გუშინ, თბილისში, მწერალთა სახლში, იტალიელი დიზაინერის ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის H&M-ის კოლაბორაციის აღსანიშნავი წვეულება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოლექცია სპეციალურად პრეზენტაციისათვის შექმნილი ჰოლოგრამული ვიდეო ინსტალაციის სახით იხილეს.
კოლექციის გლობალური წარდგენა 24 ოქტომბერს რომში გაიმართა, რის შემდეგაც პროექტის პრეზენტაცია უკვე მსოფილიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაშიც გაგრძელდა. თბილისური პრეზენტაციის მთავარი თემა კოლექციის სიმბოლო “გული” გახლდათ, რაც მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახით, დეკორის ელემენტებში დახვდათ წარმოდგენილი. მწერალთა სახლის გამორჩეული ინტერიერი იდეალურად შეერწყა კოლექციის განსაკუთრებულ ხასიათს. 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო კოლექციის საზეიმო წარდგენას, მათ შორის იყვნენ: დიზაინერები ანუკი არეშიძე და გიორგი ქებურია, მოდელი ნუკა ყარალაშვილი, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, ტელეწაყვანები სალომე ღვინიაშვილი, ეკო ფანგანი და ა.შ
აღნიშნული კოლექცია არის H&M-ის უკვე ტრადიციული, ყოველწლიური პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან ერთად სპეციალური კოლექციის შექმნას.
პარიზში მოღვაწე რომაული წარმომავლობის ჯამბატისტა ვალი ყოველთვის გამოირჩევა ექსტრავაგანტული და დახვეწილი სამოსით. წლების განმავლობაში, მან მოახერხა შეეცვალა და გაეთანამედროვებინა მაღალი მოდის (Haute Couture) სტანდარტები და ის მიმზიდველი გაეხადა ახალგაზრდებისათვის.
Giambattista Valli x H&M-ის დიზაინერული კოლექცია აერთიანებს ქალისა და მამაკაცის სამოსს, ასევე - ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. თითოეულ ნივთი დიზაინერისთვის უკვე კარგად ცნობილ ხელწერას ატარებს. კოლექციის მთავარ სიმბოლოს „გული“ წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი სამოსსა თუ აქსესუარებში.
Giambattista Valli x H&M-ის კოლექცია ხელმისაწვდომია უკვე 7 ნოემბრიდან „გალერია თბილისი“-ს H&M-ის მაღაზიაში.