ბავშვების წარმოსახვით სამყაროში თითოეული დეტალი ირეალურად მშვენიერი და ჰაეროვანია. პატარების წარმოდგენაში არსებულ ილუზორულ სივრცეში მუდმივად ზღაპრის წიგნი იწერება, სადაც მთავარი მოქმედი გმირები თავად არიან; ოცნებობენ ლამაზ, ფუშფუშა კაბებსა და ჯადოსნურ ჯოხზე, ირგვლივ რომ გარემოს გააფერადებს და მაგიურობას შესძენს. სოფო გოგებაშვილმა ქართული საბავშვო სამოსის ბრენდ „მიშელის“ შექმნით, „ჯადოსნური ჯოხი“ მოიპოვა, რომლის მეშვეობითაც ბავშვების ყველა ოცნება ხორციელდება და დღეს ნამდვილ დღესასწაულად აქცევს.
როგორ გაჩნდა ბრენდ „მიშელის“ დაფუძნების იდეა?
ბრენდის შექმნისთვის მნიშვნელოვან ბიძგად იქცა ფაქტი, რომ სამი შვილის დედისთვის, რომელთაგან ორი გოგონაა, ხშირად მიწევდა, მომეძებნა ლამაზი კაბები, სადღესასწაულო კაბების არჩევანი კი მცირე ან ფასთან ნაკლებად შესაბამისი იყო.
„მიშელის“ ბრენდის ჩამოყალიბების იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და ჩანაფიქრის განხორციელებაშიც სწორედ ის დამეხმარა. „მიშელის“ კონცეფციის მართვის უკან კი მე და დედა ვდგავართ, რომელიც სპეციალობით მინანქრის ოსტატია და ხელნაკეთი აქსესუარების, სათამაშოების დამზადებაში საკმაოდ გამოცდილიც. მას ეკუთვნის დეკორაციის, ხელით შექმნილი აქსესუარების, გაფორმებისა და შეფუთვის უზრუნველყოფა.
როგორ შეიქმნა ბრენდის სახელი?
„მიშელი“ – ეს არის ჩემი სამი შვილის სახელების ინიციალებით შექმნილი ბრენდი: მიშო, ელენი და ელისაბედი.
რა წარმოადგენდა თქვენს მთავარ მიზანს?
როცა საქმიანობა დავიწყე, ვიცოდი, რა სჭირდება გოგონას მშობელს როგორც ყოველდღიურად, ისე სადღესასწაულოდ ბავშვის შესამოსად. მინდოდა, ბრენდის სახით ქართულ ბაზარზე ერთი სახელის ქვეშ უამრავი ლამაზი, განსხვავებული სტილისა და ხშირად სადღესასწაულო თემატიკის კაბა გაერთიანებულიყო. სიახლე სასიამოვნო აღმოჩნდა უამრავი მშობლისთვის, უპირველესად კი პატარებისთვის, რომელთა გახარება ჩემი საქმიანობის მთავარი სტიმულია.
რას სთავაზობს „მიშელი“ მომხმარებელს?
„მიშელი“ საბავშვო ტანსაცმელს გოგონებისთვის ქმნის, წარმოადგენს ყოველდღიური და სადღესასწაულო სამოსის კოლექციას. ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია სასკოლოდ შეკერილი ახალი მოდელები, რომლითაც ბავშვები სკოლას პირველ დღეს ეწვიენ. ეს „მიშელის“ მთელი გუნდისთვის წარმოუდგენლად სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა. აქტუალურია დედა-შვილის ერთნაირი სამოსიც, ამიტომ ხშირად ვამზადებთ მსგავს მოდელებს.
რა სიხშირით ხდება კოლექციის განახლება?
თვის განმავლობაში ფართო არჩევანს მცირე სიახლე მაინც ემატება, რადგან ამისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობთ. განსაკუთრებით შრომატევადი პროცესია სადღესასწაულო კაბების შექმნისას კერვა − უამრავი მცირე და სკრუპულოზური დეტალი დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ამასაც თავს ვართმევთ.
როგორ არჩევთ ქსოვილებს?
ქსოვილებს რაც შეეხება, საკმაოდ ძვირადღირებული და ხარისხიანია. გვაქვს მაქსიმალურად ნატურალური მატერიები. სადღესასწაულო კაბებისთვის იშვიათ ნაჭრებს ვიყენებთ, რაც სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის საქართველოში ვერ მოვიძიეთ, ამიტომ უცხოეთის ბაზარი ავითვისეთ.
ხშირად იღებთ რეკომენდაციებს თქვენი გოგონებისგან?
რა თქმა უნდა, ისინი ერთ-ერთი მთავარი შემფასებლები არიან. გოგონებმა ზუსტად იციან, რა სურს მათ თაობას. გვიზიარებენ სურვილებს, შეხედულებებს და მუშაობა ასე ბევრად ეფექტური ხდება.
როგორ ფიქრობთ, უმთავრესად რა განსაზღვრავს ბრენდის წარმატებას?
წარმატების მიზანი ხარისხიანი და დახვეწილი მოდელების მომხმარებლისთვის შეთავაზებაა, რა დროსაც, აქცენტი უმთავრესად ხარისხზეა გამახვილებული. თითოეულ მოდელს დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ვეკიდებით. ძალიან მახარებს, როცა სამადლობელ ზარებსა და შეტყობინებებს ვიღებთ. ეს უდიდესი სტიმულია.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
აუცილებლად გაიხსნება „მიშელის“ მაღაზია. ეს მომხმარებლის მხრიდან დიდი მოთხოვნაა. ასევე გვინდა, ბრენდი საზღვრებს გარეთაც გავიდეს, რათა ქართული ნაწარმი უცხო ქვეყნებმაც მიიღონ და გაიზიარონ. უკვე გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან.