31 აგვისტოს 22 წელი გავიდა, რაც სამეფო ოჯახის ყველა დროის საუკეთესო პრინცესად აღიარებული - ლედი დი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ხალხის საყვარელი პრინცესა საკუთარი ხასიათითა და სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ბუნებრივია, მისი იუბილე უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისეთ ცნობილ გამოცემებს, როგორიცაა Vogue. პარიზულმა გამოცემამ დაიანას ხსოვნას პატივი ამჯერად უახლესი ფოტოსესიით მიაგო, რომელშიც მონაწილეობა 22 წლის ამერიკელმა მოდელმა - ჰეილი ბიბერმა მიიღო.
მოდელმა ლედი დაიანას საკულტო ჩაცმულობები, რომლებიც 2019 წლის ტენდენციების მთავარ შთაგონების წყაროდაც იქცა, ზედმიწევნით მოირგო და ფოტოები ინსტაგრამის მეშვეობით გაგვიზიარა.
რა თქმა უნდა, ერთგული მხარდამჭერებისთვის მისი ხილვა 90-იანი წლების იმიჯით საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი გამოქვეყნდა, რომლებიც მის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს.
"ჰეილი ბიბერი და პრინცესა დაიანა, სიტყვები არ მყოფნის"
თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, საზოგადოების აზრი ამჯერადაც ორად გაიყო და გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც დაიანას გაიგივება ჰეილისთან შეურაცხმყოფელიც კია, "ვერასდროს ვერავინ გახდება ისეთი, როგორიც პრინცესა დაიანა იყო!,"-დაწერა ერთ-ერთმა მათგანმა Daily Mail-ის ცნობილ ვებგვერდზე. დანარჩენებმა კი ხაზი გოგონას ხელოვნურობას გაუსვეს.