რატომ დავიწყე?
ალბათ ყოველთვის დაწყებული მქონდა, რადგან მუდამ რაღაცას ვაკეთებ შინ, მეგობრისთვის, ნაცნობისთვის. მოკლედ, ყველას, ვისაც ვჭირდები, არ მეზარება დავეხმარო.
ეს საქმე მიყვარს და მართობს. არ ვწვალობ, არ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. საკმაოდ სწრაფად ვაკეთებ და ვხვდები რა მომწონს, რა რას მოუხდება. მოკლედ, ნაკლებად ვყოყმანობ და საკმაოდ გაბედული ვარ.
ძალიან მიყვარს ყველანაირი სამოსი, ანუ მოდის დიდი მიმდევარი არ ვარ!
ის, რაც მოდაშია, შესაძლოა მომეწონოს იდეა, თუმცა არა ყველაფერი... მაგრამ აუცილებლად საკუთარ ინტერპრეტაციას ვუკეთებ, რომ ჩემი გახდეს.
არ ჩავიცვამ არასდროს „ჩექმაბასანოშკებს“, რაც უნდა Margiela იყოს!
რატომ კილტი? იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა კუბოკრული ქსოვილი ჩემთვის. ასევე მიყვარს ტვიდი, ტილო, აბრეშუმი და ა.შ. უპირატესობას ვანიჭებ ბუნებრივ ქსოვილს. თუმცა, ბოლო დროს, გადამუშავებული ECCO-ნაჭრებიც მიტაცებს.
კილტის ფორმა ყველას არ უხდება, ასევე, კუბოკრული ქსოვილი, და ამიტომაც დავარქვი ბრენდს Kilts_And_Etc, რადგან თავისუფლება არ შემეზღუდა ჩემი თავისთვის. ყველაფერს, რაც თავში მომდის და რასაც ვაკეთებ, რაიმე კონკრეტულს ვუკავშირებ − იმას, რაც მქონია და მომწონდა; მაგალითად: ქვეყანას, რომელშიც ვცხოვრობდი, სადაც მიმოგზაურია, ან თუნდაც ადამიანს, რომელიც ქუჩაში დამინახავს, ფილმს, წიგნს, და ასე გრძელდება უსასრულოდ.
ჩემ მიერ შექმნილი ყველა ნივთი თუ სამოსი საკუთარ მეხსიერებაში დალექილი, მიმოფანტული შთაბეჭდილებების შედეგია. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ სიამოვნებას სამოსზე მუშაობის პროცესში ვიღებ, ან მაშინ, როდესაც რაიმეს სწორად მივაგნებ, თან − იაფად.
კილტს კლასიკური გაგებით მხოლოდ შეკვეთით ვაკეთებ. მე, რასაც 21-ე საუკუნის კილტს ვუწოდებ, დროთა განმავლობაში ფორმას, ფაქტურას, შესაკრავებს ვუცვლი. ვცდილობ, მოვარგო ადამიანს და არა პირიქით. ნამდვილ ადამიანს და არა მანეკენს. როგორც ალექსანდრე მაკქუინი ამბობდა: Sting’s my ideal man, because he’s a real man.
ვაკეთებ იმას, რასაც მე ჩავიცვამდი. მინდა მოეწონოს ჩემს ნაცნობს, მეგობარს, მეზობელს და ასე შემდეგ. ცნობილ ადამიანებსაც არ დავჩაგრავ... ვკერავ ლამაზ ქურთუკებს, საწვიმარებს, ჩანთებს ნაჭრის ტყავით: ვქსოვთ პარიკივით ქუდებს, ჩალმებს, ბოლო დროს სახლის ფლოსტების გაკეთებაც კი გავბედეთ და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ასევე, გვაქვს ულამაზესი პურის ჩანთები, რომლის ინსპირაციაც პროვანსიდან წამოვიდა. გვაქვს ლამაზი კაბები, ჟილეტები... მოკლედ, ETC-იმ მომცა შანსი მეტი რამის კეთების, გარდა კილტებისა. ჯერ მომწონს ქსოვილი და შემდეგ ვხვდები, რას გავაკეთებ მისგან.
სად იყიდება? ინსტაგრამზე, „მატერიუმში“ ბელინსკის ქუჩაზე, ჭავჭავაძის 16 ნომერში, „სტამბის წიგნების“ მაღაზიაში. უფრო ხშირად word of mouth მუშაობს.
მე არ მაქვს სამხატვრო განათლება. უბრალოდ, ნაჭრებს, ფერებს და ფაქტურებს კარგად ვანათესავებ ერთმანეთთან.
ჩემი აზრი და დამოკიდებულება სამოსის მიმართ ძალიან უბრალოა, თუმცა შეიძლება ამაზე ვინმეს გაეცინოს: The fashionable woman wears clothes. The clothes don’t wear her.