მენეჯმენტის მიმართულებით სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე უმუშავია, გაუვლია ყველა კარიერული საფეხური და საინტერესო გამოცდილებაც დააგროვა, თუმცა მთავარ გატაცებად სულ სხვა რამ რჩებოდა. შეხვედრებზე ყოფნისას რამდენიმე წუთით გათავისუფლების დროსაც კი, ფურცელზე ფეხსაცმლის ესკიზებს ხატავდა და ჰქონდა სურვილი, რომ ოდესმე მათი ნახვა რეალობაში შეძლებოდა. ასე შეიქმნა ბრენდი „ნინიმო“ − დიზაინერის ყველა იდეა, რომ ფეხსაცმლის კოლექციაში გააერთიანა და საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავი მომხმარებლის ერთგულება მოკლე ხანში დაიმსახურა.
დიდი ხანი არც იმ ამბიდან გასულა, როცა პარიზში „ნინიმოს“ მენეჯერს ბრენდის ამანათით ხელში სახლის კარი ვინსენ კასელმა გაუღო და ცნობილი მეუღლის − ტინა კუნაკისთვის გაგზავნილი ფეხსაცმელი მოიწონა, ქართველი „ელჩი“ შინ შეიპატიჟა და „ნინიმოს“ ქათინაურიც შეუთვალა... მოგვიანებით, თავად მოდელმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბრენდს მადლობა გადაუხადა და ქართული კომპანიის ცნობადობაც საზღვრებს გარეთ ერთიორად გაზარდა.
GEORGIAN DREAM COME TRUE (ახდენილი ქართული ოცნება) − ასე უწოდებს ბრენდის სულისჩამდგმელი − ნინი მოსულიშვილი „ნინიმოს“ წარმატებას და OK!-ის გეგმებსაც უზიარებს.
როგორ გამოიყურებოდა „ნინიმოს“ პირველი ფეხსაცმელი?
„ნინიმოს“ პირველი ფეხსაცმელი ბრენდისთვის მუდმივად აქტუალური ლოფერი გახდა. ყოველთვის მიტაცებდა მამაკაცის ფეხსაცმლის კალაპოტის უხეში ფორმები და სწორედ ასეთი დიზაინით პირველი ნამუშევარი შეიქმნა. მაშინაც და ახლაც, ვმუშაობ სტილზე, რომელსაც საკუთარ თავზე წარმოვიდგენ და პირად გემოვნებას მოვარგებ.
რა არის თქვენთვის ინსპირაციის მთავარი წყარო?
ზოგჯერ ფაქტურით მოვიხიბლები და ეს ინსპირაციად იქცევა, მისგან ვაგებ ახალ მოდელს. შთაგონების წყარო შესაძლოა მხატვრული ტილო ან ფილმიც გახდეს. ირგვლივ ყველაფერი აღვიძებს შენში წარმოსახვას და გაძლევს საშუალებას, გასაქანი მისცე უამრავ იდეას.
რას მიიჩნევთ მთავარ სირთულედ იდეიდან მის განხორციელებამდე?
ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი იდეა განხორციელებისას სწორად შეფუთო. პროდუქტზე არანაკლებ რელევანტურია ის განწყობები, რომლითაც ბრენდი ნაწარმს შეფუთავს.
რა სიხშირით ახლდება „ნინიმოს“ კოლექცია?
ეს ხერხდება როგორც სეზონურად, ასევე ზოგჯერ ყოველთვიურადაც. ვინაიდან სოციალურ ქსელში „ნინიმოს“ მომხმარებელი უამრავ შეტყობინებას აგზავნის და მოუთმენლად ელოდება ახალ კოლექციას, ეს დიდი სტიმულია. გადახალისება მაშინაც ხდება, როცა ამა თუ იმ მოდელს სხვადასხვა ფერი ემატება.
რა გზას გადის ფეხსაცმელი ჩანახატიდან რეალურ შედეგამდე?
მას შემდეგ, რაც უმთავრესად მასალა აირჩევა, სახელოსნოში იგზავნება. პირადად ვკურირებ უამრავ დეტალს. ერთი სული მაქვს, ვნახო თითოეული ფეხსაცმლის მზადების პროცესში როგორ იდგმება ნაბიჯები წინ.
„ნინიმოს“ ფეხსაცმელზე უამრავი ადამიანი მუშაობს. ზოგი თარგს, ზოგიც ძირს ამზადებს, ნაწილი კერავს... სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე საბოლოო სახით მივა, მის ტესტირებას აუცილებლად „ნინიმოს“ გუნდი ატარებს. მაგალითისთვის, ფეხსაცმელს განზრახ ვსვრით, რათა შევამოწმოთ, რამდენად კარგად იწმინდება მისი ნაჭერი. წარმოუდგენლად ბევრი ნიუანსია, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და ვფიქრობ, ეს ხარისხზე აისახება.
