ქართული საიუველირო კომპანია „ცვარა“, თავისი ავთენტური და ანტიკური საიუველირო ტექნოლოგიებით გაჯერებული სამკაულის ვერცხლის ხაზით საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. პირველ წლებში კომპანიამ თავისი სამკაულის ფოკუსირება მოახდინა ტურისტულად აქტიურ წერტილებში განთავსებულ სხვადასხვა არტგალერეაში, სადაც სამკაულის მომხმარებლის 99% ტურისტული სეგმენტი იყო. 2019 წლიდან, კომპანიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართველ მომხმარებლებში თავისი გამორჩეული სამკაულის პოპულარიზაციისთვის, რაც უმთავრესად ინსპირირებულია იმ იდეით, რომ საქართველოში წარმოებული ხარისხი და ესთეტიკური ღირებულებები ხელმისაწვდომი გახდეს უპირველესად საქართველოს მოსახლეობისთვის. OK! FASHION BOOK კომპანია „ცვარას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მეგი ჩიხრაძეს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?
კომპანია „ცვარას“ დაარსების იდეა, უპირველესად, იმ საიუველირო ტრადიციებთან არის კავშირში, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პერიოდში შექმნილი, უნიკალური სამკაულის ნიმუშებში შთამბეჭდავად გამოვლინდა ადამიანის ბუნების შემოქმედებითი უნარები. სამკაულის გამშვენების „ცვარას ხერხის“ თანამედროვე საუკუნეში გადმოტანისა და მისი თანმდევი რთული საიუველირო პროცესების კომპანიად ჩამოყალიბების ფაქტი კი, მეცნიერის, მხატვრისა და იუველირის − ვაჟა ქუთათელაძის 40-წლიანი ღვაწლის შედეგია. ბატონმა ვაჟამ დაუღალავი სამეცნიერო კვლევებისა და ყოველდღიური ცდების შედეგად, შეძლო თანამედროვეობაში დაენერგა ის საიუველირო ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მეფეთა და დიდებულთათვის შექმნილ სამკაულში გამოიყენებოდა.
იმ პერიოდში, როდესაც „ცვარას“ ხერხით სამკაულის გამშვენების ტექნიკა ბატონი ვაჟა ქუთათელაძის სახელოსნოში ყოველდღიური ექსპერიმენტების შედეგად იძენდა თანამედროვეობისათვის ხელშესახებ ფორმას, მისი დამზადება ხდებოდა მხოლოდ ოქროში და ბუნებრივია, მაღალი ფასის გამო, მასობრივად ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობის ფონზე. ხოლო მიზანი, რომელიც ემსახურებოდა უძველესი საიუველირო ტექნიკის თანამედროვეობაში პოპულარიზაციას, ვერასოდეს განხორციელდებოდა, თუკი სამკაულს არ მოირგებდნენ თანამედროვე ადამიანთა სხვადასხვა თაობა და განსხვავებული სოციალური ფენები, რომელთაც თანაბრად უნდა ეგრძნოთ, რომ ატარებდნენ არა უბრალოდ მშვენიერ სამკაულს, არამედ საუკუნეებგამოვლილ კულტურულ მონაპოვარს.
სწორედ ამ მიზანმა წარმოშვა სრულიად ახალ ფაზაზე გადასვლის იდეა − „ცვარა ვერცხლში“, და ახლა უკვე ბატონ ვაჟა ქუთათელაძის შვილები − დავით და ლევან ქუთათელაძეები, ასევე მხატვრები და ტექნოლოგები, გახდნენ ამ იდეის რეალური შემოქმედები. ძმების ჩართულობითა და ტექნოლოგიური მიგნებებით, კომპანია „ცვარას“ სამკაული ახლა უკვე გათვლილია ნებისმიერი სოციალური მგრძნობელობის მქონე ფენაზე.
სწორედ ვერცხლში წარმოებული „ცვარას“ ტექნიკის მიღება გახდა კომპანიის შექმნის ინდიკატორი და დამფუძნებლებადაც ძმები − დავით და ლევან ქუთათელაძეები გვევლინებიან.
რატომ „ცვარა“?
„ცვარა“ − ლათინურად „გრანულაცია“ (Granulation - Latin ), ქართულად „მოგავარსება“, „დაცვარვა“. ქართულ ენაში „ცვარას“ გარდა, მოიხსენიებენ, როგორც „გავარსი“. ხოლო თუ რატომ დაერქვა „ცვარა“, ეს ქართველი ადამიანის პოეტურ ბუნებას უნდა დავუკავშიროთ: სამკაული, რომელზეც დაფენილი იყო მცირე ზომის ბურთულები, დილის ცვარის/ნამის ასოციაციას იწვევდა და სწორედ ეს მხატვრული შედარება გახდა ამ საიუველირო ტექნიკის ყველაზე შესატყვისი სახელი. კომპანია, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა ფოკუსირებულია თავის სამკაულში „ცვარნამის“ ტექნიკის გამოყენებაზე, რაც მოიაზრებს ძვირფასი ლითონის უწვრილესი ბურთულებით შექმნილ ფორმას, დიზაინს, მოხაზულობას. მთავარი მოთხოვნა კი ისაა, რომ სათითაოდ დამზადებული წვრილი ოქროს/ვერცხლის ბურთულები ასევე სათითაოდ ხელით და არა მანქანურად, უნდა მიერჩილოს (შედუღდეს) ერთმანეთს ისე, რომ ამ ბურთულებს შორის აუცილებლად გადიოდეს ჰაერი. ამ ურთულეს საიუველირო ტექნოლოგიას სამკაულის მწარმოებელი არაერთი ავტორიტეტული ბრენდი არიდებს თავს, ან თუ იყენებს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში.
