ლომბარდიის დედაქალაქში ჯორჯო არმანის შოუები 2020 წლის სექტემბრისთვის უკვე დაიგეგმა. ეს სიახლე განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია ნელ-ნელა გამოცოცხლებას იწყებს. არმანი ის წინდახედული დიზაინერი აღმოჩნდა, რომელმაც უკანასკნელი შოუ ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა, მაშინ, როცა სხვა ბრენდებმა პანდემიის სავალალო ფონი ბოლომდე ვერ გაიაზრეს და ჩვენებები ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს. გამოჩენილი იტალიელი დიზაინერი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემია საზოგადოების აზროვნებას დიდწილად შეცვლის. ის მოიაზრებს მოსალოდნელ ცვლილებებს არა მხოლოდ მოდაში, არამედ ბევრ სხვა სფეროშიც. „სანამ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, შეცდომებზე უნდა დავფიქრდეთ და უკეთესი მომავლის შენებას შევუდგეთ“, - გვარიგებს 85 წლის ჯორჯო.
40 წლის ასაკს ახალი დასაწყისი უწოდეთ − გათვითცნობიერების მომენტი. როგორ აღწერთ 80 წელს?
ჩემი 80-იანები ინტენსიური სიცოცხლის პერიოდია. ბიზნესისადმი თავის სრულად მიძღვნა, რაც საბოლოოდ ცხოვრების სტილად იქცა. ეს არის დრო, როცა როგორც იქნა ვცდილობ ბალანსი დასვენებით ვიპოვო. თუმცა, სამუშაო ისევ პირველ ადგილზე დგას. სიყვარულს, პირად ცხოვრებას და საკუთარი თავისთვის გამოყოფილ დროს, მთელი ცხოვრების განმავლობაში სამსახურს ვწირავდი. მაგრამ, ამავდროულად, შევქმენი იმპერია, რომელიც ბევრი ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი. ყველა ჩემს თანამშრომელზე ვზრუნავ. ასევე, რაც უფრო ასაკოვანი ვხდები, მით უფრო ვნანობ იმ რაღაცებს, რაც არ გავაკეთე; ადგილებს, სადაც არ ვყოფილვარ; სიყვარულს, რომელიც არ დავიცავი... მაგრამ ამ განცდებს ისევ მუშაობით ვახშობ. ესაა განვითარების დაუსრულებელი გზა.
ფიქრობთ, რომ ოდესმე კმაყოფილებას იგრძნობთ?
ვფიქრობ, შევწყვეტ მუშაობას მაშინ, როცა საბოლოოდ კმაყოფილი ვიქნები. უახლოეს მომავალში, არა მგონია. მოთხოვნილება, ვაკეთო უკეთ, წინსვლაში მეხმარება. ასევე, ვცდილობ სიმშვიდეს მივმართო, რომ თვითკმაყოფილი ან პრეტენზიული არ გავხდე. იმისთვის, რათა იყო დისციპლინირებული, საკუთარი თავის მიმართ მტკიცე და მომთხოვნი უნდა გახდე. როცა ახალგაზრდა დიზაინერი ვიყავი, კრეატიული დირექტორობა მაბედნიერებდა, მაგრამ ჩემი ბიზნესპარტნიორის, სერხიო გალეოტის უეცარი დაკარგვის გამო, მომიწია ანტერპრენერიც გავმხდარიყავი. ეს რთული ცვლილება იყო, მაგრამ ბევრი შრომით გადავლახე.
თქვენი გუნდის მიმართაც ასეთივე მკაცრი და მომთხოვნი ხართ, როგორც საკუთარი თავის მიმართ?
შეიძლება ითქვას, რომ დიახ. როცა ისეთივე მომთხოვნი ხარ მათ მიმართ, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ეს ეფექტური გზაა, რათა ყველამ თავისი საუკეთესო მხარე აჩვენოს. მე ავტორი გახლავართ და ჩემს სახელთან ასოცირდება ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. აქტიურად ვარ ჩართული ბიზნესის ყველა ასპექტში, არა მხოლოდ სახელის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ინტუიციისა და ხედვების ნაყოფია და მჯერა იმის, რასაც ვქმნი.
ეს ხედვები და ინტუიცია ყოველთვის თქვენი ცხოვრების ნაწილი იყო?
