ქართული ბრენდი T&N DARCHIA მესამე წელია რაც დებმა − თათია და ნათია დარჩიებმა დააარსეს, რომელიც მათი დაუღალავი შრომითა და მონდომებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის სტატუსს ატარებს. ბრენდმა ამ დროის განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია და OK!-ის მკითხველისთვის კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე აქვს. OK! ბრენდის დამფუძნელებს − თათია და ნათია დარჩიებს ესაურა.
გვიამბეთ ბრენდის შესახებ. რა გზა გაიარეთ იდეის გაჩენიდან დღევანდელ დღემდე?
(თათია დარჩია): ბრენდის შექმნის იდეა მე და ჩემს დას ერთობლივად გაგვიჩნდა. ძალიან რთული და შრომატევადი იყო გზა დღევანდელ დღემდე. თითქმის 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა და სწორედ ამ დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს T&N DARCHIA ცნობილია თავისი გამორჩეული სტილითა და ხარისხით. ვფიქრობ, რასაც ადამიანი მთელი გულით მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა.
გვესაუბრეთ ბრენდის უპირატესობაზე. რა გამოარჩევს მას სხვა ქართული ბრენდებისგან?
(ნათია დარჩია): ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ალბათ ისიც არის, რომ ბრენდის დაარსების დღიდან გვქონდა საკუთარი ტექნოლოგია, რითაც ვამუშავებდით ქსოვილებს და ვანიჭებდით 3D-მოცულობებს. ეს საკმაოდ საინტერესოსა და განსხვავებულს ხდიდა ჩვენს ნამუშევრებს. ამ მეთოდით დამუშავებულ სამოსს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ჩვენი ნიშა და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ბრენდის წინსვლა და წარმატება.
გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება მოდის სფეროში.
(თათია დარჩია): ჩვენი პირველი წარმატება იმ დღეს დაიწყო, როცა გადავდგით ეს ნაბიჯი და დავაარსეთ ბრენდი, რომელიც T&N DARCHIA-ს სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დღიდან ყოველი დღე ჩვენი ბრენდის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
როგორ შეძელით, რომ ასეთ მოკლე დროში ამხელა პოპულარობა მოიპოვეთ და საქართველოს საზღვრებსაც გასცდით?
(თათია დარჩია): რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ უცხოურ, საკმაოდ ცნობილ ბრენდთან, რომელთანაც გავიარეთ ხარისხის კონტროლი და უმაღლესი შეფასება მივიღეთ. ამან განაპირობა ის, რომ დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების ექსპორტზე გატანა და მოლაპარაკებები, კერძოდ − კანადასთან და უკრაინასთან.
(ნათია დარჩია): ამ ეტაპზეც გვაქვს მოლაპარაკება ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს მეზობელ ქვეყანასთან და ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ფეხი მოვიკიდოთ მეზობელ ქვეყნებშიც.
როგორც ცნობილია, ჩატარდა კონკურსი „მის სამყარო“, სადაც ორი კონკურსანტის ჩაცმულობაზე იზრუნა T&N DARCHIA-მ. გვესაუბრეთ, ვინ არიან ისინი? საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რატომ შეარჩიეს თქვენი ბრენდი?
(თათია დარჩია): „მის სამყაროზე“ მონაწილეობდა 65 ქვეყანა, სადაც ორი კონკურსანტის − საქართველოსა და ოსეთის წარმომადგენლების ჩაცმულობაზე T&N DARCHIA-მ იზრუნა. საქართველო ლიკა თორიამ წარადგინა. კონკურსი 24-25 სექტემბერს ჩატარდა და მათ საუკეთესო ათეულში დაიკავეს ადგილი. საღამოს კაბების ჩვენებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს და „მის მოდელისა“ და „მის ფოტომოდელის“ ტიტულებიც მიანიჭეს. ეს ძალიან დიდი წარმატებაა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ბრენდისთვის.
გვესაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ.
(ნათია დარჩია): სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს. გარდა იმისა, რომ მუდმივად ახალ და საინტერესო სამოსს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, ეტაპობრივად სხვადასხვა კონკურსითაც გავანებივრებთ. ერთ-ერთი კონკურსი Miss super globe 2019 წლის 14-19 ოქტომბერს დუბაიში იგეგმება, სადაც ჩვენი კონკურსანტი ღირსეულად წარადგენს საქართველოს.