ფოტოგრაფებისა და მოდის ბრენდების კოლაბორაციებს შორის, რიჩარდ ავედონის და ჯიანი ვერსაჩეს ურთიერთობა პიონერულია. 1993 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიას ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა: „ეს ფოტოსესია გუშინდელი დღესავით მახსოვს“ - აცხადებს ნაომი კემპბელი - „ ვიცი რომ დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ იმ მომენტშიც კი ხვდებოდი, რომ რაღაც უნიკალური იქმნებოდა.“
ავედონს, ერთგულ ნიუ-იორკელს საოცარი ხედვით და კაშკაშა იტალიელ დიზაინერს უშრეტი ენერგია ახასიათებდათ, სწორედ სილამაზისადმი საერთო ვნებების გამო მათი კავშირი ყოველთვის ბრწყინვალე შედეგს იძლეოდა. ორივე მათგანს თავისუფლებისკენ სწრაფვა და მომენტით ტკბობა ამოძრავებდა. მათ შეეძლოთ განსაკუთრებული სამყარო შეექმნათ.
„გასახდელში გვესტუმრებოდა და თითოეულ მათგანს პერსონალურად გვკითხავდა როგორ ვგრძნობდით თავს. შემდეგ სასაცილო ისტორიას მოგვიყვებოდა წარსულიდან რათა გადაღებებამდე თავი კომფორტულად გვერგრძნო“ - იხსენებენ სუპერმოდელები გენიოსი ფოტოგრაფის შესახებ.
სითბო და იმის ცოდნა, როგორ გაეხადათ ქალი თავდაჯერებული, ვერსაჩეს და ავედონს ერთნაირად ახასიათებდათ. რიჩარდის მიერ ბრენდისთვის შექმნილი სერიები ბრენდის სულს აღვიძებს. მას შეეძლო ისე გაეყიდა ცხოვრების სტილი და სულიერება, რომ ტანისამოსი არც კი ეჩვენებინა. მოდის ინდუსტრიაში ბევრია დარწმუნებული, რომ მხოლოდ ავედონს შეეძლო ეს.
საყოველთაოდ გამოცხადებულ კარანტინსა და გლობალურ თვითიზოლაციაში „ვერსაჩემ“ გადაწყვიტა საზოგადოებისთვის მხარი სწორედ რიჩარდის მათთვის შექმნილი არქივებით დაეჭირა: „გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც ამ რთულ პერიოდში სახლში რჩება. ჩვენი ბრენდისთვის სახლი ყოველთვის დიდი ნუგეშის და ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა. ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიურ მომენტებს წარმოგიდგენთ და გაგიუმჯობესებთ განწყობას დისტანცირების დროს.“
„სახლში ვერსაჩესთან ერთად“ ლეგენდარული ბრენდის ერთგვარ სლოგანად იქცა და მის ქვეშ 90-იანი წლების საუკეთესო ფოტოები ერთიანდება - გადაღებული „ვერსაჩესთვის“ რიჩარდ ავედონის მიერ.