ქართული OK! MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულის კიდევ ერთ მონაწილეს, ნიჭიერ ქართველ დიზაინერ ტატუნა ნიკოლაიშვილს თავის მინიმალისტურ, კომფორტულ და ნათელ სახელოსნოში ეწვია. ზუსტად ისეთში, როგორიცაა ტატუნას ნამუშევრები − მინიმალისტური, კლასიკური, ხარისხიანი. ტატუნამ მოდის კვირეულის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა, საკუთარ ბრენდსა და პროდუქციაზე გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, მისი აზრით, რა ქმნის ადამიანის სტილს.
ტატუნა, ოდნავ შორიდან დავიწყოთ − როდის და რა ასაკში გაგიჩნდათ ინტერესი მოდის მიმართ?
ინტერესი ძალიან პატარა ასაკიდან გაჩნდა. თავდაპირველად ვხატავდი სამოსის მოდელებს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ამ ნახატებზე ასახული სამოსი შემეკერა. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი დიზაინერული საქმიანობით: ჭრა-კერვით, ფერებით, დიზაინის შექმნით... სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, უკვე მინდოდა ვყოფილიყავი ტანსაცმლის დიზაინერი და შემექმნა სამოსი. სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ერთ-ერთ დიზაინერთან და მისთვის ვაკეთებდი კოლექციას, შემდეგ კი მისაღები გამოცდები სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.
საკუთარი ბრენდი როდის შექმენით?
2010 წელს. არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ მენანა გადაწყვეტილება და სხვა პროფესიით საქმიანობა მომნდომებოდა. დიზაინერობა ჩემი მოწოდება და საუკეთესო პროფესიული არჩევანია. ძალიან მსიამოვნებს შექმნის პროცესი.
თქვენი საყვარელი სამოსი რომელია?
პრაქტიკული სამოსი მიყვარს − ჯინსი, კედები. აქსესუარებიდან − საათი და სავალე.
როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს მოდას თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში?
მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი როლი აქვს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მოდა ფუფუნებაა. სინამდვილეში ის სტილია, ადამიანის ცხოვრების, სამოსის, ყოველდღიურობის სტილი. სწორედ მოდა განსაზღვრავს ადამიანის სტილს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.
თქვენთვის როგორი ადამიანია მოდური?
ვისაც აქვს საინტერესო ხედვა და თავისი, ინდივიდუალური სტილი. სწორედ ასეთი ადამიანია მოდური ჩემი აზრით. ვფიქრობ, სტილს აყალიბებს ფერები და დეტალები.
თქვენს ბრენდზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
ყოველწლიურად, საფრანგეთსა და იაპონიაში ვმონაწილეობ მოდის კვირეულებში. ვაწყობ შოურუმებს, სადაც ხდება ე.წ. ბაიერების მოზიდვა, ხოლო შემდეგ უკვე ჩვენი პროდუქციის გატანა ექსპორტზე. ჩვენი სამოსი იყიდება იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, ევროპაში, და ძირითადად წარმოდგენილია კონცეპტუალურ მაღაზიებში, არ არის მასობრივი ხასიათის და შექმნილია განსაკუთრებული ადამიანებისთვის.
როგორი ადამიანი იცვამს ტატუნა ნიკოლაიშვილის სამოსს?
საინტერესო და გემოვნებიანი ადამიანი. ჩვენი კოსტიუმები მინიმალისტური და პრაქტიკულია, კარგად მოსახმარი, რომელიც დიდხანს შეიძლება იყოს გარდერობში და ადამიანმა წლების განმავლობაში ისე მოიხმაროს, რომ არ მობეზრდეს. როგორც წესი, კლასიკური თარგები გვაქვს საინტერესო დეტალებით; ბევრ კოსტიუმზე ხელით ვმუშაობთ ხოლმე. სახელოსნოში დიდი დრო ეთმობა კონსტრუირებას და ტანზე ზუსტად მორგებას. ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
აღსანიშნავია, რომ ვმონაწილეობთ არტგამოფენებში, ძირითადად − საზღვარგარეთ. პარიზში, ასევე პეკინში, ვმონაწილეობდით მსგავს არტგამოფენაზე, სადაც 3 საინტერესო კოსტიუმი წარვადგინეთ ქართული დეტალებით და დიდი ყურადღება და მოწონება დავიმსახურეთ.
ონლაინ იყიდება თქვენი პროდუქცია?
რასაკვირველია. საკმაოდ ბევრ ონლაინპლატფორმაზეა წარმოდგენილი.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სამოსთან ერთად სხვადასხვა აქსესუარსაც ამზადებთ...
დიახ, ფეხსაცმელებსა და სამაჯურებს, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც სამოსზე გვაქვს.
მოდის წლევანდელ კვირეულზეც გვესაუბრეთ − რა სახის კოლექცია წარადგინეთ?
წლევანდელ კვირეულზე გვქონდა არა ჩვენება, არამედ ახალი კოლექციის პრეზენტაცია. წარდგენილი იყო 60-მდე ერთეული. ძირითადად აქცენტი ეთმობოდა თარგებსა და გეომეტრიულ კონსტრუქციებს; ბევრი კოსტიუმი ხელით შექმნილი შალისგან, აბრეშუმისგან და სხვა ბუნებრივი ქსოვილებისგან იყო. საერთოდაც, ხელოვნურ ქსოვილს პროდუქციის შექმნისას თითქმის არ ვიყენებთ. რაც შეეხება Mercedes-Benz Fashion Week-ს, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად სულ უფრო ვითარდება და იხვეწება. ძალიან საინტერესო და კარგი სტუმრები ჩამოჰყავთ. ისეთები, რომლებიც შესაძლოა პარიზის კვირეულებზეც კი ვერ ნახოთ. ამით ჩვენ, დიზაინერებს გვეძლევა არაჩვეულებრივი საშუალება, შემსყიდველებს ვაჩვენოთ საკუთარი კოლექციები.
ტატუნა, რატომ ირჩევთ თქვენი კოლექციის წარსადგენად პრეზენტაციის სახეს და არა ჩვენებას?
იცით, ჩემი კოსტიუმები ისეთია, იმდენად ბევრი დეტალის შემცველია, რომ ბაიერებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა შესაძლოა სათანადოდ ვერ აღიქვან ეს ყველაფერი ჩვენებაზე, პრეზენტაციაზე კი მათ აქვთ საშუალება კარგად დაათვალიერონ თითოეული დეტალი, შეეხონ პროდუქციას და უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნან მასზე.
საზღვარგარეთ აწყობთ ხოლმე პრეზენტაციებს?
დიახ, ძირითადად საფრანგეთსა და იაპონიაში ვაწყობთ ხოლმე მსგავს პრეზენტაციებს.
თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
შემდეგ კვირეულზე ვაპირებ უკვე არა პრეზენტაციის, არამედ ჩვენების გაკეთებას, რადგან ბოლო 3 სეზონია მუდმივად პრეზენტაციები გვაქვს. გარდა ამისა, სექტემბერში მივდივარ პარიზში ახალი კოლექციით, ოქტომბერში კი ტოკიოში კვლავ შოურუმს გავაკეთებთ. იაპონელებში ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენი პროდუქცია, რაც უზომოდ მახარებს.