ჩანთების ქართული ბრენდი MAO უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს განსხვავებული, ორიგინალური და ინდივიდუალური სტილის ჩანთებს სთავაზობს. განსაკუთრებით საინტერესო კი მისი დაარსების ისტორიაა, რომელსაც ბრენდის დამფუძნებელი მაო გელდიაშვილი გვიამბობს.
საიდან წამოვიდა საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა?
ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წარიმართებოდა და საკუთარ ბრენდს დავაარსებდი, რადგან პროფესიით ექიმი ვარ და ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩემი მომავალიც ამ სფეროს უკავშირდებოდა. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტობის პერიოდში დამატებითი შემოსავლის ძებნა დავიწყე და სრულიად დაუგეგმავად ერთ-ერთი დიზაინერის მოდის სახლში აღმოვჩნდი, მაშინვე მივხვდი, რომ ნემსი და ძაფი არა მხოლოდ ქირურგიაში, არამედ ამ სფეროშიც შეიძლებოდა გამომეყენებინა და აღმოჩნდა, რომ ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და დღემდე ასეა. ხომ იცით შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში.
როდის გადაწყვიტეთ შეგექმნათ საკუთარი ბრენდი?
საკუთარი ბრენდის დაარსების იდეა უკვე ზრდასრულ ასაკში გამიჩნდა. ამ გადმოსახედიდან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გზა ავირჩიე, რადგან მთელი ეს პროცესი ისე გავითავისე, რომ წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია სხვა პროფესიით წავსულიყავი. მთელ ჩემს დროსა და ენერგიას ჩემი ბრენდის, MAO-ს განვითარებას და წინსვლას ვუთმობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე უამრავ სირთულეს და ძალისხმევას საჭიროებს, ჩემთვის ეს ერთგვარი თერაპიაა. ის სივრცე ვიპოვე, სადაც ჩემთვის დრო ჩერდება.
რა არის თქვენი ინსპირაცია?
ჩემი ინსპირაცია ჩემი სამყაროა, ჩემი ნამუშევრები ზუსტად ასახავენ ჩემს ემოციას და სულიერ მდგომარეობას. ამიტომაცაა ჩემი კოლექციები რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ზოგჯერ მსუბუქი, ჰაეროვანი და რომანტიკული, ზოგჯერ საქმიანი და ელეგანტური, და უფრო ხშირად ქაოტური და აბსტრაქტული. ამიტომაც გამოირჩევა MAO ინდივიდუალურობით, თავისებურებით და მრავალფეროვნებით, რაც პრინციპში ამ ბრენდის ხელწერას წარმოადგენს.
ძირითადად რა მასალაზე მუშაობთ? და ხარისხზეც რომ გვესაუბროთ
მხოლოდ ნატურალურ ტყავს ვიყენებ სხვდასხვა ვარიაციებში. როგორც კი მასალას ხელში დავიჭერ მაშინვე წარმომიდგება ხოლმე თვალწინ რა შეიძლება მისგან შევქმნა, ალბათ წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ და ესკიზებით არასოდეს მიხელმძღვანელია. რაც შეეხება ხარისხს ჩემს შემოქმედებაში უპირველესი ადგილი უჭირავს და ამას მომხმარებელი ერთი შეხედვითაც ამჩნევს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
როგორც წესი, წინასწარ არაფერს არ ვგეგმავ, ხშირად გადაწყვეტილებას სპონტანურად ვიღებ. ბრენდი საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს საზღვრებს გასცდა და სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას ჩემს მომხმარებელს საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციები შევთავაზო.