ღრმა ბავშვობაშიც კი, როცა ფანქარსა და ფურცელს ხელში აიღებდა, ფეხსაცმლის კონტურების ხატვას იწყებდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და გატაცებას არ მიუტოვებია. რომა ფიფიას მთავარი ინტერესის საგანი ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობაა, რასთანაც, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს.
ფეხსაცმლის ბრენდ „რომსის“ დაბადება იმ გარდამტეხ მომენტს უკავშირდება, როცა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ჩანახატების გაკეთებას ვეღარ დასჯერდებოდა და მათ ხელშესახებ შედეგად გადაქცევა მიზნად დაისახა. ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტმა, საბანკო საქმე დიზაინით ჩაანაცვლა. „რომსი“ სულ რამდენიმე თვეა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ერთგული მომხმარებლის შემოკრება უკვე შეძლო. როგორ ჩნდება უამრავი იდეა და ირეალური სამყაროდან „რომსის“ კოლექციაში გადაინაცვლებს − OK! რომა ფიფიას საყვარელი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
როგორი იყო ფეხსაცმელი, რომელსაც ჯერ კიდევ მცირე ასაკში ხატავდით? აქვს თუ არა მას საერთო „რომსის“ სტილთან?
ძირითადად, ქალის ფეხსაცმელს ვხატავდი. მაშინაც და ახლაც, განსაკუთრებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სტილი მომწონს, თუმცა „რომსის“ მიმართულებას მხოლოდ მსგავსი ტიპის წარმოება არ წარმოადგენს, რადგან ბრენდის კონცეფცია მოდასა და კომფორტზე თანაბრადაა დამყარებული.
როგორია „რომსის“ მთავარი აქცენტები?
ვფიქრობ, ბრენდის კოლექციებს უამრავი იდეის სინთეზი განაპირობებს. აქცენტი გამახვილებულია გამორჩეულ ფორმასა და ფერზე. ამ ეტაპზე, ნაკლებად ვცდილობ იმ თამამ იდეებს შევასხა ხორცი, რომლებიც ჩემს ჩანახატებში ხშირია. უფრო მეტად ამჯერად აქცენტი სადა მოდელებზე გავამახვილე, თუმცა მათაც ახასიათებს ის, რითაც ჩემი ზოგადი ხედვა განისაზღვრება.
რას ითვალისწინებთ მასალების შერჩევისას?
მასალა ფაქტობრივად ყველაფერია, ამიტომ მხოლოდ ნატურალურსა და ხარისხიანს ვიყენებ. როცა ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, ეს ჩემთვის უმთავრეს პრინციპად დავისახე, რადგან არ მინდოდა, ის, რაშიც სულსა და გულს ვდებ, კომფორტს მოკლებული ყოფილიყო ან მალე გაჩენილი ხარვეზების გამო, მომხმარებელს გვერდით გადაედო. მინდა „რომსის“ შეძენა გარანტია იყოს, რომ ფეხსაცმელი მომხმარებლის თაროზე განსაკუთრებულ ადგილს დიდი ხნით დაიკავებს.
როგორია თქვენი განწყობა, როცა განსაკუთრებით მეტადაა ნაყოფიერი თქვენთვის მუშაობა?
კარგ გუნებაზე უნდა ვიყო, რომ იდეებზე ვიმუშავო. თუ უბრალოდ სურვილი მაქვს, მაგრამ არა ენთუზიაზმი, ყოველდღიურად მხოლოდ მონდომებით ვერაფერს გავხდები. როცა განწყობა ხელს მიწყობს, მაშინ ყველაზე პროდუქტიული ვარ.
გხიბლავთ ფერადოვნება ფეხსაცმლის დიზაინში?
სხვადასხვა დროს განსხვავებული ფერები მიტაცებს, უცვლელია მხოლოდ ჩემთვის საყვარელი − შავი ფერი. ვიყენებ ნებისმიერ, მათ შორის ე.წ. „პრეტენზიულ“ ტონებსაც, რადგან მიმაჩნია, რომ მოდური ფეხსაცმლისთვის ეს მხოლოდ პლუსად შეიძლება იქცეს.
როცა ფეხსაცმლის დიზაინზე მუშაობთ, თქვენს წარმოსახვაში ჯერ ფორმა იბადება, შემდეგ კი ფერი?
ზოგჯერ ფერი ხდება ინსპირაციის წყარო და კონკრეტულ მოდელს შემაქმნევინებს, ხან კი პირიქით − ერთ ფორმას სხვადასხვა ფერს ვარგებ. შთაგონება ყველგან და ყველაფერშია, მთავარია შეძლო და იდეა დაიჭირო.
რამდენად გახასიათებთ შემოქმედებითი სითამამე?
მგონია, რომ ჩემს ჩანახატებში სწორედ ეს ხასიათი იკვეთება. ეს ის მთავარი შტრიხია, რომელიც „რომსის“ კოლექციას ყოველ ჯერზე გამოარჩევს.
რა შეგძინათ თქვენი გატაცების საქმიანობად გადაქცევამ?
აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმიანობა ჩემი მთავარი გატაცებაა, რომლის გარეშე ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. უამრავი ფიქრი, იდეა, მზა ჩანახატი გონებაში იძერწება, და იძერწება პირდაპირი გაგებითაც, რადგან ქანდაკებებზეც ვმუშაობ.
რით არის თქვენთვის ქალი საინტერესო ქმნილება. ადამიანი, რომელსაც თქვენს ნამუშევრებს მიუძღვნიდით?
ქალი მრავალფეროვანია. გეძლევა საშუალება, იყო მეტად თამამი, გარისკო, შესთავაზო სიახლე და ამის მიმართ მეტი იყოს ღიაობა. განსაკუთრებით გამორჩეული მოდელები „რომსის“ ექსკლუზივების რიგშია და ქალბატონებისთვის თითო ეგზემპლარად იკერება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უპირველეს ყოვლისა, მინდა „რომსის“ ჩანთების კოლექცია შეემატოს, ასევე მამაკაცის ფეხსაცმლის ხაზი. რაც პირადად მე შემეხება, მინდა, საქართველოს საზღვრებს გარეთ ამ კუთხით განათლება მივიღო. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააფართოვებს ჩემი მოქმედების არეალს, შემმატებს ინსპირაციისთვის გაცილებით დიდ პოტენციალს. სწავლის გამორჩეულად მაღალი გადასახადის გათვალისწინებით, ვცდილობ, დაფინანსება საკუთარი წარმატებული შრომის ხარჯზე მოვიპოვო. რაღა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, თავად ბრენდიც საქართველოს საზღვრებს გარეთაც მასშტაბურად გავიდეს და დაამტკიცოს, რომ საქართველოში ხარისხიანი და გემოვნებიანი ფეხსაცმელი იქმნება.