ბრიტანელი დიზაინერი, სამოქალაქო აქტივისტი და პანკური მოდის დედოფალი ვივიენ ვესტვუდი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მოდის ვეტერანი მუდამ ახერხებს მოდის სამყაროს გაოცებას. სწორედ მის სახელს უკავშირდება Punk სტილის დამკვიდრება. დიზაინერი, გარდა მოდის ინდუსტრიაში საქმიანობისა, სამოქალაქო აქტივისტიც არის და აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პანკი მოდაში დაამკვიდრა. პროვოკაციულობისა და ტრადიციისადმი პატივისცემის შერწყმა ვესტვუდის ხელწერაა, რომელიც თვალსაჩინოდ ჩანს მისი კოლექციის საკვანძო ნაწილებში: მაისურებზე პროვოკაციული, თავხედური წარწერებიდან დაწყებული, მდიდრული, ელეგანტური სამეჯლისო კაბებით დასრულებული.
მისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მხატვარ სტუდენტ მალკოლმ მაკლარენს უკავშირდება. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს მათ უარყვეს მოდური ჰიპური ეთოსი და შექმნეს სამოსი, რომელიც უკავშირდებოდა ახალგაზრდული კულტურის უახლეს წარსულს. ჩელსიში, ქინგს როუდის 430-ში, მათ გახსნეს თავიანთი პირველი მაღაზია. 1974 წელს მაღაზიამ შეიცვალა სახელი და შეიძინა სკანდალური რეპუტაციაც: ბუტიკს ეწოდა SEX. ვესტვუდი და მაკლარენი ქმნიდნენ ფეტიშისტურ სამოსს, რომელსაც ძირითადად არასტანდარტული სექსუალური გემოვნების ადამიანები და ახალგაზრდა პროტოპანკები იძენდნენ. 1976 წელს ბუტიკის კონცეფცია და სახელი კვლავ შიცვალა და დაერქვა Seditonaries: Clothes for Heroes. სამოსზე გამოსახული იყო პროვოკაციული გამოსახულებები, მათ შორის სვასტიკა, დედოფალი ინგლისური ქინძისთავით ტუჩზე, მაისურზე დაბეჭდილი შიშველი მკერდი და ა.შ.
ამის შემდეგ ვესტვუდი დაინტერესდა „მაღალი კულტურით“ და დამკვიდრებული ტენდენციების შესაცვლელად უფრო დახვეწილ ხერხებს მიმართა. ვესტვუდი და მაკლარენი 1981 წელს პოდიუმზე პირველად წარდგნენ კოლექციით – Pirate. ვესტვუდის ინტერესმა XVII-XVIII საუკუნის მხატვრობის სილუეტებისა და პორტრეტების მიმართ, ნაწილობრივ, საფუძველი ჩაუყარა „ახალი რომანტიკის“ ჩაცმულობის სტილს, რომელიც ძალიან გავლენიანი და პოპულარული გახდა ამ ჟანრის ცნობილი მუსიკოსების დამსახურებით.
მათი არაერთი საერთო კოლექციის შემდეგ, ვივიენმა კარიერა იტალიელ მოდურ პუბლიცისტ კარლო დამარიოსთან ერთად განაგრძო, რომელთან ერთადაც 1984 წელს შექმნა კოლექცია – Hypnos, რომელიც ტოკიოში, ხუთ საუკეთესო მოდურ დაჯილდოებაზე წარადგინეს. 1990 და 1991 წლებში მან ზედიზედ ორჯერ მიიღო ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერის წოდება „ბრიტანეთის მოდის საბჭოსგან“. ვესტვუდის იდეები ხშირად მასობრივ კულტურაში რეალიზდებოდა, რის შედეგადაც, მან სოლიდური თანხის მოპოვება შეძლო. 1992 წელს მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი. 1990-იან წლებში ვესტვუდი ერთდროულად გადასცემდა ცოდნას, ქმნიდა ახალ პროფესიულ ურთიერთობებს და თავის კოლექციებში გამოხატავდა ელეგანტურობის ახალ ფორმას, რითაც გმობდა თანამედროვე მოდაში არსებულ „ბინძურ დაუდევრობას“.
ვესტვუდი კონცენტრირდა ჩაცმულობის ცვლილებაზე ისტორიულ პერსპექტივაში ლა-მანშის სრუტის გასწვრივ. ის აერთიანებდა ინგლისურ სამკერვალო ტრადიციასა და მსუბუქ შარმს ფრანგული დიზაინის სოლიდურობასა და პროპორციულობასთან. 1993-1999 წლებში მან შექმნა წარსულის რამდენიმე შთამბეჭდავი რეინტერპრეტაცია. მათ შორის, შოტლანდიური კუბოკრული გამოსახულებები Anglomania-ში, ტურნურები Cafe Society-ში და მასიური ბეწვის კაბები Les Femmes ne connaissant pas toute leur coquetterie-ში. მსოფლიოს მთავარ მუზეუმებში არაერთხელ ჩატარებულა ვესტვუდის ნამუშევრების გამოფენები. გარდა იმისა, რომ აქტიურად ქმნის კოლექციებს, მუდმივად ჩართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში – გლობალური დათბობის, სამოქალაქო თავისუფლებისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე.
ვესტვუდმა შექმნა ძალიან პოპულარული ბრენდი, რომელსაც აქვს მაღაზიების ქსელი მთელ მსოფლიოში. ასევე, დამოუკიდებელი აქსესუარების, პარფიუმისა და მოდის ხაზი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვივიენ ვესტვუდი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში, აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებებს, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა კულტურაზე და ფილოსოფიაზე; მუდმივად ზრუნავს გარემოზე და ჩართულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. დიზაინერი არც ამ შემთხვევაში ჩამორჩენია მიმდინარე მოვლენებს − შექმნა „ვებსაიტი“ COVID-19-თან დაკავშირებით და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. მიუხედავად თავისი ასაკისა და უამრავი ახალი წარმატებული დიზაინერისა, ვესტვუდი არის ძალიან პროგრესული აზროვნების ადამიანი. ის აქტიურად განაგრძობს მოდის სფეროში ახალი ტენდენციების დანერგვას და მსოფლიოსთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას.