ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში ამჯერად ღია ცის ქვეშ, ვაკის პარკის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდა. დიზაინერმა მოწვეულ სტუმრებს პატარა ნერგები დაურიგა, მოსაწვევს კი დიდი ასოებით ეწერა: "თითოეული მცენარე მნიშვნელოვანია!" ჩანჩქერის და მწვანე გაზონის ფონზე მოწყობილ ყვითელ პოდიუმზე ორმოცზე მეტი მოდელი გამოვიდა. შოუს ბოლოს გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლების" თანხლებით ქართველი დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა.
როგორც წინა სეზონებზე, ანუკიმ აქცენტი ისევ ნათელ ფერებზე და ყვავილოვან პრინტებზე გააკეთა, შუაში შავის რამდენიმე ელფერით. გაზაფხულის კოლექცია თეთრი ფერით გაიხსნა, ვარდისფრისა და ცისფრის ნაზ ტონალობებში გადაიზარდა და შემდეგ ნათელი ფერთა პალიტრაც თბილი სეზონების დადგომის მსგავსად აფეთქდა.
ანუკი საქმიანი ჩაცმულობის ინსპირაციად თბილ სეზონზე კლასიკურ შორტებს გვთავაზობს თავდაჭერილი კოსტიუმითა და პერანგით.
გრძელი კაბები "ანუკის" ახალ კოლექციაში კვლავ ცენტრალურ ადგილს იკავებს.
ახალ კოლექციაში ვხვდებით ცნობილი შარვალ-კოსტიუმის ანუკისეულ ვარიანტებს, თავისუფალს და დიდ ზომას, ზედმეტი დეტალების გარეშე.
დიზაინერი არც მრგვალ მხრებს ღალატობს, რომელიც მის კაბებს დამატებით ელეგანტურობის ელემენტს სძენს.
შეამჩნევდით მოდელების იმიჯის კიდევ ერთ შემადგენელ მნიშვნელოვან დეტალს - ფეხსაცმელს. ანუკი არეშიძე ტასნაცმელთან ერთად ფეხსაცმელზეც მუშაობს და ამჯობინებს სამოსს თავისი დიზაინით შექმნილი მსგავსი ფეხსაცმელი შეურჩიოს, რათა სახეზე დასრულებული, სრულყოფილი იმიჯი მივიღოთ. ამჯერად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შესაფერისი ტონალობის ბაფთებით იყო მორთული, რომლებმაც თმისამაგრებიდან ფეხსაცმელებზე ოსტატურად გადმოინაცვლეს.
აღსანიშნავია თავისუფლად კონსტრუირებული კომბინიზონებიც.
რაც შეეხება შავ ფერს, ის თითქოს მთელი კოლექციის ესთეტიკიდან ოდნავ ამოვარდნილი აღმოჩნდა.
და ბოლოს, ანუკის კოლექცია წარმოუდგენელია ცოტაოდენი "ბზინვარების" გარეშე. ვერცხლისფერი თეთრის საუკეთესო დაგვირგვინება აღმოჩნდა, ფერადი განვითარების შემდეგ.
ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
ფოტო: ფრანგული VOGUE