მოდელი და სოციალური ქსელების ვარსკვლავი, ტინა კუნაკი 22 წლის ასაკში დედა გახდა. მას ვენსან კასელისგან ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარის − ამაზონის სახელი უწოდეს. ვარსკვლავებს ქორწილი გასული წლის აგვისტოში ჰქონდათ. ახალბედა დედა ქალური ემანსიპაციისკენ მუდამ მორიგ, წარმატებულ ნაბიჯს დგამს. ამჯერად ტინა დიზაინერის მანტიას ირგებს.
კუნაკმა ძმასთან და დასთან ერთად მოზარდობის წლები ფრანგულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში განვლო: „მშვენიერი ბუნების გარემოცვაში ვცხოვრობდით, ოკეანის სიახლოვით და მთების ხედებით ვტკბებოდით“, − იხსენებს ტინა. გოგონამ სერფინგის საყვარელ დაფასთან ერთად, სანაპიროზე დიდი დრო გაატარა. სერიოზულად იყო დაკავებული ცურვით, მაგრამ ტრავმის გამო სპორტისთვის თავის განებება მოუწია.
მშობლები ბავშვების განვითარებას მოგზაურობებით ცდილობდნენ. ოჯახი ხშირად სტუმრობდა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილს. ტინა ამ პერიოდს დღემდე მადლიერებით იხსენებს: „მსგავსი არდადეგები ჩემი პირველი სკოლა გახდა. ვხედავდი როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები დედამიწის გარშემო, მათი ნაწილი საკმაოდ რთულ პირობებში იყო. ამ შთაბეჭდილებებმა თვალები ამიხილა“. როცა ტინას 15 წელი შეუსრულდა, მადრიდში სასწავლებლად გაუშვეს. ენის არცოდნის მიუხედავად, ესპანური დედაქალაქი მთელი გულით შეიყვარა. სწორედ აქ გადადგა სამოდელო კარიერის პირველი ნაბიჯები. დღეს ტინა მადრიდს მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს და ესპანური ენა ფრანგულივით კარგად იცის.
ორიგინალური გარეგნობა და მონდომება, მოდელობაში რაიმესთვის მიეღწია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტინას მალევე გაუფორმეს პირველი სამოდელო კონტრაქტი. 2016 წელს ფრანგმა მომღერალმა M. Pokora-მ ის საკუთარ კლიპში გადაიღო. ვიდეო ინტერნეტსივრცეში უცებ გავრცელდა და საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. ტინამაც ასე უფრო დიდ ცნობადობას მიაღწია. 2017 წელს მისი იმიჯით Jean Paul Gaultier-ს მოდის სახლი დაინტერესდა და გოგონა ჩვენებაზე მიიწვია. წარმატებული დებიუტის შემდეგ, ტინამ თანამშრომლობა ცნობილ კომპანია IMG Models-თან დაიწყო.
ვენსან კასელი მოდელმა 18 წლის ასაკში გაიცნო. ცნობილი ფრანგი მსახიობი ერთი ნახვით მოაჯადოვა და მოგვიანებით მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაც განვითარდა. წყვილი 2 წელია რაც ერთმანეთს ხვდება და ახლა უკვე ცოლ-ქმრის სტატუსით, ინტერნეტსივრცეში გულშემატკივრებს მრავალმხრივ აღაფრთოვანებს. „ვფიქრობ, სოციალური ქსელები სასარგებლოა. ისინი საშუალებას გვაძლევენ აზრები თავისუფლად გამოვხატოთ. „მსუყე“ საკომუნიკაციო პლატფორმაა და მოდით, მისი შესაძლებლობები გონივრულად გამოვიყენოთ“, − გვირჩევს კასელის მეუღლე. დღეს ტინა ევროპის მოდის სახლებთან თანამშრომლობს. მათ შორის − Dior-თან და Louis Vuitton-თან.
ცოტა ხნის წინ ბრენდ Etam-თან თანაშრომლობით საკუთარი საზაფხულო სამოსის კოლექცია გამოუშვით. რას ნიშნავს თქვენთვის ზაფხული და როგორ ატარებთ მას?
ჩემი საზაფხულო გარდერობის სამი მთავარი შემადგენელი ნაწილია: მზის სათვალე, საცურაო კოსტიუმი და... ტელეფონი! მაგრამ საყვარელი აქსესუარი, რა თქმა უნდა, მზის სათვალეა. მის გარეშე ზაფხული ვერ წარმომიდგენია!
გამოგიტყდებით, და სულ 52 საცურაო კოსტიუმი მაქვს. თუ ბრაზილიაში ერთი თვით მივდივარ, ჩემოდანში ამაზე ნაკლები საცურაო კოსტიუმი არ მომეძებნება. სანაპიროზე მზის დამცავი საშუალებაც აუცილებლად თან მაქვს, SPF-ფაქტორით. ზღვის მარილის, ოკეანის სურნელი და არომატია, რომელიც ბედნიერ ემოციებს აღძრავს. საყვარელი ადგილი ბიარიცია. იქ მთელ ზაფხულს ვატარებ. მიყვარს მზის ჩასვლები და ეს განუმეორებელი ატმოსფერო, რომელიც ამ ადგილს ახლავს.
