მოდის სფეროში გავლენის (ინფლუესინგის) მქონე ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელში, ქმნის კონტენტს და გავლენას ახდენს სხვის აზრზე. მათთან პარტნიორობენ და მხარს უჭერენ სხვადასხვა ბრენდები, კვების ობიექტები, ტექნიკის მაღაზიები თუ ტურისტული კომპანიები, რომლებსაც საკუთარი პროდუქტის საზოგადოებამდე მიტანა და ცნობადობის გაზრდა სურთ.
დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს პროფესია − ინფლუენსინგი, ანუ გავლენიანი, ცნობადი ადამიანების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მიმდევრებისთვის გაზიარება. უფრო კონკრეტულად კი, ინფლუენსერები არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ან თავისი საქმიანობით გახდნენ ცნობილები და სანდოები, ან სპეციალური კონტენტი შექმნეს სოციალურ ქსელებში და მოიპოვეს გავლენა თუ პოპულარობა. მათ ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია და შეუძლიათ ბრენდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა, რაც ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვით მთავრდება.
თუ აქამდე გავლენა ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ნაწილდებოდა, დღეს ახალი მედია და სოციალური ქსელები ქმნიან საინფორმაციო ამინდს. დღესდღეობით, მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული სოციალურ ქსელ Facebook-ში, ხოლო Instagram-ს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის ერთ სივრცეში გაერთიანება მნიშვნელოვნად იპყრობს მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტთა ყურადღებას.
უკვე ბოლო რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა კომპანია თუ ბრენდი ადამიანებზე გავლენის მოსახდენად თითქმის აღარ იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციულ საშუალებებს თუ მეთოდებს. ეს ცვლილებები განაპირობა ციფრული სამყაროს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის შექმნამ და განვითარებამ. შეიცვალა სამყარო, მასთან ერთად − კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები. შესაბამისად, შეიცვალნენ ადამიანები, მათი შეხედულებები, განწყობა, და რაც ყველაზე მთავარია, მათი ნდობის ხარისხი.
ახალ სამყაროში ძველი მეთოდებით ბრენდები ვეღარ იღებენ სასურველ შედეგს, სწორედ ამიტომ, ბრენდებისთვის, მარკეტერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი გახდა პირდაპირ ინფლუენსერებთან მუშაობა. სწორედ მათი სოციალური ქსელების მეშვეობით ვიგებთ, რა არის სეზონის ყველაზე ტრენდული სამოსი და რომელი ფერები შევუხამოთ ერთმანეთს, რომელი მაღაზიები და ბუტიკები გვთავაზობენ ყველაზე მოდურ სამოსს და რა აცვიათ ჩვენთვის ყველაზე მისაბაძ და გემოვნებიან ადამიანებს.
დღესდღეობით, ყველას შეუძლია გახდეს ინფლუენსერი, ბლოგერი, ვლოგერი. განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი და საკუთარი თავის წარმოჩენა ძალიან პოპულარული და ხშირ შემთხვევაში, ონლაინსაზოგადოებაში მისაღები გახდა, რაც ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. ინფლუენსერების ძირითადი გამოწვევაა დამატებითი ღირებულების შექმნა კარიერისთვის; ცნობადობისა და იმიჯის შექმნა, რომელიც გენერირდება შემოსავლებში ან უბრალოდ, გართობასა და ჰობიში.