1890 წელს მას შემდეგ, რაც პირველად შეიქმნა პირბადე, ალბათ ასეთი პოპულარული, როგორიც ის ახლაა, არასდროს ყოფილა. პირბადე ნამდვილად გახდა 2020 წლის სიმბოლო. ამ აქსესუარის უპირველესი დანიშნულება, რა თქმა უნდა, თავდაცვა გახლავთ. იგი გვიფარავს პირსა და ცხვირს, და ბაქტერიებს ჩვენამდე არ უშვებს. თუმცა, გარდა ამისა, პირბადეებს მოდური ფუნქციაც დაემატა. მათთვის, ვინც პანდემიის დროს მაინც ცდილობს არ დაკარგოს ინდივიდუალიზმი და ამ რთულ ვითარებაშიც შეინარჩუნოს საკუთარი იმიჯი, სხვადასხვა ბრენდმა გამორჩეული დიზაინის პირბადეები შექმნა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოდის ინდუსტრიისა და პირბადეების მეგობრობა 2020 წელს არ დაწყებულა. მაგალითისთვის, 2014 წელს ჩინეთის მოდის კვირეულზე, დიზაინერმა Masha Ma-მ, სვაროვსკის თვლებით გაფორმებული პირბადეები წარმოადგინა 2015 წლის გაზაფხულის კოლექციისთვის. მაშინ დიზაინერის პირბადეებს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ორიგინალური პირბადეები ვიხილეთ ისეთი ბრენდების კოლექციებში, როგორებიც გახლავთ: Off-White, Palm Angels, Bathing Apes, Fendi. გასული წლის თებერვალში პარიზის მოდის კვირეულზე, ბრენდმა Marine Serre, 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის საკუთარი კოლექცია წარმოადგინა, სადაც სამოსთან იდეალურად შეხამებული პირბადეები და სახის ნიღბები შემოგვთავაზა. 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართა ბრენდ The Blonds-ის ჩვენება, სადაც დიზაინერმა 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარმოადგინა და აქაც მთავარი აქსესუარი სწორედ პირბადე გახლდათ. ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ბრენდ Blancore-ის მიერ შექმნილი ძალიან ნაზი და ქალური ტიულის პირბადეებიც ვიხილეთ, რომელიც დიზაინერმა ასევე 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის შემოგვთავაზა. იანვრის თვეში მომღერალი ბილი აილიშიც მოგვევლინა Gucci-ს ტიულის პირბადით, რომელიც „გრემის“ დაჯილდოებაზე მოირგო. ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ პირბადით სახის დაფარვა იყო სიმბოლო იმისა, რომ საკუთარი სხეული მას მხოლოდ თვალების გამო ეკუთვნის.
ვირუსის გავრცელებასთან ერთად, კიდევ უფრო ბევრმა დიზაინერმა გადაწყვიტა მოდური პირბადის შექმნა. ზოგიერთმა მათგანმა კი საზოგადოებისგან კრიტიკაც დაიმსახურა, ვინაიდან მათი პირბადეების ფასი საკმაოდ ძვირი გახლავთ. ხალხის აზრით, ვირუსის ხარჯზე გამდიდრება ძალიან ეგოისტური საქციელია. ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც განხილვის საგანი გახდა, გახლავთ ტალა ალამუდინი − ამალ ქლუნის და. მან პირბადეების საკუთარი ხაზი გამოუშვა, რომელთა ფასი 120-150 დოლარამდე მერყეობს. ზემოთ ხსენებული Marine Serre-ს პირბადეების ფასი კი სულაც 300 დოლარი გახლავთ.
დღესდღეობით, სოციალური ქსელებიც მთლიანად მოიცვა სელებრითების ფოტოებმა სხვადასხვანაირი პირბადით. ვარსკვლავები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ თავი დაიცვან და შინიდან გასვლის ნებისმიერ დროს მოირგონ სახეზე პირბადე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ლამაზი დიზაინი ვერ დაგვიცავს ვირუსისაგან და აუცილებელია პირბადე აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭიროა საფუძვლიანი დაცვისათვის.
ხოლო მაშინ, სანამ ჯერ კიდევ დაშვებული იყო მასობრივი თავყრილობები და მოდის კვირეულებიც ჩვეულებრივად ტარდებოდა, ქუჩები სავსე იყო სხვადასხვა ორიგინალური პირბადითა და სამოსთან მათი საინტერესო შეხამებებით. გთავაზობთ ქუჩის სტილს მოდის ბოლო კვირეულებიდან და მოდის მოყვარულთა ორიგინალურ გადაწყვეტილებებს.