მსოფლიოს ყველა გავლენიან და ცნობილ მამაკაც მოდელთა სიაში იპოვით დევიდ განდის, როგორც ლიდერს. 2001 წელს სატელევიზიო კონკურსში გამარჯვებით, მან სენსაცია მოახდინა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა, 2006 წელს კი Dolce&Gabanna-ს სახედ დამკვიდრდა. მკაცრი იმიჯის, გრაციოზული სტილისა და მოხდენილი ფიგურის მეშვეობით, ბრიტანელმა მოდელმა ყველა დროის მასკულინურობის ეტალონი შექმნა. ახლა დევიდი „იაგუარის“ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, წერს სტატიებს ცხოვრების წესზე, მხარს უჭერს ქველმოქმედებას, უშვებს აპლიკაციებს, ქმნის მამაკაცის საკუთარ ხაზს Marks & Spencer-ისთვის და გასული წლის მიწურულიდან მამის როლსაც ითვისებს. მოკლედ, დევიდ განდი არის იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ სუპერმოდელი.
სტილი: „ჩემთვის ეს ზოგადი გაგებაა. უფრო მეტად გემოვნების საკითხი, და არა მხოლოდ სამოსში. ეს ეხება ქსოვილებს, ფერებს, ინტერიერს, ავტომობილს, საათსა და დიზაინის ყველა სხვა სახეობას. ტრენდებს მივსდევ, მაგრამ მათი დაწესება თავად მირჩევნია“.
საკულტო სტილის სახეები: „სტივ მაკქუინი, პოლ ნიუმენი და ჯეიმს დინი. გასული საუკუნის 50-60-იანი წლები საჩემოა. ისინი არ ყოფილან მოდური ადამიანები, მაგრამ საკულტო სტილის მატარებლები გახდნენ. მართავდნენ მანქანებს, ველოსიპედებს და იცვამდნენ ისე, როგორც ამ ტრანსპორტს შეეფერებოდა. უნდა დაფიქრდე, რაში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად“.
თავის მოვლა: „ისევ მიყვარს ალკოჰოლი, ტორტი, მაგრამ ყველაფერი ზომიერად. დარწმუნდით, რომ თქვენ ის დაიმსახურეთ. ყველა განსაკუთრებულ საიდუმლოს ეძებს, მაგრამ სინამდვილეში ის არ არსებობს“.
ახლო მომავალი: „ჩემთვის ყოველთვის აუცილებელია ახალი მიზნები. იგივე ეხება სამსახურს: უცნობი საქმის მიმართ არსებულ შიშს წინააღმდეგობას ვუწევ. არაა გადამწყვეტი, აქვს თუ არა ამა თუ იმ პროექტს წარმატება, მე არასოდეს არაფერს ვნანობ“.
რას ნიშნავს თქვენთვის Marks & Spencer-სთვის კოლექციის შექმნა?
ეს არის ის, რაც ყოველთვის მსურდა. მივხვდი, რომ უნდა გავრკვეულიყავი დიზაინში, კერვასა და გაყიდვის საქმეში. ეს სრულიად სხვა თამაშია, მაგრამ მხიარული. მიზანი ის გახლავთ, რომ კოსტიუმს კარადაში მტვერი არ უნდა ედებოდეს და ქორწილს ან რომელიღაც ღირსშესანიშნავ ღონისძიებას არ უნდა ელოდებოდეს. თქვენ მისი დეკონსტრუირება უნდა მოახდინოთ. ატარეთ სხვა ნივთებთან ერთად, იყავით თამამი! თუ ის კარადაში ყველაზე ძვირადღირებული ნივთია, უფრო ხშირად რატომ არ უნდა ჩაიცვათ? არაა საჭირო 50 ნივთი შევიძინოთ. შეგიძლიათ რამდენიმე კარგი სამოსი იყიდოთ და ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა ხერხით ატაროთ.
როგორია თქვენი ცხოვრება 39 წლის ასაკში?
ახლა უმეტეს დროს შინ ვატარებ და გადაღებებისთვის ბევრს აღარ ვმოგზაურობ. არსებობს მოცემულობები, რომლებიც ძალიან მომწონს. მიყვარს დილით ადგომა, ძაღლის გასეირნება, შინ დაბრუნება... ახლა ყოველთვის შემიძლია ახლობლებს ვუთხრა, რომ მათ გვერდით ვარ.
ალბათ, მამობაც დროული იყო...
უცნაურია, როცა ხვდები, რომ საკუთარ პატარაზე მომავალი 18 წელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრია. მე და სტეფანი ძაღლის ყოლამ ამ როლისთვის მნიშვნელოვნად შეგვამზადა და ამ მეთოდის გამოყენებას ყველა წყვილს ვურჩევ. ჩემი შეყვარებული უფრო კომუნიკაბელურია, ვიდრე მე. იმედი მაქვს ჩვენს შვილს მისი ქარიზმა, თავდაჯერება და ინტელექტი ექნება.
ეს ძალიან უცნაური აღიარებაა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელისგან!
