TEKKO VARDANIDZE COLLECTION – ბრენდი, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც ქართული მოდის სივრცეში გამოჩნდა, დიზაინერის მრავალწლიანი გატაცებისთვის ფრთების შესხმაა. იდეურადაც ჰაეროვანი, ნაზი კოლექცია თეკო ვარდანიძის ხელწერაა, რომელმაც OK!-ის ბრენდის კონცეფციის მთავარი მოტივები და საკუთარი გეგმები გააცნო.
როგორ იხსენებთ პირველ ნაბიჯებს, რომელიც ბრენდის შექმნას უძღოდა?
დიზაინით გატაცებულს ყოველთვის მქონდა ინტერესი და თანმდევი წამოწყებები, ვმონაწილეობდი არამასშტაბურ ჩვენებებსა და საზღვრებს გარეთ გამართულ ფესტივალებში. მას შემდეგ, რაც კერვის ტექნოლოგიები თავად შევისწავლე, გავიარე სწავლება მოდის მენეჯმენტის სფეროშიც, უფრო ნათლად წარმოვიდგინე საკუთარი ბრენდის მომავალიც. ასე გაჩნდა იდეა, შექმნილიყო Tekko vardanidze collection, რომელიც გააერთიანებდა ყველა ჩემს იდეას.
როგორია ბრენდის მიერ არჩეული სტილი და მისი მახასიათებლები?
ამ ეტაპზე ბრენდი ძირითადად ყოველდღიურ სამოსზე ორიენტირდა, თუმცა ვფიქრობ, მაინც ვახერხებ, არ დაიკარგოს ხედვა, რომლის ჭრილშიც ზოგადად, დიზაინს აღვიქვამ. თითოეულ მოდელს ბრენდის სპეციფიკა მცირე დეტალში მაინც ეტყობა. გამოვარჩევდი ფერებს, ნათელ ტონებს, რომლებსაც მთავარ მახასიათებლად მივიჩნევ. დიდი მკლავები, ფრიალა ქვედაბოლოები, ბაფთები – ასევე ბრენდისთვის ტიპური ნიშნებია.
როდის დადგა გარდამტეხი ეტაპი, როცა აღმოჩნდით რეალობის წინაშე, რომ საზოგადოებამ ბრენდის საქმიანობა აღიარა?
ეს ალბათ არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა – მაშინ, როცა ჩემი სახელითა და გვარით დაინტერესდნენ, გაუჩნდათ კითხვები ვინაობის შესახებ, ამასთან ერთად კი ჩემში მოტივაციამ იმატა. მიხარია, რომ საზოგადოებამ ასე დადებითად მიიღო ბრენდის გზავნილები.
როგორ დაახასიათებდით გაზაფხული-ზაფხულის განვლილ კოლექციას და საშემოდგომო კოლექციისთვის სამზადისს?
გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში აქცენტი კაბებსა და ორეულებზე გამახვილდა. გამორჩეულად ფერად, ჰაეროვან კოლექციაზე, საშემოდგომოდ კი ფერთა გამა პასტელის ტონებში გადავიდა, ფორმები გამკაცრდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც არ დაკარგულა ბრენდისთვის წამყვანი პრინციპი – ფერადოვნება.
როგორ მოქმედებს განწყობა ნამუშევრებზე?
ზოგადად ვიტყოდი, რომ ჩემს გუნებაზე მზეს წარმოუდგენელი გავლენა აქვს. როცა თბილა და სხივები უხვად ანათებს, შთაგონებით ვივსები და მზად ვარ პალიტრაზე ფერები შევურიო. როგორც კი მზე თვალს მიეფარება და სეზონი იცვლება, თითქოს ვიკეტები და ეს ალბათ საკუთარ კოლექციებზეც აისახება. როგორც აღვნიშნე, შემოდგომისთვის ჩემი სამოსი მეტად ბაცი ფერებითა და მკაცრი კონტურებით გამოირჩევა.
რამდენად გიტაცებთ სითამამე დიზაინში?
გამოყენებული ფერები ნაწილობრივ სითამამეა, თუმცა ბრენდის ამჟამინდელ კოლექციებთან შედარებით, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი გეგმა მაქვს. არ გავურბივარ ექსპერიმენტებს და კლასიკურ შავსაც, ვცდილობ მეტი ხასიათი შევმატო, შევიტანო ჩემი თვალით დანახული სტილი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შეუსაბამობების ფერთან ჰარმონიზება შევძლო.
რამდენად შრომატევადია კერვის პროცესი და იბადება თუ არა ამ დროს ახალი მიგნებები?
შეიძლება უცებ მომივიდეს იდეა და საბოლოო შედეგის მისაღებად ღამეები გავათენო, არ შევისვენო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, თუმცა ახლავს ბენეფიტი – მუშაობისას სამოსი კიდევ უფრო საინტერესო ხდება და იდეებისთვის მეტ გასაქანს გაძლევს.
გაქვთ შთაგონების მთავარი წყარო?
შთაგონებად გარშემო უამრავი რამ შეიძლება იქცეს, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით მხიბლავს ყვავილებზე, მათ ფერებსა და ფორმაზე დაკვირვება. ასევე, პეპლის უნიკალურობა გამორჩეულად საინტერესოა ჩემთვის. ინტერესის ორივე საგანს, მათ პრინტს, ბრენდის კოლექციებში დიდი ადგილი უჭირავს.
როცა კოლექციას ქმნით, როგორი ადამიანისთვის მუშაობთ საკუთარ წარმოსახვაში?
მათთვის, ვისაც ალბათ საკუთარ თავთან ვაიგივებ – ნაზ გოგონასთან, რომელიც შინაგანად ძლიერი ქალია.
რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?
ჩემი დიდი სურვილია, ბრენდის ხაზში კიდევ უფრო გამოიკვეთოს საკუთარი, როგორც დიზაინერის, ხედვა. ბევრად მეტი თავისუფლებითა და სითამამით ვაპირებ, მივუდგე კოლექციების შექმნას და როცა რესურსები ხელს შემიწყობს, მაღალ მოდაშიც გადავინაცვლო. თუმცა უახლოესი გეგმა საშემოდგომო კოლექციის მომზადებაა და ყოველდღიურ რეჟიმში ამისთვის ვმუშაობთ.