პარიზში, ელისეის მინდვრებზე, Galeries Lafayette-ის ახალ კონცეპტსივრცეში საიმონ პორტ ჟაკემუსის კაფე გაიხსნა, სახელწოდებით: Citron by Jacquemus. ინტერიერი პროვანსულ სტილშია გაფორმებული − ხის მარტივი ავეჯით, სხვადასხვა ზომის ლარნაკებით, ლიმონის ხეებით ქოთნებში... თანამედროვე დიზაინერთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი ჯერ სულ რაღაც 29 წლისაა, მაგრამ მწვერვალების დაპყრობას და ჩვენს გაოცებას მუდამ ახერხებს. მის სამოსზე ადამიანები ნადირობენ, მის დიდ შემოქმედებით პოტენციალს აღიარებს თვით რეი კავაკუბო, რომელმაც ახალგაზრდა ტალანტი პირველად აღმოაჩინა. და მაინც, რატომ გვიყვარს საიმონ პორტ ჟაკემუსი?
საიმონის ყველა კოლექციას თავისი სახელწოდება აქვს: „ვაღმერთებ გოდარის ფილმებს და მათ სახელებს“, − აღიარებს დიზაინერი. სწორედ ფრანგი რეჟისორის სურათებით შთაგონებული არქმევს თავადაც კოლექციებს სახელებს. ისინი აუცილებლად ფრანგული არტიკლით იწყება: L’, La ან Le. დიზაინერს საკუთარი სამუშაო პროცესის კინემატოგრაფიულად გადაქცევა ძალიან ხიბლავს. „ყველაფერი ვიცი მომავალი ჩვენების დეკორაციების, მუსიკისა და დეტალების შესახებ, ვიდრე თავად სამოსს შევქმნი. კომპიუტერში არაფერი გამომდის. მონახაზებს ხელით მანეკენზე ვასრულებ, ან პირდაპირ მოდელის სხეულზე. ჩემ გარდა, სტუდიაში არავინაა − მხოლოდ მე“.
ჟაკემუსის გაგებით, სილამაზე უბრალოებაა, რომელშიც იდუმალი აზრია ჩადებული. ის გულუბრყვილოა და ხანდახან ბავშვურიც. საიმონი ხშირად მუშაობს გეომეტრიულ ფორმებთან. მისი ნივთები პირდაპირი მნიშვნელობით წარმოადგენენ კუბებს, რომბებს, სფეროებს. ის უფრო მეტად მინიმალისტია, თუმცა ამას აბსტრაქტული შესრულებით წარმოადგენს: ასიმეტრია მსუბუქად ერწყმის სერიოზულ, მკაცრ ჭრილებს. ხაზების სისუფთავე კი საუკეთესოდ ეწერება პასტელურ გამაში.
ჟაკემუსმა ახალი სიცოცხლე შემატა ფართოფარფლებიან ქუდებს, გვაოცებს სარეკლამო კამპანიებით, ინსტაგრამის გამომწერებს საჩუქრად კაბებს უგზავნის... ნათელი ფერები და თავისუფალი სილუეტები საიმონ პორტ ჟაკემუსის დამახასიათებელი ნიშაა, ე.წ. French Chic − რომლის გამო მოდის მიმდევრებს ის ძალიან უყვართ.
შეიძლება ითქვას, რომ საიმონი ფრანგული დამოუკიდებელი მოდის იმედია. ის თამამად აკეთებს იმას, რაც მის სხვა კოლეგებს გაუჭირდებოდათ. საიმონის ჩვენებები ისევე უყვართ, როგორც „შანელის“ თუ „ლუი ვიტონის“. ბრენდი Jacquemus თავად დიზაინერის პირადი ისტორიებით ცოცხლობს: „მე ჩემ თავს ვქმნი და სიმართლეს ვაჩვენებ. არ მინდა ვიყო ის, ვინც არ ვარ. უბრალოდ, ვთხზავ ისტორიას და მას ნივთებში ვაცოცხლებ“, − გვიხსნის ჟაკემუსი.
როგორ დაიწყო ყველაფერი
„მარსელსა და ავინიონს შორის მდებარე პატარა დასახლებაში გავიზარდე. ბავშვობის დღეებს ვაშლის ხეების გარშემო, მინდვრებში, ოჯახთან ერთად ფეხშიშველი ვატარებდი. პატარა სოფელია, სულ რაღაც 1000 მცხოვრებლით. მშობლები ფერმერები იყვნენ. 1990 წლის 16 იანვარს დავიბადე, ტექნოლოგიებისა და ტექნომუსიკის აღორძინების პერიოდში, მაგრამ ძალიან მიამიტი ვიყავი. კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა იყო ბებია-ბაბუასთან ერთად. გზაზე ვყიდდით და ავტომობილები საგულდაგულოდ შევისწავლე. ყველას ვცნობდი, რომელიც პარიზიდან მოემართებოდა. ამ ქალაქიდან მომავალ ტურისტებზე ლავანდებს ვყიდდი. ვფიქრობ, ეს ბევრს ამბობს ჩემ შესახებ“.
