ჯანი ვერსაჩეს მკვლელობიდან 23 წელი გავიდა. 1997 წლის 15 ივლისს იტალიური მოდის ლეგენდა მაიამიში, საკუთარი სახლის კიბეებთან მოკლეს. შემოქმედებითმა გენიამ, რომელმაც საკუთარი საქმიანობით მოდაზე საუბრის წესები შეცვალა, მსოფლიო მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ბიზანტიური ვერცხლის ჯვრებით გაფორმებული ლეგენდარული კაბები დეკადების გასვლის შემდეგაც კი გვემახსოვრება, ისევე, როგორც ყველასათვის ცნობილი გორგონა − ლეგენდარული მედუზა, მზერა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.
ჯანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სუპერმოდელებისა და სელებრითების ღირებულება გააანალიზა და მოდა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოიტანა. ის საკუთარი სამოსის ინდივიდუალური ხასიათით ხელოვნების, კლასიციზმისა და პოპკულტურის სინთეზს ქმნიდა.
„კოლექციის გასაღები ინდივიდუალურობაა. არ აჰყვეთ ტრენდებს და არ მისცეთ მოდას თქვენზე ზეგავლენის მოხდენის უფლება. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვინ ხართ და თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების სტილით რისი გამოხატვა გსურთ“.
ჯანი ვერსაჩე 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიაში დაიბადა. მას კერვა დედამ ასწავლა, პირველი კაბა კი 9 წლის ასაკში ინდივიდუალურად შექმნა. ჯანიმ პირველი კოლექცია 1978 წელს წარადგინა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მოდის დიზაინერის სახელს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა.
ჯანი ვერსაჩე იყო გენიოსი, რომელმაც ბერძნულ-რომაული კულტურის, ბიზანტიური ხელოვნების, ბაროკოს, რენესანსისა და ნეოკლასიციზმის ნაერთი შემოგვთავაზა. მან საკუთარი სამოსი პოპკულტურად აქცია, მისი კაბები არ იქმნებოდა ტრადიციული წესებით; ჯანი იყო დიზაინერი, რომელმაც ხელოვნება, სექსუალურობა და ბრწყინვალე ფერები გააერთიანა, შემდეგ კი ეს ყველაფერი თანამედროვე მოდაში შემოიტანა. კოლექციების პარალელურად, დიზაინერი თეატრალური წარმოდგენებისა და სპექტაკლებისთვის მრავალფეროვან კოსტიუმებს ქმნიდა. ჯანი ყოველთვის ცდილობდა პიროვნული თვისებები შეენარჩუნებინა და საკუთარი „მე“ მკაფიოდ გამოეხატა. შეიძლება ითქვას, რომ მისი შექმნილი სამოსი პიროვნების ერთგვარი მანიფესტაცია იყო.
ალბათ დამეთანხმებით, ცოტა დიზაინერს თუ შეუძლია დაიკვეხოს, რომ ქალის სამოსზე ისეთი გავლენა მოახდინა, როგორიც თავად ჯანი ვერსაჩემ. იტალიური მოდის ლეგენდა არ ქმნიდა მხოლოდ კაბებს, ის ქმნიდა სამოსს, რომელიც ქალებს აძლევდა საშუალებას საკუთარი თავი თავადვე შეექმნათ. მისი დიზაინი ლამაზი, მტკიცე, ჭკვიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალების ანარეკლი იყო.
„მინდა შევქმნა სამოსი, რომელიც იქნება ფემინური და ქალებს საკუთარი სილამაზის აღქმაში დაეხმარება. მე არ ვარ დაინტერესებული წარსულით, გარდა იმისა, თუ ის მომავლის გზას უკავშირდება... მოდას სჭირდება განსაცვიფრებელი ქალბატონები, ცოცხალი, სტიმულირებადი სტილით, როგორიც მაგალითად დიანა ვრილადია. მისი საუბრის მანერა მის ღირებულებებს თვალნათლივ გამოხატავს“.
ჯანი ვერსაჩეს ფესვები ისტორიულ წარსულში თანამედროვე მოდის არქეტიპებად იქცა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სამოსს ვისთვის ქმნიდა − ვერსაჩე თავის ეკლექტიკურ ცოდნას ყოველთვის დაუზოგავად იყენებდა და ნებისმიერ სამოსს ინდივიდუალურ ხასიათს სძენდა. მის კაბებს ჰქონდა ზედმეტი პრინტი, საკმარისზე მეტი მბზინვარება; მან ქსოვილს ურბანული გრაფიტისგან ნასესხები ნეონური ფერები, მეტალის დეტალები და ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ქინძისთავები დაუმატა. იდეა, რომელიც ვერსაჩემ სუბკულტურებისგან აიღო, წითელ ხალიჩასა და პოდიუმზე გამოიტანა. რამდენადაც წარმოუდგენელი უნდა იყოს, ჯანი ვერსაჩე კარიერის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, მისი ეროტიკული რეკლამები კონსერვატიული პუბლიკისთვის ხშირად მიუღებელიც კი იყო.
„როდესაც ჯანის სიცოცხლის ბოლო წლებში ერთად ვმუშაობდით, მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა და ყველანაირი აზრის გამოთქმის უფლება მქონდა. როდესაც რაიმე არ მომწონდა, გულწრფელად ვეუბნებოდი, მის ნაცვლად რაიმე სხვა გაეკეთებინა“, − იხსენებს დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის შესახებ.
2012 წელს ჯორჯო არმანიმ დიზაინერის შესახებ განაცხადა: „მისი გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. რა მახსოვს ჯანი ვერსაჩესგან? მისი წარმოუდგენელი ენთუზიაზმი და ბედნიერების შეგრძნება, რომელიც მის იდეებს, მოგონებებს, მოდის ტენდენციებსა და ხელოვნებას არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობით აერთიანებდა“.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შოუ ვერსაჩეს ისტორიაში 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება იყო, რომლისთვისაც ჯანიმ კაბები ამერიკელ ავანტგარდისტ ენდი უორჰოლის პოპარტული ფოტოებით მდიდრულად და დახვეწილად მორთო. ის იყო არტისტი, რომელსაც ჯანი მისი მატერიალური კულტურისადმი მიჯაჭვულობის გამო თავის სულიერ მეგობრად მიიჩნევდა. ჯანი საკუთარი თვისებების გამო ხშირად თავს მარკო პოლოსაც ადარებდა, ალბათ რთული მისახვედრი არაა, რატომ... ის ხომ გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა და სხვადასხვა კულტურის მიქსტურას გვთავაზობდა. სწორედ ამიტომ იყო მისი კოლექციები ყველასგან გამორჩეული, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნების, კლასიციზმისა და პოპკულტურის სინთეზი მოდაში!