სინამდვილეში ძალიან გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანი ვარ. დღესაც კი პანიკაში ვვარდები, როცა წითელ ხალიჩაზე გავდივარ. სკოლაში ზედმეტი წონის გამო დამცინოდნენ და ბიბლიოთეკაში დამალვა მიწევდა, მაგრამ შემდეგ სპორტულ დარბაზს მივაკითხე.
სოციალურმა მედიამ შეცვალა ბრენდების სტრატეგიები და თამაშის წესი?
ჭკვიან ადამიანებს მუდამ აქვთ სტრატეგიები, ამიტომ შეიგრძნობა ჯერ კიდევ განსხვავება. ახლა იმდენ სურათს ვხედავთ ინსტაგრამზე და ზოგადად სოციალურ ქსელებში, რომ უკვე აღარაფერი გვაკვირვებს. ძალიან შემოქმედებითი და გონივრული უნდა იყოს რაიმე, რომ მასობრივისგან გამოიყოს. ტექნოლოგიები ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია შემქმნელი იყოს. რაღაც განსაკუთრებული უნდა აკეთო, რომ ადამიანთა ყურადღება მიიპყრო. ვიდეოს შემთხვევაში, სულ 15 წამი გაქვს. თუ ამ დროის განმავლობაში მაყურებლის დაჭერა ვერ მოასწარი, ის სხვა ვიდეოზე გადავა.
ახლა რომ იწყებდეთ კარიერას, სოციალური მედიის გზას გაყვებოდით?
არა, ასე არ ვფიქრობ. სოციალურ მედიას ვიყენებ, მაგრამ განზრახ არა. ვიყენებ იმ ბრენდებისთვის, რომლებისთვისაც ვმუშაობ. თუ რეალურად გსურთ მის გზას გაჰყვეთ, ცხოვრების ყველა ნაწილი უნდა გააზიაროთ − რას ამზადებთ სადილისთვის ან რას მიირთმევთ საუზმეზე... მე ვერასოდეს შევძლებდი ამას.
როგორი შეგრძნებაა, იღვიძებდეთ და საკუთარ თავს დიდ სარეკლამო დაფაზე ხედავდეთ?
თავიდან ძალიან უცხო იყო. ამაყობ და აღტაცებული ხარ ამით. დღემდე ასეა. ბევრ ყველაზე ცნობილ მსახიობს და მოდელს შევხვედრივარ და ისინი ძალიან თავმდაბლები და კეთილი ადამიანები არიან. მეორე მხრივ, ახალი თაობა, რომელიც ჯერ არც ისე ცნობილია, ფიქრობს, რომ ცნობილი ადამიანივით უნდა მოიქცეს. ელოდებიან, რომ ხალხმა რაღაცები უნდა აჩუქონ და ეს უცნაურია. ჩემი ოჯახი და მეგობრები არასოდეს მომცემდნენ უფლებას თავში ამვარდნოდა ან გზისთვის გადამეხვია. ხალხი მეუბნება, რომ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კარგია.
ალბათ იმას, რომ თქვენ არასოდეს დაუნახიხართ ბეწვის უზარმაზარ ქურთუკში და გვერდით ადამიანთან ერთად, რომელსაც თქვენი ჩანთა მოაქვს...
რატომ უნდა მოვიქცე ასე? არ ვფიქრობ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ. არავინაა ვინმეზე უკეთესი და არავინ უნდა იფიქროს ასე.
რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი ხართ....
რეჟისორობა დაიბადა იქიდან, რომ არ მსურდა ეკრანზე ვყოფილიყავი, მაგრამ მსგავსი შემოქმედებითი როლი მაინც მომერგო. ყოველთვის მქონდა გარკვეული ხედვები და იდეები. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, რას ვაკეთებ. შესაძლოა კიდევ რომელიღაც სარეკლამო ან მუსიკალური ვიდეო გადავიღო და ამ საქმეს თავი გავანებო.
მსახიობობაზე არ ფიქრობთ?
არასოდეს ვყოფილვარ მსახიობი და არც ვარ. რამდენიმე შემოთავაზება მქონია, მაგრამ არ დავთანხმებულვარ. ლტოლვა და წარმატებისკენ სწრაფვა მხოლოდ მოდის ინდუსტრიისკენ მქონდა. მირჩევნია თავად ვიყო რეჟისორი, ვიდრე სხვამ გამიწიოს რეჟისორობა.
რამდენ ხანს განაგრძობთ მოდელობას?
პირდაპირი მოდელობით აღარ ვარ დაკავებული. პოდიუმზე აღარ გამოვდივარ. სხვადასხვა ბრენდისთვის აღარ ვიღებ. მათთან ჩემი პროექტები და კოლაბორაციები მაკავშირებს. ახლა ეს სფერო ბიზნესი გახდა და კამერის მიღმა ყოფნას ვამჯობინებ. ზოგადად, მოდის ინდუსტრიას, ალბათ, არასოდეს დავტოვებ. ეს არის ჩემი ცხოვრება.
სად ხედავთ თავს წლების შემდეგ?
არ ვიცი! ვიფიქრებდით 10 წლის წინ, რომ სოციალური მედია ჩვენი მომავალი იქნებოდა? არა. რა მოხდება 10 წლის შემდეგ? წარმოდგენა არ მაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.