ჩემი პირველი აკვიატება
„შეპყრობილი ვიყავი პარიზით. ასევე, მოდაში რამის კეთებით. არ მიფიქრია, რომ ეს აუცილებლად ტანსაცმლის შექმნა იქნებოდა. ჩემი მთავარი ინტერესი დღემდე კინოა. მიყვარს ისტორიების მოყოლა ქალების შესახებ. მაგალითად, შარლოტა გენსბურის მსგავსი ქალების. მდედრობითი სქესი ძალიან მიყვარს. ეს კლიშეა, მაგრამ მე მართლაც შეპყრობილი ვარ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარიზი მიტაცებდა, ბავშვობაში უცნობი ადამიანის ნათქვამი იყო, რომელიც გონებაში სამუდამოდ ჩამრჩა: „თუ პარიზში ცნობილი იქნები, მთელი მსოფლიო გაგიცნობს“. ეს ჩემი ოცნება იყო. 18 წლის ასაკში, როცა სკოლა დავამთავრე, ოცნებების ასასრულებლად სწორედ დედაქალაქს მივაშურე. ეს მარტივი არ ყოფილა. პირველი ბიჭი ვიყავი ოჯახში, რომელმაც სახლი დატოვა, მაგრამ მე ეს შევძელი“.
სტერეოტიპი, რომელიც შემეხო
„ყველა ფიქრობს, რომ რადგან ფერმერების ოჯახიდან ხარ, მოდისა და სილამაზის არაფერი გესმის. არადა, ფერმერები ყველაზე პოეტური ხალხია, სილამაზით შეპყრობილი ადამიანები. მამაჩემს ბენდი ჰქონდა, საღამოობით საოცარ კოსტიუმს, დიდ ფეხსაცმელებს იცვამდა და როკს მღეროდა. დედაჩემი დეკორაციებისკენ იყო მიდრეკილი, ხელით ყველაფრის შექმნა შეეძლო − ხალიჩებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული“.
ჩემი პირველი იმედგაცრუება
„პარიზში გადასვლა. დედაჩემმა ავტომობილი გაყიდა, რათა კოლეჯის ფული გადაეხადა. პარიზში ცხოვრება ძალიან ძვირი იყო. განსაკუთრებით ბინა. ოჯახი გვერდით დამიდგა და ჩავედი, მაგრამ სკოლაში არავინ იყო იმავე ვნებით და იმპულსით გამსჭვალული, როგორც მე. როცა მასწავლებელს შევჩივლე, მიპასუხა: „საიმონ, დამშვიდდი, ძალიან პრეტენზიული ხარ“. მე უბრალოდ ამ ოცნებით ვცხოვრობდი ბავშვობიდან, ჩემს სოფელში ყველამ იცოდა, ცხოვრებაში რის გაკეთებას ვაპირებდი, ამიტომაც იმედი გამიცრუვდა. ვფიქრობდი, პარიზში ყველა ფერადი, ცოცხალი, პოეტური, შთაგონებული და ქუჩებში მოცეკვავე დამხვდებოდა. ბედნიერები იმიტომ, რომ რაღაცას ქმნიან. ერთი თვის თავზე დედა დავკარგე. მისმა სიკვდილმა ჩემი გზა რადიკალურად შეცვალა. მესმოდა, რომ ცხოვრება შეწყდებოდა. ვიცოდი, რომ მეორე შანსს ვერ მივიღებდი. დროის დაკარგვა არ მინდოდა და Jacquemus-ის გაკეთება გადავწყვიტე. ჩემი ბრენდი შევქმენი. მხოლოდ 19 წლის ვიყავი, მაგრამ გავბედე. მოდის კოლეჯი ორ თვეში დავტოვე, რადგანაც იქ მაინც ვერაფერს ვსწავლობდი“.
პირველი ნაბიჯები
„როცა ბრენდი დავაარსე, მინიმალიზმი გარდაუვალობა უფრო იყო, ვიდრე კონცეპტი. ბევრი ფული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ შემეძლო შემექმნა საუკეთესო იმისგან, რასაც ვფლობდი. სასურველი ქსოვილები ვიყიდე და ფარდების მაღაზიაში შევედი. ვიკითხე, რამდენად დამიმზადებდნენ ქვედაბოლოს ჩემი ქსოვილითა და დიზაინით. მკერავმა 100 ევრო დამიფასა. მე მას მაღალწელიანი ქვედაბოლო შევაკერინე, ღილებისა და „ელვის“ გარეშე. არც ჯიბეები დავამატებინე, რადგანაც ძვირი ღირდა. მოკლედ, მინიმალიზმის მიზეზი იყო ის, რომ ფული არ მქონდა“.
