ინგლისელი მოდელი, მსახიობი და მუსიკოსი კარა დელევინი უდავოდ შედის იმ ადამიანთა სიაში, ვინც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოდის ინდუსტრიაზე. კარას ერთი გამოხედვაც საკმარისია, რომ სამუდამოდ დაგამახსოვრდეთ მისი არაორდინარული სილამაზე. დამატყვევებელი თვალები და ცნობილი სახასიათო წარბები არის, ალბათ, ის, რაც მოდელს ყველასგან გამოარჩევს და მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება. გოგონა, რომელიც 17 წლის ასაკში სამოდელო სააგენტო Storm Management-მა შემთხვევით აღმოაჩინა, დღეს უკვე ნამდვილი მოდის კერპი გახლავთ.
2012 წლიდან დაიწყო კარას აღმავლობა სამოდელო სფეროში. იგი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც გახლავთ Burberry და Chanel. შემდეგ მათ მოჰყვა Fendi, Moschino, Oscar de la Renta, Dolce & Gabbana და ა.შ. ამავე წელს პირველად გამოვიდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე და ბოლოს British Fashion Awards-ზე ლამაზმანი წლის საუკეთესო მოდელად დაასახელეს. საუკეთესო მოდელის ტიტული კარას 2014 წელსაც ერგო.
2014 წელს ბრენდმა Mulberry, კარას პატივსაცემად ჩანთა შექმნა, რომელსაც მოდელის სახელი დაარქვა. მას იღებდნენ მოდის ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიც გახლავთ Vogue, Elle, Glamour, Cosmopolitan. თხუთმეტჯერ დაამშვენა სხვადასხვა ქვეყნის Vogue-ის გარეკანი. ჩართული იყო შემდეგი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში − Sephora, Activision, Rimmel, Magnum, Chanel, Jimmy Choo, Apple, Dior.
პარალელურად, ვითარდებოდა დელევინის სამსახიობო კარიერაც, რაც მისი თაყვანისმცემლების რიცხვს ერთიორად ზრდიდა. მას დღემდე 11 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა ნომინაციაზეც გახლდათ წარდგენილი, სულ ახლახან კი გამოვიდა ახალი სერიალი Carnival Row, რომელშიც მთავარ როლს კარა და ორლანდო ბლუმი ასრულებენ.
რაც შეეხება მოდელის სტილს, ის ნამდვილად მხოლოდ კარასია. თითოეულ სამოსს, რომელსაც კარა ირგებს, განსხვავებული და ძალიან განსაკუთრებული იერი ემატება. დაწყებული მამაკაცური სტილის პიჯაკებითა და გაგრძელებული, ნაზი და ელეგანტური კაბებით, იგი ყოველთვის ახერხებს საზოგადოების გაოცებას. მისი წითელი ხალიჩის ჩაცმულობები ნამდვილად ბევრი გოგონასთვის ინსპირაციის წყაროა. შთამბეჭდავია, როგორ გარდაისახება ხოლმე Rock N Roll-ის ვარსკვლავი, თავისუფალი და მეამბოხე კარა, დახვეწილ და საოცრად ქალურ მანდილოსნად. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სტილის ნამდვილი ქამელეონია.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ეს მომხიბვლელი გოგონა მსახიობ ეშლი ბენსონზე დაქორწინდა და წყვილი თავს ერთად ძალიან ბედნიერად გრძნობს. 27 წლის მოდელის ინსტაგრამგვერდს 43 მილიონი გამომწერი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, კარა მათ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო კამპანიას, ორიგინალურ Look-ებსა თუ შთამბეჭდავ კინოროლებს შესთავაზებს.