მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის გამო ორ ქალაქს შორის უწევს გადაადგილება, ატელიე მუდამ მასთან რჩება − ფიქრებსა თუ ჩემოდანში. მრავალი საათის განმავლობაში მუშაობდა ჯერ Fendi-ში, მოგვიანებით Gucci-ში, მაგიდასთან, ფანქრით ხელში, რაც ახლა თავს ახსენებს ზურგისა და კისრის ტკივილით. ალესანდრო მიკელეს არ სურს, უბრალოდ მოდის დიზაინერი იყოს: „4 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ მთლიანად შემოქმედებით პროცესზე უნდა ვკონცენტრირდე: ისტორიებზე, რომლებსაც ვქმნი, კოლექციებზე, ჩვენებებზე, მათ მუსიკალურ გაფორმებასა და ატმოსფეროზე. სწორედ ამას ვუძღვნი დროის მნიშვნელოვან ნაწილს. ვცდილობ ნაკლები ვინერვიულო და სამსახურში არ ვიცხოვრო, მაგრამ დიზანერისთვის ეს რთულია. უამრავი წვრილმანი ითხოვს ყურადღებას. თავიდან ყველაფრის კონტროლს ვცდილობდი, მაგრამ „გუჩი“ უდიდესი იმპერიაა. ორი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ემოციურად ისე გადავღალე, რომ მზად ვიყავი ყველაფერი მიმეტოვებინა. ეს მშვენიერი სამსახურია, მაგრამ საშიში − ყველანაირად გწურავს. სტუდიაში მხოლოდ ყოფნა არაა საკმარისი, იქ ყოველდღიური ბრძოლა გელის. შემოქმედებითი პროცესი იმდენად მისტიკური და მიმზიდველია, რომ ვეღარ ჩერდები. გარკვეულ მომენტში მივხვდი, რომ თუ შენი სამუშაო შენსავე ცხოვრების პროთეზად იქცევა, ერთ დღესაც მისი მოხსნით გარდაიცვლები. მე არ მჭირდება პროთეზი, მე მსურს სავსე ცხოვრებით ვიცოცხლო“.
საკუთარი გზა მოდის ინდუსტრიაში მიკელემ კოსტიუმების დიზაინის შესწავლით დაიწყო. ლეგენდარული კოსტიუმების მხატვრის, პიერ ტოზის გავლენით, რომელიც ვისკონტისთან თანამშრომლობდა. გარკვეულ მომენტში მიკელემ გადაწყვიტა, რომ მოდა მომავალი კარიერისთვის გაცილებით პრაგმატული არჩევანი იქნებოდა, თუმცა მისი ჩვენებები და იმიჯები დღემდე გაჟღენთილია თეატრალურობით და დრამატულობით, რომლებიც დიდ, ფართო ეკრანს იმსახურებენ. „მე ყველაფერში ვცდილობ დისონანსი შევიტანო, გარკვეული სახის დისჰარმონია. სრულყოფილება არ არსებობს! სწორედ ქაოსიდან იბადება მშვენიერება“.
ალესანდრო თამამად აცხადებს, რომ მის დიზაინსა და შემოქმედებით საქმიანობაზე გავლენა ორმა ქალმა − დედამ და ბებიამ იქონიეს. „ბებიას არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა. ის მუდამ შავად იმოსებოდა. ვფიქრობ, ჩემი სიყვარული მორთულობებისა და სამკაულების მიმართ სწორედ მისგან გამომყვა. დედა კი ამერიკულ ფილმებსა და კინემატოგრაფს აღმერთებდა. ეს მისთვის ერთგვარი რელიგია იყო“.
მიკელეზე კინემატოგრაფის გავლენა მოდელების არჩევანშიც იკვეთება. სარეკლამო კამპანიებისთვის მას ხშირად აჰყავს კინომსახიობები, მაგალითად, ვანესა რედგრეივი და ფეი დანაუეი (1 წლის განმავლობაში „გუჩის“ სარეკლამო კამპანიებში ქართველი მოდელი, მარიშა ურუშაძეც გვევლინებოდა). ბრენდის რეკლამებს ჰოლივუდის მიმართ სიყვარული და პატივისცემა ეტყობა. „მესმის, ადრე რატომ ცხოვრობდნენ ადამიანები კინოსთვის. როცა ეკრანზე მოძრავ ავტომანქანას ან მოცეკვავეს ხედავდნენ, მათში ძლიერი განცდები იჩენდა თავს. მითოლოგია მიტაცებს და ვფიქრობ, ჰოლივუდი „ძველი ბერძნული მითების“ მეორე ტომია“.
