“როგორი ახალგაზრდული და მშვენიერი იყო ის პარიზის დილა, როცა ერთმანეთს შევხვდით. შენ პირველ ბრძოლას უძღვებოდი. იმ დღეს წარმატებას მიაღწიე და მას შემდეგ არ დაშორებიხარ მას. განა შემეძლო წარმომედგინა, რომ 50 წლის შემდეგ ჩვენ აქ ვიქნებოდით, ერთმანეთის პირისპირ და მე შენ უკანასკნელ, გამოსათხოვარ სიტყვებს გეტყოდი. ბოლოჯერ ვსაუბრობ შენთან, ივ. მე შენ მოგმართავ, იმის მიუხედავად, რომ მოსმენა და პასუხის გაცემა აღარ შეგიძლია“ - ეს სიტყვები პიერ ბერჟემ თავისი ყოფილი სასიყვარულო პარტნიორის და ცხოვრების სიყვარულის, ივ სენ-ლორანის დაკრძალვაზე წარმოთქვა, რომელიც 2008 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა.
მათი სიყვარულის ისტორია 1958 წელს დაიწყო. ერთმანეთი ივის სადებიუტო კოლექციის ჩვენებაზე გაიცნეს, „დიორისთვის“. სელ-ლორანმა თავისი ბრწყინვალე კარიერა სწორედ ამ მოდის სახლში დაიწყო. თუმცა, ბერჟე ამბობდა, რომ ახალგაზრდა ივი მანამდე შენიშნა, კრისტიან დიორის დაკრძალვაზე და მაშინვე იგრძნო მასთან გარკვეული კავშირი.
ამ დუეტის კომერციულმა ოსტატურობამ არამხოლოდ შეავსო მათი ცხოვრება, არამედ მოდის ისტორია შეცვალა. სწორედ ბერჟეს წყალობით გაჩნდა მოდის სახლი YSL / „ივ სენ ლორანი“, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ იცმევდნენ და გრძნობდნენ თავს ქალები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. 1960-იან წლებში სენ-ლორანი „დიორიდან“ გაანთავისუფლეს და შეყვარებულებმა გადაწყვიტეს საკუთარი ბრენდი გაეხსნათ. პიერ ბერჟემ ინვესტორის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც ადამიანი, ვინც მათი მიზნები დაიჯერა. პირველი კოლექცია 1962 წლის იანვარში აჩვენეს და მას უდიდესი წარმატება ჰქონდა.
პიერი და ივი ბევრ ინტერვიუში აკეთებდნენ აქცენტს ერთმანეთის მნიშვნელობაზე, ერთმანეთის მიმართ სიყვარულზე. ბერჟე ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მთავარი ივის ნიჭი იყო, რომელიც მის გარეშეც იპოვიდა თავის გზას, სენ-ლორანი კი მუდამ ასახელებდა პიერის იმ ძლიერ მხარს, რომლის გარეშეც ფეხზე დგომას ვერ შეძლებდა. სწორედ ბერჟემ შესთავაზა დიზაინერს pret-a-porter-ის მიმართულებით ემუშავათ, რამაც ბრენდი უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა. „ახალგაზრდა და არამდიდარ ხალხს სამოსის დიდი არჩევანი არ აქვს. მე ეს არ მომწონს და მსურს გამოვასწორო. მინდა ადამიანები ბედნიერები გავხადო. ეს ჩემი მიზანია“ - ამბობდა ივი.
მათ ხელოვნებისადმი სიყვარულიც აერთიანებდათ. უყვარდათ ფერწერული ნიმუშების, ინტერიერის ნივთების და სკულპტურების შეძენა. კოლექციას „შემთხვევით შემხვედრ საგნებს“ უწოდებდნენ. ძირითადად წუთიერ შთაბეჭდილებებსა და სურვილებს ეყრდნობოდნენ და ყველაფერს სპონტანურად ყიდულობდნენ.
მათი სიყვარულის კიდევ ერთი სიმბოლო - მარაქეშია. მათ ეს ადგილი პირველივე ნახვისას შეუყვარდათ: „როცა აქ მოდის ჩვენებების შემდეგ დასასვენებლად ჩამოვედით, 8 დღე წვიმდა, მეცხრე დღეს კი როგორც იქნა მზე გამოვიდა და მისი სილამაზე დავიახეთ: ცნობილი ბაღები და ატლასის მთები“.. მაშინვე გადაწყვიტეს, რომ აქ ცხოვრება სურდათ, წელიწადში რამდენიმე კვირით მაინც. ბერჟემ იპოვნა სახლი და მალე მათ საკუთარი „ლიმნის ბაღი“ ჰქონდათ. ამ პერიოდს ყველაზე ბედნიერ დროდ იხსენებდნენ, როცა ახალგაზრდები და ძალღონით სავსენი იყვნენ. ეს ადგილი ივის შთაგონების ძლიერ წყაროდაც იქცა, თავისი ფერებით და სურნელით, რასაც პოდიუმზე აცოცხლებდა.
მათი სიყვარულის ძლიერი გამოცდა ნარტოკიტები და ალკოჰოლი იყო, რომლებსაც სენ-ლორანი 70-იან წლებში მიეძალა. ბერჟე ამბობდა, რომ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს, რადგანაც დიზაინერები დიდ წნეხში არიან: „მესმოდა, რომ თუ ერთხელ მას ექნებოდა შესაძლებლობა გაქცეულიყო - ამას გააკეთებდა. ასეც მოხდა. 1976 წლის 6 მარტს ის მთელი ღამე არ ყოფილა სახლში. როცა დაბრუნდა, საშინელ მდგომარეობაში იყო. ამ დროს კარებზე ვიღაცეებმა დარეკეს, შემოვიდნენ და სთხოვდნენ კიდევ ესეირნათ. ის ისევ წავიდა. ეს საბოლოო წვეთი იყო. მე ჩემოდნები ჩავალაგე და სასტუმროში გადავედი. იქ 1 თვე ვიცხოვრე. შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ ის ისევ აგრძელებდა. ძალიან მიჭირდა ივთან დაშორება“ - ასე იხსენებს პიერი მათი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს.
დაშორების მიუხედავად, პიერ ბერჟე და ივ სენ-ლორანი ბიზნეს-პარტნიორებად და მეგობრებად დარჩნენ. ბერჟე ისევ იყო ბრენდის საქმეებით დაკავებული: „დიდებამ მას ტანჯვა მოუტანა. ის წელიწადში მხოლოდ ორჯერ იყო ბედნიერი: როცა ჩვენების ბოლოს მაყურებლის წინაშე გადიოდა და ყველა ფეხზე იდგა. შემდეგ ისევ იძირებოდა სევდასა და მარტოსულობაში. მე ყველაფერი ვცადე რომ დავხმარებოდი.“
2002 წელს ივ სენ-ლორანი საქმეებს ჩამოშორდა, მაგრამ პიერ ბერჟემ მაინც შეძლო რაღაც სასარგებლოს გაკეთება. იმავე წლის ბოლოს ფონდი შექმნა, სახელად - Fondation Pierre Bergé — Yves Saint Laurent, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის 40 წლიანი კარიერის მემკვიდრეობას აერთიანებდა. წლების შემდეგ, მარაქეშში ივის მუზეუმის გახსნამდე, რომელსაც ბერჟე ვერ მოესწრო, განაცხადა: „ჩვენ ცხოვრებაში არაჩვეულებრივი მოგზაურობა გვქონდა, რომელიც არ ვიცოდით როგორ დასრულდებოდა, მაგრამ მისი ყოველი წუთით ვტკბებოდით.“