პირველი აღმოჩენა
„ჩემი პირველი კოლექცია კარგი იყო, მაგრამ არა ბრწყინვალე. მეორემ აჯობა. მთლიანად თეთრი კოლექცია გავაკეთე, რაც ძლიერი განაცხადი აღმოჩნდა და საშუალება მომცა მნიშვნელოვანი ისტორია მომეყოლა. მაგრამ ჩემი ტექნიკა სრულყოფილი ჯერ კიდევ არ იყო. მესამე კოლექცია მთლიანად შალის ქსოვილისგან დავამზადე. სწორედ ის ნახა რეი კავაკუბომ. მასთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. რეიმ კოლექცია ტოკიოში იხილა, მე იქ არ ვიყავი და მაშინ არც გამგზავრების სახსრები მქონდა. მან ძალიან კარგად შეაფასა ჩემი ნამუშევრები. მომწონდა Comme Des Garcons და მნიშვნელოვანი იყო მის უკან მდგარი ადამიანის აზრი. „21 წლის ასაკში შექმნა ასეთი კოლექცია, ნიშნავს საოცრად ძლიერი დიზაინერი იყო“, − თქვა მან. როცა მის მეუღლეს, ადრიან ჯოფს შევხვდი, გავუმხილე, რომ სამსახური მჭირდებოდა, რადგანაც ბრენდის განვითარების გასაგრძელებლად თანხა არ მყოფნიდა. მაგრამ მან მითხრა: „არტისტი ხარ, ჩვენს მაღაზიაში არაფერი გესაქმება“. მე შევეწინააღმდეგე: „უნდა ამიყვანო, იმიტომ, რომ გაყიდვების ყველაზე მოტივირებული ასისტენტი ვიქნები, ვინც კი გყოლია, რადგანაც საკუთარი საქმისთვის ფული მჭირდება და ყველაფერს გავაკეთებ“. ამის შემდეგ დამთანხმდა. მაღაზიაში 2 წელი დავრჩი. კოლექციებს ღამით ვქმნიდი. ორი სეზონის შემდეგ ჩემი სამოსი კარგად გაიყიდა. მაღაზიაში მუშაობა კი საოცარ გამოცდილებად დამრჩა. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ხშირად გვსტუმრობდნენ და ჩემი იქ ხილვა უკვირდათ“.
ჩემი სტრატეგია
„მივიქციო ყურადღება საკუთარი ნამუშევრებით. კოლექცია შევქმენი, სახელწოდებით Jacquemus En Greve. ფრანგ ხალხს გაფიცვები უყვარს, მე კი გადავწყვიტე ის მოდისთვის მომერგო. საპროტესტო ფორმები ძალიან სექსუალურია“.
The Jacquemus-ის ქალი
„ჩემთვის ცნობილი ფრანგი დიჯეი Clara 3000 ზუსტად რომ „ჟაკემუსია“. ის უხეში და ნაზია ერთდროულად. ეს მიყვარს შარლოტ გინსბურშიც. ამ ორი ადამიანით მოხიბლული ვარ“.
ჩემი შთაგონების წყარო
„გასული საუკუნის 80-იანების ფრანგული ფილმები, ჟან პოლ ბელმონდოთი და ჟერარ დეპარდიეთი. მიყვარს იზაბელ აჯანი და ყველა მისი ფილმი. შეპყრობილი ვარ ფრანგული კულტურით. მიყვარს საფრანგეთი. ჩემი ყველა ინსპირაცია ფრანგულია. მომწონს პიკასო და ჩემს კოლექციებში მასაც იპოვით“.
ჩემი ყოველდღიური რუტინა
„7:30-ზე ვიღვიძებ. დავრბივარ და ვსაუზმობ. ოფისში 9-10 საათისთვის მივდივარ. ჩემი დილა შეხვედრებით იწყება. მხოლოდ დიზაინერი არ ვარ, ბიზნესის მხარესაც თავად განვაგებ. 30 ადამიანი ვართ, რომლებსაც დღის განმავლობაში ბევრი რამის შემოწმება გვიწევს. ლანჩის შემდეგ მოზომვები და სამოსზე მუშაობის პროცესი იწყება. ყოველი დღის გამოწვევაა, არ ვიმუშაო გვიანობამდე. ასევე, მინდა ჩემი გულუბრყვილობა შევინარჩუნო, რაც რთული დავალებაა“.
სამომავლო მიზნები
„ჩემი გეგმები არასოდეს იცვლება. მინდა ვიყო ბედნიერი და ვუსმინო საკუთარ თავს. არაფრის მეშინია. შემიძლია ხვალ Jacquemus დავხურო და ფერმერი გავხდე“.