ქართული მოდის მიმართ მსოფლიო ინტერესი მუდმივად მზარდია, მიზეზი, ქართველი დიზაინერებისა და მოდელების საქმიანობის წარმატებასთან ერთად, მათი ჰარმონიული თანამშრომლობაა. ქვეყნის სახელის უცხოურ ბაზარზე გატანა საერთო მიზანია, შედეგი კი უკვე ტრადიციადქცეული − სასიამოვნო რეზონანსი და სხვადასხვა ქვეყნის პოდიუმზე კვლავ დაბრუნების მოსაწვევი. საინტერესო კარიერული განვითარების გზაზე მოდელ ლიკა თორიას კოლაბორაცია არაერთ ქართველ დიზაინერთან შედგა, უახლოესი სამომავლო გეგმებით კი ის დიზაინერ დებს − თათია და ნათია დარჩიების ბრენდ T&N Darchia-ს დაუკავშირდა. OK! მათ ამერიკული ოცნების ასასრულებლად დაგეგმილ გამგზავრებაზე, მოდელს კი წარმატების საკუთარ ფორმულაზე ესაუბრა.
ლიკა, როგორ აღმოჩნდით სამოდელო სფეროში და მალევე, ყურადღების სამიზნეში?
ჩემი სამოდელო სფეროში აღმოჩენა, კვლავაც დიზაინერთან თანამშრომლობას უკავშირდება. მაშინ ეს რეალობა ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, როცა NINELIE-ის ბრენდის სამოსი მოვირგე, ფოტო გადავიღე და სოციალურ ქსელში ატვირთვისას ბრენდი მოვნიშნე. ფოტოს უამრავი მოწონება ჰქონდა და ჩემთვის ერთგვარ სტიმულად იქცა. ნინელი როცა გავიცანი, მალევე საფრანგეთში, ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც ბრენდისთვის მოწყობილი ერთ-ერთი გადაღებიდან არჩეული ფოტო პოსტერებად დაიბეჭდა და იქამდე გაემგზავრა საზღვრებს გარეთ, სანამ მე ამას თავად შევძლებდი... მას შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე იმისათვის, რომ ეს ყურადღება არ განელებულიყო.
გვიამბეთ, რა უძღოდა თქვენს ყაზახეთში გამგზავრებას და უცხოეთში სამოდელო კარიერის აწყობას?
სრულიად შემთხვევით, ქართველ დიზაინერ თიკო ნებიერიძეს საერთო მეგობართან შევხვდი. მან ყაზახეთში, საკუთარ ჩვენებაზე კოლექციის სახის ამპლუაში გამოსვლა შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელსაც შემდეგში უამრავი შემოთავაზება და კონკურსი მოჰყვა. ამჟამად ძალიან გავლენიან სამოდელო სააგენტოსთან Velada Models-თან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.
„მის ფოტომოდელის“ ტიტული, საუკეთესო მოდელთა ათეულში პოზიციონირება და „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობა ჩინეთში − თქვენი თავგადასავლებით სავსე გამოცდილებაა. უამრავ სასიამოვნო მოგონებას, ალბათ, ბევრი სირთულეც ახლდა...
რა თქმა უნდა, კონკურსის სპეციფიკა სტრესულია, თუმცა ამან მაქსიმუმის გასაკეთებლად ხელი არ უნდა შეგიშალოს. პროცესებში, ადამიანური სენტიმენტებიც გაწვება, ხედავ, რომ ვიღაც იმედს გიცრუებს, თამაშობს და ეს, რასაკვირველია, ბევრად რთული აღსაქმელია, ვიდრე კონკურსი, რომელშიც გამარჯვებისთვის ხშირად არაკეთილსინდისიერად იბრძვიან.
როგორია უცხოურ პოდიუმზე ქართული სახეებისთვის შექმნილი ნიშა?
ჩვენი ეროვნება ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს. განსხვავებულ გარეგნობას, ენერგეტიკას, ყოველთვის აღნიშნავენ.
რამდენად აზარტულია კონკურსებში მონაწილეობა?
ჩემთვის ეს აზარტთან ერთად, დიდი სტიმულია. მეშინია ფრენის, პოდიუმის მღელვარებაც არ მტოვებს, მაგრამ ყველაფერი მიღირს. ყოველ ჯერზე, წინგადადგმული ნაბიჯით, საკუთარ თავს რაღაცას ვასწავლი. სამოდელო სფეროს სირთულეებთან გამკლავებას ჩემს 14 წლის ქალიშვილსაც ვასწავლი, რომელმაც ეს გზა აირჩია.
რა არის თქვენი მთავარი რჩევა თქვენი შვილისთვის?
მე ვარ ის, ვინც ვარ − ნიშნავს, რომ შენ წინაშე ბარიერები იმსხვრევა, ხდები საინტერესო და გაფასებენ.
