმზიდველი იყო მამაკაცებისთვის ფოთლის პრინტით გაფორმებული სამოსი, ამავდროულად, მოულოდნელი და ორიგინალური კი ტყავის დანა-ჩანგლის ორნამენტები. შოუში ასევე იგრძნობოდა პიკასოს მოტივები, გვხვდებოდა ამოჭრილი გულები, „გონებამახვილური საყურეები“ – იგივე ზამბარები, კოჭები, Chiquito-ს ხელჩანთები და Marseille-ის საპნის ფილები.
„ჩემთვის პოდიუმი უბრალოდ ვიდეო არ არის. ეს არის ჩემი საქმის გული, რაც უნდა იყოს ზედაპირულად შესრულებული. ცხოვრების გაგრძელება ყოველი ჩვენგანისთვისაა მნიშვნელოვანი, მოცემულობა საზაფხულო ფილმს ჰგავს, რადგან ეს ჩვენი ცხოვრებაა. ამ ყველაფრის გადმოცემა კი საუბრით არ შეიძლება, ეს ჩემი სტრატეგიაა, განსაკუთრებული მომენტი, ერთგვარი ემოცია, რომელსაც თქვენ გადმოგცემთ“, – განაცხადა ფრანგმა დიზაინერმა.
სიმონი სოციალური მედიის საშუალებით ფრანგული პასტორალური ცხოვრების სტილს ხშირად აღგვიწერს. ის არის ადამიანი, რომელიც ხელის ჩრდილებით, მინიჩანთებით, სუფრის პარამეტრებით, ხილითა და ბოსტნეულითაც კი ხშირად ხელოვნების ნიმუშებს ქმნის: „მე და ჩემი გუნდი ერთმანეთისგან განცალკევებით საკუთარ სახლებში ინდივიდუალურად ვმუშაობდით. ჩვენ გაგვიჩნდა ახალი ხედვა და მუშაობის მძლავრი სურვილი ახალი კოლექციისათვის. ჩვენ გავხდით ადამიანთა ეგრეთ წოდებული ჯაჭვი, რომელთა შემოქმედებითი პროცესის ყოველი ნაბიჯი შესრულებულია დიდი სიყვარულით“, – განაცხადა შემოქმედებითი პროცესის შესახებ 30 წლის დიზაინერმა.
რთული ლოგისტიკის მიუხედავად, შოუ იყო ერთგვარი ვიზუალური პოეზია, მაცდური, ოდნავ მელანქოლიური და რომანტიკული დეტალებით. მოდა ყოველთვის იქმნება ფანტაზიური წარმოსახვის უნარით, სიმონ ჟაკმუსი კი ამ ყველაფერს საკუთარი წარმომავლობის, მშობლიური ადგილების ინსპირაციითა და თანამედროვე დეტალების ნაზავით, ყოველთვის ესთეტიკურად გადმოგვცემს.