საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა გიორგი ქებურიამ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია საქართველოს ბანკის SOLO ფილიალში წარმოადგინა. სივრცე, რომელსაც ფრანგული მოდის სახლის "შანელის" ესთეტიკის გავლენა ეტყობა, 32-მა მოდელმა მოიცვა. მათ შორის იყო ქართველი წარმატებული მოდელი თათია ახალაიაც. ფრანგული ბრენდის ინსპირაცია ეტყობოდა სამოსსაც, რომელიც მთლიანობაში ერთ სრულყოფილ, დასრულებულ კოლექციას ქმნიდა, ქაოტურობის გარეშე, დახვეწილი და ზუსტად გათვლილი ელემენტებით.
აღსანიშნავია, რომ კულტურათა შეჯახებას ფონად იტალიური მუსიკა გასდევდა, რამაც ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა კოლექციას. ატმოსფერო 60-70-იანების განწყობით გაიჯღინთა, რომანტიზმითა და ნოსტალგიით:
გიორგი ქებურიას მოდელები პოდიუმზე სხვადასხვა ფორმისა და ფერის პარიკებში, გრძელსახელოებიან ხელთათმანებში, ჩანთების ახალი მოდელებითა და რა თქმა უნდა, დიზინერის ხელწერის აუცილებელი ატრიბუტით, სათვალეებით მოძრაობდნენ.
"შანელისთვის" დამახასიათებელი ფერები, ღილები და ჯიბეები მომავალი სეზონის აქტუალურ ტრენდებს აქტიურად ამკვიდრებენ.
კლასიკურ ჩაცმულობას ეფექტურად ავსებდა დაბალ და მაღალყელიანი წინდები ასევე კლასიკურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. დიზაინერი მის ყოველ ახალ კოლექციაში სამოსს ერთ განსაკუთრებულ ჭრილს უხამებს და შემდეგ თითქოს ყველა მოდელს ამ ყალიბის ქვეშ აერთიანებს. ორიგინალური საყელოების და გულის ფორმის ნაკერების შემდეგ, გიორგიმ ამჯერად ერთ მხარეს წაგრძელებული ქვედაბოლოები შემოგვთავაზა, თითქოს ამოვარდნილი კლასიკური ფორმიდან, მაგრამ ამავდროულად თავდაჭერილი სილუეტით დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალებისთვის.
მომავალ სეზონზე არამხოლოდ ქებურიას, არამედ ქართველი დიზაინერების მიხედვით კაბის ფორმის კოსტიუმის ტარებაა ტრენდული, რასაც გიორგი თავისებურ ვარიანტში წარმოგვიდგენს. ის გვთავაზობს შარვლის რამდენიმე მოდელსაც.
რაც შეეხება ამერიკულ მოტივებს, გოგონების იმიჯი აშშ-ს ცნობილი პირველი ლედის ავთენტურ სტილსაც მოგვაგონებს. ჟაკლინ კენედი გამორჩეული გემოვნების ქალი იყო, რომლისგანაც ინსპირაციას მთელ მსოფლიოში დღემდე უამრავი გულშემატკივარი იღებს. ის შთააგონებს მოდის სამყაროს და ამჯერად ქართველ დიზაინერსაც.
გიორგი მომავალ სეზონამდე ეფექტურად დაგვემშვიდობა. კოლექციას კი აქვს შანსი პლანეტის ცნობილი მოდელების, მომღერლების თუ მსახიობების ტანსა თუ სახეზე სულ მოკლე დროში ვიხილოთ.
ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
ფოტო: ფრანგული VOGUE