როგორია „ვლადა მოდელსთან“ თანამშრომლობა? სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, როგორია დღის წესრიგი?
ყაზახეთში ყოფნისას, უამრავი გადაღება, ჩვენება და აქტივობა იმართება. „ვლადა მოდელსი“ ძალიან ძლიერი ქსელია და ის სხვადასხვა ქვეყანაში მოდელებს აგზავნის. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათ წარმომადგენლებთან. მუდამ მზად და იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო − არასოდეს იცი, დღის განმავლობაში რა შეიძლება ჩაინიშნოს.
ამჟამად რომელი მოწვევებია ძალაში?
პარიზი, კიევი, მილანი, და რასაც ასე ველოდები − აშშ, ჩემს გეგმებშია. მილანში ქართველ დიზაინერ ანანო გელოვანთან ერთად მივდივარ, რომელსაც „ფერად ანანოს“ ვეძახი. შავი, თეთრი და ვარდისფერი ჩემი 3 ფერია, რომელთაც ვირჩევ, თუმცა ანანოს ფერადი კოლექცია ყოველთვის ახერხებს აღმაფრთოვანოს და თავი კომფორტულად მაგრძნობინოს.
ამერიკა კი, ჩემი ოცნებაა, სადაც დიზაინერებთან − თათია და ნათია დარჩიებთან ერთად, მარტის მიწურულს გამგზავრებას ვაპირებ. მათთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ და მათი გულშემატკივარი ვარ.
გვიამბეთ ამერიკული გეგმების შესახებ. როგორ ემზადებით?
(ნათია): ჩვენთვის ასეთი მასშტაბებისა და კონკურენციის ქვეყანაში გამგზავრება დიდი გამოწვევაა. ჩახვიდე და ჩაიტანო ისეთი ნამუშევრები, რომლებიც პროფესიული თუ კომერციული თვალსაზრისით ყურადღებას მიიქცევს, საპასუხისმგებლოა.
(თათია): მონაწილეობას ვიღებთ მოდის კვირეულში, რომელიც ნიუ იორკში გაიმართება. აქ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Michael Kors,Tommy Hilfiger და სხვა. ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია არაერთ ქვეყანაში შედგა და ყოველთვის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ხშირია შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან, გვთავაზობენ ამა თუ იმ ჩვენებაში მონაწილეობას. რასაკვირველია, ყოველ ასეთ წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის. ამერიკა კი მორიგი დიდი ნაბიჯია.
როგორია ლიკასთან, როგორც მოდელის ინსპირაციის ერთგვარ წყაროსთან, მუშაობა?
(თათია): დიდი სიამოვნებაა, იმუშაო ისეთ ადამიანთან, რომელიც არის მიზანდასახული, შრომისმოყვარე. სწორედ ამის გამო შეძლო და ღირსეულად წარადგინა საქართველო, ჩვენი ნამუშევრები „მის სამყაროზე“. საუკეთესო ათეულში მოხვდა და წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
(ლიკა): რაც ასე ძალიან მომწონს მათში, ისაა, რომ კომუნიკაციის ძალა სწორად ესმით, ხედავენ, გარგებენ და ხვდები, რომ შეგიძლია მათ ენდო. ხშირად ისეთ სამოსს გთავაზობენ, რომელზეც აქამდე არც გიფიქრია, რომ მოირგებდი და თავს ასე კომფორტულად იგრძნობდი. ისინი სტილს ქმნიან.
ზოგადად, რას ითვალისწინებთ მოდელებთან მუშაობის დროს?
(ნათია): მხედველობაში ვიღებთ, თუ სად უნდა წარადგინოს სამოსი. ვითვალისწინებთ მის ხასიათს, ვინაიდან მოდელმა უნდა გაითავისოს ნამუშევარი და თავდაჯერებულმა წარადგინოს საზოგადოების წინაშე.
როგორ იბადება იდეები?
(ნათია): იდეები იბადება სპონტანურად. შეიძლება ეს განსაზღვროს ამინდის ცვალებადობამაც კი. ჩვენს სამოსში 3D-მოცულობებს ვანიჭებთ უპირატესობას, ამიტომ ინსპირაციის წყარო ნებისმიერი გარემოფაქტორი შეიძლება გახდეს.
როგორია T&N Darchia-ს სამომავლო გეგმები?
(თათია): თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენი მოდის სახლი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას #81-ში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც მზა სამოსი, ასევე ინდივიდუალური სტილის მორგების მომსახურებითაც ისარგებლოს. ამასთან ერთად კი, T&N DARCHIA-მ ონლაინ-გამოწერის საშუალებაც გააჩინა. ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით და ამ მიმართულებით ვებგვერდიც მზადების პროცესშია. ძალიან მალე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებელი ბრენდის სამოსს შეიძენს.