დიზაინერი მარიამ გვასალია უკვე წლებია არა მარტო ქართული, არამედ უცხოური პრესისა და მედიის ყურადღებას იპყრობს. მისმა ნამუშევრებმა კარიერის დასაწყისშივე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და დღემდე არაერთხელ გამხდარა ინტერესის ობიექტი. OK! FASHION BOOK მარიამს ესაუბრა, რომელმაც გვიამბო, როდის ჰქონდა პირველი შეხება მოდის სფეროსთან, რა არის მისი ინსპირაციის წყარო, რომელია მისი საყვარელი ფერი და კიდევ არაერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა თავისი ცხოვრებიდან.
გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება მოდის სფეროსთან.
პირველი შეხება იყო ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ვსწავლობდი არა მარტო ტყავის ფაკულტეტზე, არამედ თეატრის მხატვრობაზეც. შემდეგ გადავედი ტესტილზე და ბოლო ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ტყავის დიზაინს, რომლის დასრულების შემდეგ შევქმენი ჩემი პირველი სადიპლომო ნამუშევარი. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი კოლექცია – რომანტიკული პოპარტი. ამ კოლექციით მივიღე მონაწილეობა კონკურსში BE NEXT, რომელსაც აწყობდა სოფო ჭყონია, გავხდი გამარჯვებული და მოვიგე მილანში სწავლა.
პარალელურად, გავდიოდი პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინერთან. ასევე ვმუშაობდი სახელოსნოებშიც იმისათვის, რომ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება და განათლება დამეგროვებინა.
კონკურსში BE NEXT მეორე წელსაც მივიღე მონაწილეობა და კვლავ გამარჯვებული გავხდი, რის შემდეგაც პირველად მივიღე მონაწილეობა Fashion Week-ზე, და სწორედ ამ პერიოდში გავხსენი ჩემი პირველი შოურუმი, სახელოსნო-მაღაზია. ამის შემდეგ კიდევ გავაფართოვე შოურუმი და გადავიტანე ლესელიძის ქუჩაზე. ამჟამად კი, შოურუმი ვაკეში, ქობულეთის 19 ნომერში მდებარეობს.
პირველად როდის გაგიჩნდათ დიზაინერის პროფესიის მიმართ ინტერესი?
ბავშვობიდან მიყვარდა ლამაზად ჩაცმა და ხშირად ვხატავდი მოდელებს. მიუხედავად ამისა, სხვა პროფესიით ვაპირებდი განვითარებას, თუმცა გამოცდების ჩაბარებამდე ორი წლით ადრე, გადავწყვიტე დავბრუნებოდი დიზაინს და მოდის სფეროში გამეკვლია გზა.
რა სძენს თქვენს ხელწერას განსხვავებულობას და გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან?
უპირველესად, ფერები და ფაქტურები. ადრე ამდენად ტენდენციური არ იყო ფერადი კოლექციები, თუმცა ახლა ფერადი სამოსი მსოფლიო ტენდენციად მიიჩნევა. მე კარიერის დაწყებისთანავე პრინტიან და ფერად ქსოვილებს ვიყენებდი. ჩემს კოლექციებს ისიც გამოარჩევს, რომ არასოდეს მივყვები პროპორციებს და ყოველთვის ვქმნი განსხვავებულს.
რომელია თქვენთვის გამორჩეული ფერი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
ყველა ფერი ძალიან მიყვარს, თუმცა არის პერიოდები, როცა ამოჩემებული მაქვს რომელიღაც კონკრეტული ფერი. ადრე ძალიან მიყვარდა სტაფილოსფერი, იასამნისფერი, ელექტრული ლურჯი და ა.შ. ამ ეტაპზე თუ გამოვყოფ საყვარელ ფერებს, მათ შორის აუცილებლად იქნება ელექტრული ლურჯი და მწვანე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
ვფიქრობ, ჩემი შთაგონების წყარო არის ის, რასაც ვფიქრობთ, ვხედავთ და განვიცდით. მაგალითად, ბოლო კოლექცია სამედიცინო თემებთან იყო დაკავშირებული, რადგან ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემა მქონდა და სამი წელი მუდმივად ამ თემასთან ვიყავი კავშირში. გარდა ამისა, მქონდა ციფრებიანი კოლექცია, რომელსაც ასევე კონკრეტული დატვირთვა ჰქონდა. ინსპირაცია და შთაგონების წყარო ყოველდღიურობიდან მოდის.
როგორია თქვენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი? გაქვთ ნივთები, რომლებსაც მუდმივად თან ატარებთ?
ნივთი, რომელსაც მუდმივად თან ვატარებ, არის სათვალე და ტელეფონი. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, შესაძლოა ხშირად სპორტულად მეცვას, მაგრამ მაინც ყოველთვის ფერადი და განსხვავებულია. ყოველდღიურ ჩაცმულობაში შემაქვს რაიმე სახასიათო დეტალები, რომელიც გამორჩეულს ხდის ჩემს Look-ს.
არსებობს თუ არა რაიმე სახის სტანდარტი და ჩარჩოები, რომლებსაც კოლექციის შექმნისას აუცილებლად იცავთ?
არა, კოლექციის შექმნისას არასოდეს ვექცევი სტანდარტსა თუ ჩარჩოებში.