რა სახის მასალას იყენებს კომპანია სამკაულის დამზადებისას?
ცვარნამის ტექნიკის გარდა, სამკაულში გამოყენებულია სხვა მაღალი საიუველირო ღირეულებების მქონე ტექნოლოგიებიც: ფილიგრანი, ტიხრული მინანქარი, ვიტრაჟული მინანქარი, სევადა; სამკაული ასევე გამშვენებულია სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვებითა და კრისტალებით.
კომპანიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს ოქსიდირებული ვერცხლის ხაზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ტრენდული მიმართულებაა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგია „ცვარას“ სამკაულში კომპლექსურად გამოიყენება, თანაც ისე, რომ არ იკარგება არცერთი მათგანის ინდივიდუალური ხიბლი და ამავე დროს, იდეალურად ავსებენ ერთმანეთს კომპოზიციური კუთხით. სწორედ ეს ხდის კომპანია „ცვარას“ სამკაულს ამდენად გამორჩეულსა და უნიკალურს, რომ მასში თავმოყრილია მთელი ჩვენი საიუველირო ტრადიციების მიღწევები. ეს ერთობლიობა იმდენად უნიკალურია, რომ კომპანია „ცვარას“ სამკაულს თავისი ტექნოლოგიური კომპლექსურობით, ანალოგი არ გააჩნია არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
ამ ეტაპზე რას სთავაზობს „ცვარა“ მომხმარებელს?
სერიული წარმოების ხაზი მოიცავს ძირითადად ვერცხლის კოლექციას და პირდაპირ გათვლილია როგორც საშუალო ეკონომიკური, ასევე საშუალოზე მაღალი სოციალური ფენებისათვის. „ცვარას“ მიერ მომხმარებლისათვის ვერცხლის სამკაულზე შეთავაზებული ფასები მერყეობს 50-დან 1500 ლარამდე. ამ ფასებში მომხმარებელმა თავისუფლად შეიძლება შეარჩიოს შთამბეჭდავი, ორიგინალური, მდიდრული, ხარისხიანი და ნამდვილი ქართული პროდუქტი, რომელსაც მოიხმარს თავდაჯერებულად და კიდევ უფრო თავდაჯერებულად დაასაჩუქრებს სასურველ ადამიანს. „ცვარას“ სამკაული არ არის მხოლოდ ძვირფასი ლითონი ლამაზ დიზაინში, არამედ მასში თავმოყრილია საუკუნეების განმავლობაში შეგროვებული ქართული საიუველირო ტექნოლოგიური ცოდნა და ისტორიული ღირებულებები.
სად შეგვიძლია სამკაულების შეძენა?
ამ ეტაპზე არსებული მოცემულობით, ქართული წარმოების მაღალი ხარისხის საიუველირო ნაკეთობები, ინდივიდუალური მოდელებისა და კოლექციების ჩათვლით, ფიზიკურად წარმოდგენილია „ცვარას“ პერსონალურ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს რიყის პარკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, სამკაული ხელმისაწვდომია „ცვარას“ ვებგვერდსა და ონლაინშოპზეც: Tsvara.ge. ასევე, „ცვარას“ სამკაულს შეხვდებით სხვადასხვა ქართული ონლაინმაღაზიის პლატფორმებზეც.
სამომავლო გეგმები.
უახლოეს მომავალში სამკაულის კიდევ უფრო მეტი და ეტაპობრივი პოპულარიზაციისათვის, კომპანია გეგმავს დოზირებულად აითვისოს ადგილობრივ ბაზარზე არსებული რესურსები – იქნება ეს რეკლამირების, ინფორმაციული გავრცელებადობის, სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალური მხარდაჭერისა თუ ახალ სავაჭრო წერტილებში შესვლის კუთხით. ასევე საგულისხმოა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე მეზობელი ქვეყნისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების დაინტერესებულ სეგმენტთან, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ თანამედროვე „ცვარა“− ქართული, ინდივიდუალური და ავთენტური სამკაული, შეძლებს თავის დამკვიდრებას სამკაულის საერთაშორისო და მრავალფეროვან ბაზარზე.