„ნინიმო“ ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს კომფორტულ, დახვეწილ და მოდურ ფეხსაცმელს, გარდა ამისა მუდმივად ჩართულია საქველმოქმედო აქციებში და არ იყენებს ცხოველის ტყავს, რაც ბრენდის უპირატესობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. OK! Magazine Georgia ბრენდის დამფუძნებელს ნინი მოსულიშვილს ესაუბრა.
რატომ გადაწყვიტეთ ტყავის ამოღება?
ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე საზოგადოების მხრიდან იმის გააზრება, რომ წლის განმავლობაში უამრავ ეგზოტიკურ ცხოველს კლავენ, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ტყავი გაიყიდოს და შეიქმნას ძვირადღირებული ფეხსაცმელი, ჩანთა ან რომელიმე სხვა აქსესუარი. სრულიად უკონტროლოა დღეს ტყავის ბაზარი... ასე არა მხოლოდ ცხოველებს ვანადგურებთ, არამედ ვქნით საფრთხეს, რადგან ტყავის გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროცედურაა გარემოსთვის, იმიტომ, რომ ვაბინძურებთ დედამიწას გადამუშავების დროს გამოყენებული ტოქსინებით, რაც ძალიან საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია მარტივად გამოვიყენოთ ტყავის შემცვლელი უამრავი ალტერნატიული მასალა.
ხელოვნური ტყავი შეგვიძლია მივიღოთ არაცხოველური მიკროფიბრებისგან, რეციკლირებული ნეილონისგან, პოლიეთილენისგან და თქვენ წარმოიდგინეთ მცენარეებისგანაც კი. დღეს ასევე ლაბორატორიულად მიღებული ბიოპლასტიკური ტყავი აქტიურად გამოიყენება საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო ნაკლებ საზიანოა ჩვენი პლანეტისთვის.
ჩვენ,როდესაც გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით ეგრედწოდებული Cruelty Free ბრენდი დიდი ხანი ვიფიქრეთ ეს ინფორმაცია როგორ მიგვაწოდებინა მომხმარებლისთვის და გადავწყვიტეთ სრულიად ახალი ვეგანური ფეხსაცმელის კოლექციის რეალიზებით მიღებული შემოსავლიდან დავხმარებოდით მიუსაფარ ცხოველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი ფეხსაცმლის შეძენით, ასევე ეხმარებოდა დაუცველ არსებას, რამაც ძალიან კარგი ეფექტი მოახდინა, როგორც მომხმარებლის განწყობაზე, ასევე ბრენდის ფინანსურ ინტერესზე.
„ნინიმო“ ასევე აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო კამპანიებში, გვესაუბრეთ ამის შესახებ
დიახ, რა თქმა უნდა ჩვენ არა მხოლოდ ცხოველების უფლებებს, არამედ ყველა ადამიანის უფლებას ვიცავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ბრენდის შესაძლებლობების შესაბამისად დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. მიმაჩნია, რომ არასწორია არსებობდეს ბიზნესი, რომელიც ემსახურება მხოლოდ მფლობელის კეთილდღეობას, აუცილებლად უნდა ისმეოდეს კითხვა თუ რა სარგებელი მოაქვს სხვისთვის?! ეს კითხვა ძალიან ხშირად უნდა დაუსვას მეწარმემ საკუთარ თავს, რომ არ დაირღვეს ბალანსი... სამყაროს ოქროს ბალანსი! მე თუ დღეს შემიძლია სხვას რამით დავეხმარო და უკეთ ვაგრძნობინო თავი არ უნდა გადავდო ეს ხვალისთვის! შესაბამისად სწორედ ასეთი ღირებულებები აქვს „ნინიმოს“ თითოეულ თანამშრომელს.
ერთერთმა მენეჯერმა სალომემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ბედიანის ბავშვთა სახლში იყვნენ ბავშვები, რომლებიც ოცნებობდნენ დრონზე, რადგან ისინი ქმნიან მუსიკას და სურდათ ეს ყველაფერი კადრებზე გადაეტანათ. ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამ სურვილის შესახებ, დაუფიქრებლად და ერთხმად გადავწყვიტეთ საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებინა მათთვის და გვეყიდა დრონი. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, რომ “ნინიმოს”ჯერჯერობით პატარა ბიზნესს უკვე შეუძლია რამოდენიმე ადამიანს აუხდინოს ოცნება და მათ ბედნიერებაში შეიტანოს წვლილი.
მე, როგორც “ნინიმოს” დამფუძნებელი და ასევე ბრენდის თითოეული თანამშრომელი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვეცდებით ასეთი საქველმოქმედო კამპანიები იყოს რაც შეილება ხშირად.
ამჟამად თქვენ ნიუ იორკში იმყოფებით, გვიამბეთ ამის შესახებ, რას საქმიანობთ?
დიახ, ვიმყოფები ქალაქ ნიუ იორკში და ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ადგილობრივ საწარმოებთან. მათი მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა ჩვენს მიერ ხელით შექმნილ ფეხსამელზე, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეწაღეობის კულტურა აქვს და საინტერესოა მათთვის თითოელი დეტალი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოსა და ამერიკას შორის “ნინიმო” გახდეს მედიატორი ფეხსაცმლის წარმოების საკითხებში.
როდის იგეგმება ახალი კოლექცია?
ახალ, ფერად და განსაკუთებულ კოლექციას უნდა ველოდოთ გაზაფხულისთვის, ბევრი სიახლე და საინტერესო თავგადასავალი ელის “ნინიმოს” ბრენდის მომხმარებლებს.
სამომავლო გეგმები...
ახლო მომავალში იგეგმება ახალი ვებ გვერდის ჩაშვება, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება სასურველი ფეხსაცმლის მილიმეტრული სიზუსტით გაზომვასა და მის სწორად შერჩევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ შეკვეთა არასწორი ზომის მიღების საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
ასევე ვფიქრობ დავამატო ვლოგი, სადაც მომხმარებელი საკუთარი თვალით ნახავს ფეხსაცმლის შექმნის პროცესს და სხვადასხვა საინტერესო ინტერვიუებს.