Etam-ის წარმატებული მოდელი იყავით. რამ მიგიზიდათ, შეგექმნათ სამოსი ამ ბრენდისთვის?
ერთი წლის წინ მექსიკაში სარეკლამო კამპანია გადავიღეთ და მათ ტანისამოსის შექმნა შემომთავაზეს. ძალიან გაოცებული და ბედნიერი ვიყავი. საერთაშორისო ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელს ითვლის და ყველანაირ ქალს მოიაზრებს: დედებს, ჩემნაირ გოგონებს და ა.შ. მახსოვს, ამ ბრენდის პირველი სპორტული კოსტიუმი 12 წლის ასაკში ვიყიდე.
საიდან იღებთ შთაგონებას?
შთაგონება მრავალფეროვანია. არ ვარ აუცილებლად იმის ნაწილი, რაც მაცვია. შესაძლოა, ეს ქუჩაში დანახული ნებისმიერი ქალი იყოს. ასევე, ჩემზე გავლენა აქვს ვინტაჟს, განსაკუთრებით 1960 და 1990 წლისას.
ახლა პარიზში ცხოვრობთ. ტულუზაში დაიბადეთ. ცხოვრობდით ბიარიცში, მადრიდსა და ლონდონში. როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანი იყო შეგექმნათ სამოსი ყველა ქალისთვის და არამხოლოდ პარიზელისთვის?
დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, პარიზული სტილის კონცეპტი ისევ არსებობს. სოციალური ქსელების მეშვეობით, მოგზაურობის გარეშეც შეგვიძლია დავაკვირდეთ სამყაროს ფართო სპექტრში. ინსტაგრამი ინსპირაციის უხვი წყაროა. ამიტომაც, ერთ კონკრეტულ ქალაქზე ნამდვილად არ მიფიქრია.
როგორი ქალი გყავდათ გონებაში, როცა კოლექციაზე მუშაობდით?
მსურდა ყველა ნივთი სხვადასხვა ფიზიკური აგებულების, კანის ფერისა და ასაკის ქალს ეტარებინა. ტანისამოსს ადვილად შეუძლია სასურველ ზომაზე ადაპტირება: დამოკლება თუ დაგრძელება. მსურდა ისინი დედაჩემს და ჩემს დასაც თავისუფლად ეტარებინათ.
ახლოს ხართ ჟაკემუსთან. როგორ შეხვდით ერთმანეთს?
საიმონი ძალიან მიყვარს და ყველაფრით ვიხიბლები, რასაც ის აკეთებს. მისი სამოსი ერთდროულად ნათელი, მოდური და კომფორტულია. ამასთან, ის ჩემსავით სამხრეთში გაიზარდა. მოდის კვირეულის დროს, წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს. ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ 15 წუთი გიჟებივით ვიცეკვეთ. ჟაკემუსმა ჩამაცვა საკუთარ ქორწილში და მის სამოსს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვატარებ.
როგორ დაახასიათებდით თქვენს სტილს?
ვფიქრობ, ის მუდმივად ევოლუციას განიცდის, მაგრამ რამდენიმე ნივთს არასოდეს ვღალატობ. ესენია ჯინსები, თეთრი და შავი მაისური. ხანდახან, როცა ძველ ფოტოებს ვუყურებ, გაოცებული ვარ ჩემი იმიჯით და არა დადებითი კუთხით.
ვინ არიან თქვენთვის საკულტო სტილის მფლობელები?
ბევრი მოდელი მომწონს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად დედაჩემი შთამაგონებს. ის ყოველთვის მსუბუქად და ბუნებრივად გამოიყურება. არასოდეს აჭარბებს, მაგრამ მაინც მუდამ კაშკაშაა.
აშშ-ში მედია აღნიშნავს, რომ ინსტაგრამზე საკუთარი სხეულის მიმართ საოცარ დამოუკიდებლობას და თავდაჯერებას ავლენთ, რასაც დადებითი გავლენა აქვს ადამიანებზე.
გზავნილი, რომლის გადმოცემაც მსურს, ერთმანეთის მიღებაა. მჯერა, რომ ქალი გაცილებით ლამაზია მაშინ, როცა საკუთარ თავს მთლიანად იღებს, თითოეული განმასხვავებელი დეტალით. გარეგნობა იცვლება, ასევე ტრენდები და მოდა, ბედნიერი ღიმილი კი ყოველთვის სასარგებლო ატრიბუტია. სექსუალურობის ჩემი პირადი საიდუმლოა რაც შეიძლება ნაკლები იფიქროთ ამ საკითხზე. ნუ ეცდებით სექსუალურობას, გააკეთეთ მინიმუმი.
საყვარელი ადგილი შოპინგისთვის?
ჩემი iРad-ი და საწოლი!
ზურგჩანთა თუ საზღვაო ჩანთა?
საზღვაო კალათა.
სანაპირო თუ აუზი?
ყოველთვის აუზი!