თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ტრიკოტაჟის დიზაინის კურსდამთავრებულებმა, დიზაინერებმა − მარინა გახუტიშვილმა და მაია ხომერიკმა, რომელთა სადიპლომო ჩვენებამ 1985 წელს ტრიუმფით ჩაიარა, ახალი სიცოცხლე შესძინეს ქართული ტრიკოტაჟის წარმოებას.
მათი მიზანი იყო ამ მივიწყებული დარგის აღორძინება. წლების განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა ჩანაფიქრის განხორციელება.
2018 წელს ამ პროექტით დაინტერესდა ანტრეპრენერი, ქალბატონი ნინო კაპანაძე. მან შესანიშნავად შეაფასა პროექტის მიზანი, გათვალა მისი პერსპექტიულობა და უყოყმანოდ განახორციელა ინვესტიცია. შედეგმაც არ დააყოვნა. დიზაინერებმა − მაია ხომერიკმა და მარინა გახუტიშვილმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად წარმოგვიდგინეს სამოსის შესანიშნავი კოლექცია, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზე. ტანსაცმელი შექმნილია ნახევრადშალის, ბამბა-აბრეშუმის, სელის, ტილოს, აბრეშუმის ნატურალური ქსოვილებისგან. წარმოდგენილია ყველა სეზონის შეზღუდული რაოდენობის მოდელი: ნახევრადშალის პალტოები, ქურთუკები, მოსაცმელები, ქვედაბოლოები, კაბები, შარვლები, შარფები, ქუდები, სარაფნები და სხვ. ტრიკოტაჟის სამოსი შემკულია თექის, ქვილთის, შიბორის, ხელით ნაქსოვი დეკორატიული ელემენტებით.
თანამედროვე, კომფორტულ და პრაქტიკულ სამოსში ჰარმონიულადაა შერწყმული ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები, ძველი ქართული წარმართული სიმბოლოები (ხევსურული ორნამენტი), ორნამენტები და სილუეტები.
კოლექციაში გამოყენებულია ყველა ის ოქროს წესი, რომელსაც უნდა იცავდეს ჭეშმარიტი შემოქმედი დიზაინერი: ინოვაცია, ზომიერება, დახვეწილობა, ტრადიცია, გემოვნება, თანამედროვე გამოწვევების სწორი შეფასება. მარინა გახუტიშვილისა და მაია ხომერიკის ნამუშევრები მეტყველებს ხელოვნებისა და კოსტიუმების ისტორიის, ტანსაცმლის კონსტრუირებისა და არქიტექტონიკის, საფეიქრო წარმოებისა და ტექნოლოგიების ფუნდამენტურ ცოდნაზე, რომელიც წარმატებით გამოიყენეს პრაქტიკაში და წარმოგვიდგინეს ახალი ქართული ბრენდი „შალი &...“.