LETISSU − ქალბატონების სამოსისა და აქსესუარების დახვეწილი ხაზი, ხათუნა მალანიას დიზაინით გატაცების, დიდი ხნის განმავლობაში გენერირებული უამრავი იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელებაა. ექსკლუზიურ მოდელებში ბრენდის კონცეფციის მთავარი პრინციპი იკვეთება - მცირე რაოდენობის ეგზემპლარი გამორჩეული სტილის უნიკალურობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
რა უძღოდა წინ ბრენდის ჩამოყალიბებას? როგორ გაჩნდა LETISSU-ს შექმნის იდეა?
4 შვილის დედა ვარ, მყავს 2 შვილიშვილიც. დიდი ოჯახის თანმდევად არსებული დროის სიმცირე ჩემს გატაცებას ხანგრძლივად ჩრდილავდა. თუმცა, 2 წლის წინ, მეუღლის მხარდაჭერით, საკუთარი ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, რამაც საშუალება მომცა, ჩემი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით, ერთი სახელის ქვეშ, ყველა იდეისთვის თავი მომეყარა; შემექმნა ბრენდი, სადაც შევძლებდი, წარმომედგინა საკუთარი თვალით დანახული ქალბატონების სტილი.
რას გვთავაზობს ბრენდი?
ბრენდი ქალბატონებისთვის განსხვავებული დიზაინის სამოსს, უპირველესად, გამორჩეული ქსოვილით ქმნის. მაქსიმალურად ნატურალური, სასიამოვნო მატერია LETISSU-ს მთავარი სამუშაო კომპონენტია.
როგორია LETISSU-ს საქმიანობის პრინციპები?
ბრენდის მიზანია, შექმნას იშვიათი, ექსკლუზივს მორგებული პროდუქცია. კოლექციებში კონკრეტული მოდელების რაოდენობა მცირეა, რადგან ეს ბრენდის მიერ არჩეული მიმართულებაა. მასობრივობას გავურბივარ, ეს შესაძლოა მარკეტინგულად გამართლებული არცაა, მაგრამ ამ გამოწვევას ვირჩევ.
როგორია ბრენდის კოლექციების ძირითადი სტილი?
თუ გამოვარჩევთ, ძირითადად კლასიკური სტილი ჭარბობს, თუმცა მათ თანამედროვე და არაორდინარული დეტალები ახლავს. ვცდილობ, LETISSU-ს ყველაზე მცირე დეტალებიც გამოარჩევდეს. მაგალითისთვის, ჯინსის ქურთუკებიც კი, რომლებიც უახლოეს წარსულში თავად შევკერეთ, მხატვარმა ხელით მოხატა. თითოეულ ეგზემპლარზე განსხვავებული პრინტია დატანილი.
LETISSU − რომელიც ითარგმნება როგორც „ქსოვილი“, ბრენდის სახელწოდებად შეარჩიეთ. რას განსაზღვრავს ქსოვილი თქვენს კოლექციებში?
ქსოვილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მის ხარისხსა და გამომხატველობას დიდი როლი ენიჭება. სახელწოდების შერჩევისას იმ ფაქტით ვიხელმძღვანელე, რომ როცა ქსოვილს ვეცნობი, სწორედ მაშინ ჩნდება უამრავი იდეა. ეს ჩემთვის შთაგონების მთავარი წყაროა.
კიდევ რა გეხმარებათ ინსპირაციის გაღვივებაში?
მნიშვნელოვანი წყარო მუსიკაა, რომელსაც დღის განმავლობაში მუდმივად ვუსმენ. წიგნი, ფილმი და ხელოვნება შთაგონებისთვის შესანიშნავი მაპროვოცირებელია.
დიდი ოჯახი გყავთ. როგორ ახერხებთ დროის განაწილებას ისე, რომ თქვენს გატაცებას ყურადღება არ მოაკლდეს?
ჩემი სამსახური ორია − ოჯახი და LETISSU. მოვახერხე, რომ დღის განსაზღვრული მონაკვეთები სიზუსტით გადავანაწილო. ვცდილობ, დღის ბოლოს დრო ოჯახისთვის ყოველდღიურად თავისუფალი მქონდეს. საღამოს ვახერხებ, დავჯდე და ახალ იდეებზეც ვიფიქრო.
რა სიხშირით ახლდება კოლექციები?
LETISSU-ს კოლექციები ე.წ. კაფსულურია, მოკლე ხნითა და მცირე რაოდენობით გამოირჩევა. ჩემი სურვილია, არჩეულ ხაზს არ გადავუხვიო და ამ პრინციპის მიღმა, კოლექციები ყოველთვიურად ახლდება.
ფეხსაცმელი და ჩანთა LETISSU-ს ხაზის დამატებითი აქსესუარებია. გვიამბეთ ამის შესახებ...
ფეხსაცმელები და ჩანთები ბრენდის სამოსს მოვარგე, ეს ხელნაკეთი პროდუქცია ჩვენი კოლექციის ნამატია.
როგორ გსურთ, იგრძნონ თავი მათ, ვინც LETISSU-ს ატარებს?
მინდა, მომხმარებელმა თავი უპირველეს ყოვლისა, კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს. იმედს ვიტოვებ, სამოსი ადამიანების ხასიათსა და სტილს ხაზს გაუსვამს და დიდი ხნით დაიკავებს ადგილს მათ გარდერობში.