კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, რომელმაც ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. როგორი იქნება მოდის ინდუსტრია, როდესაც პანდემიის მეორე მხარეს მივაღწევთ? გახდება თუ არა კონკრეტული დრო გარდამტეხი წერტილი შეცვალოს, როგორც მწარმოებელი, ასევე მომხმარებელი? მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია, არსებული ვითარება სამომხმარებლო სენტიმენტზე, ბრენდინგზე, საცალო ვაჭრობასა და სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას.
მოდა “დაუცველი” ბიზნესია, რადგან ის ძირითადად დისკრეციულ ხარჯებს ეყრდნობა. ექსპერტები ვერ თანხმდებიან როგორ შეცვლის პანდემია ინდუსტრიის სხვადასხვა ასპექტებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, მასშტაბური ძვრები და ტრანსფორმაცია პოსტკორონავირუსულ სამყაროში გარდაუვალია. უფრო მეტიც, პანდემიამ შესაძლოა დიზაინერები აიძულოს, ეჭვქვეშ დააყენონ საკითხი, მართლა სჭირდებათ თუ არა მოდის ჩვენებების მოწყობა საკუთარი პროდუქციის გასაყიდად.
კრიზისმა გლობალური ეკონომიკა რეცესიამდე მიიყვანა. პანდემია ხელს უშლის დიზაინერებს, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკურ კონტაქტს, რასაც “ვირტუალური მოდისკენ” მივყავართ. ბრენდები უკვე ეძებენ რადიკალურ გზებს საკუთარ კულტურაში “ციფრული აზროვნების” დასანერგად.
სერვისის სიუხვე გახდება მთავარი საზომი. ადამიანები უპირატესობას მომხმარებელზე მორგებულ ბრენდებს მიანიჭებენ. საზოგადოება მოდის ინდუსტრიის ესკაპიზმიდან გამჭრიახობას, კრეატიულობასა და განვითარებულ წარმოსახვას ელოდება. ეს არის შესაძლებლობა, განისაზღვროს ბიზნეს მოდელები და შეიქმნას უფრო მდგრადი, პროგრესული მომავალი მოდის ინდუსტრიისთვის. მოდის კომპანიები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები იყვნენ კორონავირუსის გაჩენამდე, სავარაუდოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელებენ მუშაობას, ხოლო პატარა კომპანიები, რომლებიც მანამდეც იბრძოდნენ ინდუსტრიაში ადგილის დასამკვიდრებლად “ფეხზე წამოდგომა” ნამდვილად გაუჭირდებათ.
როგორც იცით, რესორთ იგივე კრუიზ სეზონი მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია. პირველი ღონისძიებები, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო გაუქმდა, ჩინეთში ან მის მახლობელ ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი. მათ შორის იყო Chanel-ის Beijing კრუიზ შოუ და შანხაის მოდის კვირეული, რომელიც წესით 26 მარტს უნდა დაწყებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ კრუიზ ჩვენებები ნაკლებად არის ტრადიციულ სეზონურ შოუებთან შედარებით დირექციონალური, ისინი მოდის სახლების მთავარ მამოძრავებელ ძალას, ეგრეთწოდებულ “მაშენებლებს” წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი რესურსი ბრენდებისთვის გააცოცხლონ სეზონებს შორის არსებული მარაგი. ეს არის შოუ, კომერციული კოლექციის ერთობლიობა, რომელიც გაზაფხულზე ტარდება და თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოცემების რედაქტორებს, ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს და რაც ყველაზე მთავარია გავლენიან მომხმარებლებს. კრუიზ შოუების და მოდის კვირეულების შემდგომ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით საკუთარი შოუ გააუქმა, იყო ჯორჯო არმანი, 45 წლის დიზაინერმა ჩვენება მაყურებლის გარეშე ცარიელ დარბაზში მოაწყო.
საინტერესოა მოდის ბლოგერისა და ჟურნალისტის ივანე ქეშიკაშვილის შეფასება ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
“კორონავირუსი მართლაც თავდაყირა დააყენებს მოდის ბიზნესს. უეცრად უამრავი რისკის გათვლა და წინასწარი გამოკვლევა ხდება საჭირო. სიმართლე გითხრათ, რთული იქნება ფინანსური თვალსაზრისით ბრენდების გადარჩენა. გაუქმდა მოდის კვირეულები, შეჩერდა საწარმოო პროცესები, ბრენდები მაისის და ივნისის თვეში ვერ შეძლებენ კოლექციების განახლებას და ბაიერებისთვის დახურული პრეზენტაციების გამართვას. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო Camera Nazionale Della Moda Italiana-მ, რომ მამაკაცის და ქალის მოდის კვირეულები გაერთიანებულად გამოაცხადა სექტემბრის თვეში. მაგრამ არსებობს მეორე საშიშროება, რამდენად მოასწრებენ ბრენდები კოლექციების შექმნას და მათ ფინანსურად უზრუნველყოფას. კოვიდ-19 გახდება მოდის ბიზნესის ერთ-ერთი ფილტრი, რომელიც მცირე ბრენდებს და დიზაინერებს გაანადგურებს. ჩემი აზრით, გაძვირდება ნებისმიერი ბრენდის პროდუქცია, მომხმარებლების შოპინგ გამოცდილება შეიცვლება და დარჩება ორი მასიური ფენა, რომლებიც გახდებიან იაფფასიანი და ლაქშერი ბრენდების მომხმარებლები.”