მას შემდეგ, რაც მიკელე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის სათავეში მოექცა, 4 წელზე მეტი გავიდა. „ბევრი რამ შეიცვალა. მე ყველაფერი გავანადგურე, რაც ჩემამდე იყო. სტუდიაში არ უნდა ჩაიკეტო, სამყაროსთან კომუნიკაციას მუდამ უნდა ამყარებდე. განუწყვეტლივ ვსწავლობ. მართო მსგავსი ბრენდი, როგორიცაა Gucci − უდიდესი პასუხისმგებლობაა. მასთანაა დაკავშირებული უამრავი ადამიანი და მოლოდინი“.
Gucci-ის პრეზიდენტი ეკოლოგიური მოდის საკითხებში პრინციპული მიდგომითაა ცნობილი. ალესანდრომ მასთან მოლაპარაკების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოდის სახლს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი განეცხადებინა. მიკელეს მიაჩნია, რომ ეს მისი გუნდის მიღწევაა. ასევე მეგობრის, ჯარედ ლეტოს დამსახურებაა, რომელიც მას გარკვეული ქმედებებისკენ მოუწოდებდა. ჯარედ ლეტო უკანასკნელ პერიოდში ალესანდრო მიკელეს და „გუჩის“ სახედ იქცა. მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, წითელ ხალიჩასა თუ სხვა ნებისმიერ ღონისძიებაზე ვარსკვლავი ყოველთვის ამ ბრენდის სამოსით ჩნდება. საკუთარ სავიზიტო ბარათად და იმიჯის განმსაზღვრელად აქცია „გუჩი“ მეორე მომღერალმა, ჰარი სტაილზმაც. „სიგიჟემდე მიყვარს ხელით შექმნილი ლამაზი ნივთები. ამიტომაც, ვცდილობ ბეწვი სხვა მასალებიდან ვაწარმოო. ჩვენ გვიყვარს ექსპერიმენტები!“ − აცხადებს დიზაინერი, − „მშვენიერების ჩემეულ ფილოსოფიას საზღვრები არ აქვს. სამყაროში არ არსებობს ძველი და ახალი ნივთები, არსებობს მხოლოდ ლამაზი!“
ალესანდრო მიკელეს Gucci მისი ალტერ-ეგოა, დიზაინერის პიროვნების ანარეკლი − იდუმალი, დამაინტრიგებელი, მოულოდნელობებით აღსავსე და ექსცენტრული. შეიძლება ითქვას, რომ „გუჩი“ ახლა რევოლუციაა! კინოს გარდა, მიკელე კოლექციებში გამოხატავს მშობლიური რომის, საყვარელი ლონდონის, შთამაგონებელი ლოს-ანჯელესის და მისთვის პროგრესული ნიუ-იორკის ნოტებს. აქ ადგილი ყველაფრისთვის რჩება, ყველაფრისთვის, რაც ასე ახლოსაა ამ თავისუფალ და კრეატიულ დიზაინერთან. „ჩემთვის ყველაზე მთავარი − ისტორიების მოყოლაა. და თუ ვინმე მათში სხვა ისტორიების ფრაგმენტებს დაინახავს, დაე შეერგოს“.
ახლა მიკელე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და ბევრისთვის საყვარელი დიზაინერია, ვინც კი მოდის მწვერვალზე მოხვედრილა. მისი სახელი ყველასთვისაა ცნობილი, ვინც დაინტერესებულია ან მცირე შეხება მაინც აქვს მოდასთან. მიკელეს ქმნილებები მთელ რიგ ემოციებს იწვევს. რთულია დაახასიათოთ ერთი სიტყვით, თუ რას წარმოადგენს ეს იტალიელი დიზაინერი. „გუჩის“ ყოველი ახალი კოლექცია, ალესანდრო მიკელეს ხელმძღვანელობით, ესაა სხვადასხვა სტილის ექსცენტრული მიქსი. მრავალფეროვნება მიკელეს მთავარი გასაღებია. სწორედ მასზე შენდება „გუჩის“ სამყაროც. ის ქმნის მოდას იმ თანამედროვე ადამიანებისთვის, რომლებიც გაურბიან სტერეოტიპებს, რათა მიკელეს გენიალური ქმნილებების აზრს ჩაწვდნენ. ალესანდროს სამოსი ერთგვარი ფაზლია, რებუსია, რომელსაც თუ რომელიღაც ნაწილს ჩამოაშორებთ, მთლიანად დაირღვევა და იდეაც დაიკარგება. მისი მოდელები ანდროგენულები არიან. არ უნდა ვეძებოთ რაიმე ლოგიკური ახსნა მის შემოქმედებაში, რადგანაც ის დიზაინერის მდიდარ შინაგან სამყაროს წარმოადგენს. ეს არის 21-ე საუკუნის ახალი ხედვა სამყაროზე, რომელსაც საკუთარი ეკლექტიკის, რაღაც „თავისის“ პოვნა სჭირდება, რომელსაც უპირობოდ შეიყვარებს.