როგორ ფიქრობთ, რა ტიპის თვითგამომხატველობა აქვს ფეხსაცმელს ჩაცმულობაში?
ფეხსაცმელს აქვს უნარი, იყოს მრავლისმთქმელი, გიყვებოდეს მის მფლობელზე − თუ როგორია მისი ცხოვრების სტილი, როგორი ფსიქოტიპია, რომელ მუსიკას უსმენს, საიდან მოდის. ეს არის ჩაცმულობის ნაწილი, რომელიც სრულ სურათში მთავარ მონასმებს ქმნის.
რას მიიჩნევთ „ნინიმოს“ მთავარ წარმატებად?
უპირველესად, მგონია, რომ მთავარი წარმატება ურთიერთობებშია. ეს არის ჩემი თანამშრომლების კმაყოფილება. ვამაყობ, რომ „ნინიმოს“ გუნდის თითოეულ წევრს უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. ერთი ადამიანი არ ქმნის ბრენდს, „ნინიმოს“ უკან უამრავია, და მათი განწყობა ყველა დეტალში აისახება.
ხშირად მახსენდება ემოცია, რომელიც გამოვცადე მაშინ, როცა ახალგაზრდა ბიჭი შოურუმში გვესტუმრა და მეორე ნახევრისთვის დაბადების დღის საჩუქრად „ნინიმოს“ ფეხსაცმელი მიჰქონდა. გვითხრა, რომ შეყვარებულს ძალიან მოსწონდა ჩვენი კოლექცია. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი წარმატება, როცა ის, რასაც ქმნი ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი თარიღების თანმხლებია და დაბადების დღისთვის, ქორწილისთვის თუ სხვადასხვა წვეულებისთვის სწორედ „ნინიმოს“ ირჩევენ.
ლოფერებისა და ე.წ. ინსპექტორების ძირითადი ხაზის გარდა, „ნინიმოს“ ბრენდმა საკმაოდ თამამი ფერებითა და ფორმით წარმოადგინა ფეხსაცმელები. როგორ გაჩნდა მათი შექმნის იდეა?
Mercedes Benz Fashion Week-ის ბექსთეიჯმენეჯერი ვარ. მოდის კვირეულის ერთ-ერთმა დიზაინერმა საკუთარი კოლექციისთვის ფეხსაცმელების შექმნა მთხოვა. მაშინ ვიფიქრე, რომ რანვეიზე კიდევ უფრო განსხვავებული სახით უნდა წარვდგენილიყავით. ჩემი ჩანახატები გადმოვალაგე და მათ შორის ყველაზე სარისკო, თამამი იდეები რეალობად ვაქციე. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ძალზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაბიჯს. დღეს იმ კოლექციიდან მხოლოდ 2 მოდელი დარჩა შოურუმში − ძალიან დიდი რაოდენობით შეიძინა მომხმარებელმა.
როგორი იყო თქვენი ჩანაფიქრი? რა ტიპის ნიშის დამკვიდრება გსურდათ საკუთარი ბრენდით?
დღესაც ჩემი სურვილია, რომ „ნინიმო“ ასოცირდებოდეს ხელით შექმნილ, ხარისხიან ფეხსაცმელთან საქართველოში.
როგორი ადამიანისთვის არის „ნინიმოს“ პროდუქცია?
მათთვის, ვისაც ძლიერი პიროვნული „მე“ აქვს, იცის ვინ არის და რისი შექმნა სურს.
გაგვანდეთ თქვენი სამომავლო გეგმები?
ძალიან მინდა, ფეხსაცმლის ხელით კერვა ისეთივე განვითარებული იყოს, როგორიც მეღვინეობაა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები წამყვანი მეწაღეები იყვნენ. ამის დასტურად უამრავი ჩანაწერი და ფოტომასალაც არსებობს.
მიუხედავად აღნიშნული გამოცდილებისა, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები ამ სფეროთი ნაკლებად ინტერესდებიან, რაც პროფესიონალი კადრების დეფიციტს ქმნის. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა სპეციალისტებმა შეძლონ, დაინტერესებულ პირებს ხელობა შეასწავლონ. მინდა სახელოსნო გავაფართოვოთ, გაკეთდეს ღია სივრცე, სადაც მომხმარებელი დაინახავს, როგორ იქმნება მათთვის ფეხსაცმელი.
სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ვიცი, რამდენი ადამიანის ხელში გაიარა „ნინიმოს“ ფეხსაცმელმა, რამდენი შრომა ჩაიდო მასში. ეს ცოცხალი ისტორიაა...