ჯანმრთელობის კრიზისზე რეაგირების შედეგად საფონდო ბირჟამ მკვეთრი ვარდნა განიცადა, რაც გავლენას ახდენს სამომხმარებლო ინდუსტრიაზე. ვირუსი განხილვის საერთაშორისო თემა გახდა. კოვიდ-19-მა გავლენა შემოსავლებზეც მოახდინა. “რალფ ლორენში” გაყიდვები 55-დან 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა. Capri Holdings-მა კი, რომელიც “ვერსაჩეს”, “მაიკლ კორსის” და “ჯიმი ჩუს” ფლობს, CNBC-ის მიხედვით 100 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.
საყურადღებოა “მომარაგების ჯაჭვი”, ეგრეთწოდებული Supply Chain. კომპანიები, რომლებიც ჩინეთის წარმოებაზე არიან დამოკიდებული, დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან. ჩინეთი ხომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მოდაში ყველაზე მსხვილი მამოძრავებელია. ისინი შესყიდვების დაახლოებით 1/3 ნაწილს შეადგენენ, ეს მაჩვენებელი კი ფუფუნების მოხმარების წლიური ზრდის 70%-ზე მეტია.
საინტერესოა სილამაზის ექსპერტის დალი ჩიტალაძის მოსაზრება არსებულ ვითარებასთან და მოდის ინდუსტრიაში მოსალოდნელ სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით.
“კორონავირუსმა მთელს მსოფლიოს მიაყენა დიდი დარტყმა, ისევე, როგორც მოდას. ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები უკვე შექმნილია, თუმცა მცირდება მისი რეალიზაცია. ბრენდების შემდეგი კოლექციები კი სავარაუდოდ იქნება მინიმალისტური, ჩემი აზრით, საზოგადოება დანაზოგს პირველადი მოხმარების პროდუქტებში დახარჯავს. ფუფუნების საგნებს კი მაღალი ფასების გამო თითქმის აღარავინ იყიდის.”
მრავალი ბიზნესისთვის მომავალი ბნელი რჩება. ფუფუნების სექტორმა კოვიდ-19-ის ფონზე მილიარდობით დოლარი დაკარგა. საზოგადოება ორიენტირებული გახდება ჯანმრთელობაზე, მათ ნაკლებათ შეეძლებათ ფუფუნების საგნების შეძენა. მას შემდეგ, რაც გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ნაკლებად მნიშნელოვანი და არასასურველი მუშაკების სახლში დარჩენა ბრძანა, ნიუ-იორკის ათეულობით ერთ დროს გლამურული მაღაზია ახლა უკვე უკაცრიელ ადგილად იქცა.
მოდისა თუ სილამაზის უამრავმა კომპანიამ, რომელთაც შეწყვიტეს წარმოება, საკუთარი რესურსით მზად არიან კორონავირუსთან საბრძოლველად. იანვარში, დაავადების გავრცელების ადრეულ ეტაპზე, LVMH-მა მსოფლიოს ყველაზე დიდმა კონგლომერატმა Red Cross Society of China-ს 2.2 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამ დროს პარფიუმერიის ქარხნები ხელის ანტიბაქტერიული ხსნარების კომპანიად იქცა. ამერიკულმა Lifestyle ბრენდმა, რალფ ლორენმა 10 მილიონი დოლარი ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა ფონდებსა და ორგანიზაციებს გადაურიცხა. მოკლედ, რომ ვთქვათ მოდის ინდუსტრიამ კოლექტიურად მოახდინა რეაგირება. Moncler-მა 10 მილიონი დოლარი გადარიცხა მილანში ახალი საავადმყოფოების ასაშენებლად, ჯორჯო არმანიმ 1.4, ხოლო “ვერსაჩეს”, “მაიკლ კორსისა” და “ჯიმი ჩუს” მფლობელმა Capri Holdings-მა კორონავირუსთან საბრძოლველად 3 მილიონი დოლარი გამოყო.
*მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ჯორჯო არმანიმ 2020-2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მაყურებლის გარეშე, ცარიელ თეატრში მოაწყო.
როგორც უკვე აღვნიშნე, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, რომელმაც ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა. კრიზისი კი შესანიშნავი დროა, ვიფიქროთ “გადატვირთვაზე”, რადგან არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის მეორე მხარეს. ამ ყველაფრის შესახებ კი პროგნოზის იზოლაციაში გაკეთება თითქმის შეუძლებელია... ერთადერთი, რაც განსაზღვრულია, ეს არის გარდაუვალი ცვლილება, რომელიც არამხოლოდ მოდის ინდუსტრიას, არამედ მთელს მსოფლიოს ემუქრება.