თეთრი ფერი რომ ზაფხულს ძალიან უხდება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. გარუჯულ სხეულზე თეთრი ქსოვილი და სწორად შერჩეული აქსესუარები იდეალური საზაფხულო არჩევანია. თითქოს მარტივია თეთრი ფერის შეხამება ყველაფერთან, თუმცა ამ დროსაც ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას, თუ როგორ შეგიძლიათ მოირგოთ თეთრი სამოსი ისე, რომ ძალიან ტენდენციურად გამოიყურებოდეთ.
თეთრთან ერთ-ერთი იდეალურად შესახამებელი და ძალიან ტენდენციური ფერი გახლავთ კონიაკისფერი. შეგიძლიათ თეთრ ჯინსებზე სწორედ ამ ფერის ქამარი მოირგოთ და look-ის სისრულისთვის ფეხზეც ამავე ფერის სანდლები მოიხდინოთ.
თეთრი სწორედ ის ფერია, რომელიც არაჩვეულებრივად უხდება მყვირალა ფერებსა და დამახასიათებელ პრინტებს. თქვენს ფერად ჩაცმულობას თეთრი უფრო მეტად შესძენს ზაფხულის იერს და დააბალანსებს შერჩეული ფერების სიჭრელესაც.
თუ თეთრი პერანგის მორგებას გადაწყვეტთ, თქვენთვის ყველაზე შესაფერისი ოქროსფერი ჯაჭვის ყელსაბამის გაკეთება იქნება.
ზაფხული და ჩალის აქსესუარები რომ განუყოფელია ერთმანეთისგან, კარგად მოგეხსენებათ, თუმცა თეთრი ტილოს სამოსისა და ჩალის დეტალების ტანდემი ხომ საერთოდ იდეალური ვარიანტია მცხუნვარე სეზონისთვის.
თუ ყოველდღიური look-ისთვის თეთრ შარვალსა და პიჯაკს შეარჩევთ, ეცადეთ სხვა დეტალებით გაამარტივოთ თქვენი ჩაცმულობა. მოკლე ტოპი, საზაფხულო ბოტასი და სეზონის ჰიტი − პანამა ქუდი თქვენს ვიზუალს გაცილებით საინტერესოს, ყოველდღიურსა და ტენდენციურს გახდის.
თეთრი სარაფანი და თეთრი კედები ერთად ის არის, რაც ყოველთვის აქტუალური და ლამაზია. თუ თქვენი ჩაცმულობის გახალისებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ წელზე ჯაჭვის ქამარი მოირგოთ, რომელიც კაბას ძალიან არ გადატვირთავს და უფრო ორიგინალურ იერს შესძენს.