მახსოვს, დედაჩემის ჟაკეტები, როცა ბავშვი ვიყავი. ის არასდროს იცვამდა თოჯინასავით, არც ზედმეტს აკეთებდა და არც ნაკლებს. ჟაკეტს ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ის ელეგანტურად ატარებდა მათ და არსს სძენდა. ჩემს პირად განზრახვას სილამაზის სიყვარულით შთაგონებული შემოქმედება წარმოადგენდა. ვუყურებ ნივთებს და ვცდილობ ისინი უკეთესი, უფრო ელეგანტური და სასარგებლო გავხადო. ეს პროცესი მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით ხასიათდება.
სიმშვიდე ამ პროცესში გადამწყვეტია?
სიმშვიდე სათნოებაა, რომელსაც ვაფასებ. ადამიანებს ყველაფერი იმ წუთას უნდათ, რათა დაივიწყონ ისინი მაშინვე, როგორც კი მიიღებენ. სიმშვიდე ნიშნავს ძალისხმევას, ფოკუსირებას, ხედვას და გამძლეობას. ეს ერთ-ერთი კარია ბედნიერებისა და წარმატების მოსაპოვებლად. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
შეუძლია თქვენნაირ ადამიანს, რომელსაც ასეთი დაკავებული ცხოვრება აქვს, სიმშვიდის ფუფუნება ჰქონდეს?
ეს ძალიან რთულია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მშვიდი ვიყო. სწორი დროის შერჩევა რაღაცების გასაკეთებლად ერთადერთი გზაა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. იდეა, რომ საქმე სწრაფად უნდა გაკეთდეს, მცდარია. რაც უფრო იზრდები, მით მეტად სწავლობ, რომ ნამდვილი პროგრესისთვის დროის დათმობა მნიშვნელოვანია. ამ გლობალური კრიზისის გამო, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი დროით დავშორდი საქმეს. ეს იყო შესაძლებლობა, შევნელებულიყავი და ყველაფერი შემეცვალა, უფრო აზრიანი პეიზაჟი გამომეძერწა.
მილანის მოდის კვირეულზე, თებერვლის ბოლოს, თქვენ შოუ ონლაინ აჩვენეთ და არა ხალხის თანდასწრებით. გაოცდით, რომ არცერთმა ფრანგმა დიზაინერმა არ მიბაძა თქვენს მაგალითს?
გარკვეულწილად, კი. მაგრამ მე არავის დადანაშაულება არ შემიძლია. პანდემია უხილავმა მტერმა გამოიწვია. ადვილია უარყო ყველაფერი და იფიქრო − „ეს ჩვენ არ შეგვემთხვევა“. ჩემი აზრით, მთელი მოდის კვირეული უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ამას ზიანი მოყვებოდა... რა თქმა უნდა, მიმდინარე მოდის კლიმატი აღარ წარმოადგენდა საჭიროებას, რადგანაც შინ ვრჩებოდით, მაგრამ ინდუსტრიას წარმოების შეცვლით დახმარება ნამდვილად შეუძლია.
მაგალითად, თქვენ შეაჩერეთ წარმოება იმისთვის, რომ სამედიცინო სპეცტანსაცმელი შეგექმნათ...
კარანტინმა ქარხნებზეც იმოქმედა და ვიფიქრე, ეს ჩემი პასუხისმგებლობა იყო, მეწარმოებინა სამედიცინო პროდუქცია მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. კრიზისი თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს წვლილის გაღებას. ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ, რადგანაც საზოგადოების ნაწილი ვართ. გავიმარჯვებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავერთიანდებით.
თქვენი აზრით, ტრენდები მომავალში ნაკლებად პოპულარული იქნება?
სავარაუდოდ. სილამაზე და ხარისხი აქტუალობას დაიბრუნებს. მოდამ ადამიანების საჭიროებებს უნდა უპასუხოს, ცხოვრება უფრო მარტივი და ლამაზი გახადოს. მე არ მომწონს სულელური ტრენდების ბრმა მიმღებლობა, რაღაცების გამეორება სულიერების გარეშე. მე ჟინიანობა მომწონს. ჩემმა იდეებმა მოდის სამყაროში უზარმაზარი ცვლილებები მოიტანა − ამის თქმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. ჩემი ნამუშევრების ასლებს ყველგან ვხედავ და ესაა უდიდესი სიამაყის მიზეზი, რადგანაც ადამიანების ცხოვრებას შევეხე. ამიტომაც, ვაგრძელებ ჩემს საქმეს და არ ვჩერდები.