პროფესიით ფილოლოგი ვარ და მწერალთა სახლი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში. თუმცა ეს ის ადგილია, რომელიც მთელი თავისი წარსულით არა მხოლოდ ჩემში იწვევს დიდებულ განცდებს, არამედ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიის მატარებელია. გაზაფხულზე, როდესაც მწერალთა სახლის ეზოში ზიხარ, გრძნობ მისტიკას, რომელიც ამ შენობას აქვს და თან ჩიტების ჟღურტულს, ფოთლების შრიალსა და ყვავილების სურნელებას მოაქვს ემოცია, რომელიც ბევრი ადამიანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. თუმცა, ქალი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, სამყაროს კიდევ უფრო სხვა თვალით აღიქვამს − ფოტოგრაფიული სიზუსტითაც და ფოტოხელოვანისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითაც.
ამ ადამიანის ცხოვრებაში უკვე მრავალი წელია ფოტოგრაფია არსებობს და მის შემოქმედებაში ადამიანთან ერთად ძალიან დიდი დოზით ვხვდებით ფლორასა და ფაუნასაც. ალბათ, ამან განაპირობა ისიც, რომ ბრენდი, რომელიც ფოტოხელოვანმა ირმა შარიქაძემ შექმნა, ჟღერს ასე − Irma De Flore და თითქოს იმ საოცარ ენერგიას ატარებს, რომელიც ადამიანისა და ბუნების შინაგან ძალებს აერთიანებს. ამ ენერგიით იქმნება სამოსი, რომელზეც ვრცლად ჩვენს ინტერვიუში ვისაუბრებთ.
როდიდან დაინტერესდით ტანსაცმლის დიზაინით?
მგონია, რომ ადამიანი იბადება კოლექციონერად. მიყვარს ნივთები, რომლებსაც ისტორია აქვს, ამიტომ, ჩემს სახლში ძალიან ბევრი ანტიკვარული ნივთია. Irma De Flore − ეს ისტორიაც, ჩემი ნაციონალური სამოსის, ზოგადად, ქსოვილის სიყვარულითა და კოლექციონერობით დაიწყო. ეს ფანტასტიკური ჩინური აბრეშუმები, რომლებიც ბრენდის ინსპირაცია გახდა, თბილისში, გასული საუკუნის 40-იან წლებში, ჩინეთიდან შემოვიდა. გვხვდება ძალიან მაღალი ხარისხის ყვავილების, ჩიტებისა და ფარშევანგების მოტივებით. გვხვდება ასევე ხელით ნაქარგი აბრეშუმის ქსოვილები, რომლებიც, რაც დრო გადის, უფრო იშვიათია, მაგრამ გარკვეული რაოდენობა რომ დაგროვდა, მივხვდი − ეს სილამაზე მხოლოდ ჩემი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ასე შეიქმნა საინტერესო კონცეფციის ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია შექმნას სამოსი, როგორც ხელოვნების ნიმუში და კოლექციის წარდგენასაც ფანტასტიკური პერფორმანსების სახე შესძინოს. რა თქმა უნდა, Irma De Flore ანტიკვარული აბრეშუმის გარდა იყენებს მაღალი ხარისხის ხავერდს, შიფონს, ორგანზას და აბრეშუმს. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი გამოხატავს ჩემს ხედვას − სილამაზესთან ქალის კავშირს.
ბრენდის ისტორიიდან თუ გაიხსენებთ მოულოდნელობას, რომელმაც გაგაკვირვათ და თან ძალიან გაგახარათ?
მახსოვს, ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ჩემთვის, როდესაც ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა მოგვნიშნა თავის ფოტოზე სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე. თვალებს არ დავუჯერე − ფოტო სცენაზე იყო გადაღებული და Irma de Flore-ის თმის აქსესუარი ეკეთა. ეს კი სრულიად შემთხვევით მოხდა − მისმა სტილისტმა თმის რკალურა (ე.წ. აბადოკი) შარდენზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა და თავისი საკონტაქტო რეკვიზიტებიც დატოვა, თუმცა იქვე თქვა, რომ წინასწარ არ იცოდა, გაიკეთებდა თუ არა მომღერალი ამ აქსესუარს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ჩვენი თმის აქსესუარები ძალიან პოპულარული გახადა. როდესაც ასეთი ფაქტი ჩემგან დამოუკიდებლად, დაუგეგმავად ხდება, ეს განსაკუთრებით მახარებს.
როგორ ფიქრობთ, ის, რომ ქართველ დიზაინერებს მსოფლიოში სახელი აქვთ განთქმული, დემნა გვასალიას დამსახურებაა?
ყველაფრის ერთად − დემნა, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული, თანამედროვე სამყარო და ინსტაგრამი, სადაც ცნობილი ადამიანების სტილისტებს პირდაპირ შეუძლიათ დაგიკავშირდნენ დიზაინერს, შუამავლის გარეშე. ფაქტია, რომ ქართველებს განსაკუთრებული გემოვნება და სილამაზის აღქმის უნარი აქვთ. შესაბამისად, სახელოვნებო სფერო ის მიმართულებაა, რომელშიც სახელმწიფოს ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, რადგან კინო, თეატრი, მოდა, ფოტოგრაფია, თანამედროვე ბალეტი, მუსიკა, ლიტერატურა − ის დარგებია, სადაც შეგვიძლია დიდ წარმატებას მივაღწიოთ მსოფლიო ასპარეზზე და ეს პრიორიტეტული უნდა იყოს. მოდის სფერო მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და რესურსს − როგორც მატერიალურს, ისე ფიზიკურს. მხოლოდ ერთი კოლექციის შექმნა ვერ აცოცხლებს ბრენდს, მუდმივად საჭიროა მის განვითარებაზე ფიქრი და ზრუნვა. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდა ბიზნესად აქციო, რთულია, რადგან არ არის სათანადო ხელშეწყობა. დემნას საქართველოში რომ ეცხოვრა, ეს შედეგები არ ექნებოდა. სამწუხაროა თუ ქვეყნის დატოვებაა საჭირო ამ სახელოვნებო სფეროში წარმატების მისაღწევად.
ბრენდის მიღმა...
არის პატარა სახელოსნო და ძალიან დიდი ძალისხმევით და დიდი სიყვარულით იქმნება ელეგანტური და დახვეწილი სამოსი თუ აქსესუარები. Irma de Flore − ეს არის სტილი, რომელიც ტრენდის გარეშეა, სტილი, რომელიც ხაზს უსვამს შენს ინდივიდუალურობას.
თქვენი ბრენდი გამოირჩევა სამოსის განსაკუთრებული ჩვენებით. ეს არ არის სტანდარტული ჩვენება − პოდიუმზე. მაყურებელს ყოველ ჯერზე სთავაზობთ პერფორმანსს, რატომ?
როგორც მაყურებელს, მგონია, რომ მოდის ჩვენება სტანდარტული სახით უკვე მოსაწყენია. ამიტომ თავიდანვე ბრენდის კონცეფციაში ჩაიდო კოლექციის პრეზენტაციის ორიგინალური ფორმა. პერფორმანსი არის უნიკალური შესაძლებლობა, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის სინთეზით − ცეკვის, მუსიკის, პოეზიის, ფოტოგრაფიის, ვიდეოარტის ერთობლიობით გადმოსცე იდეა, რომელსაც კოლექცია ატარებს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია ჩემი მეგობრების, მხარდამჭერი კომპანიებისა და საკუთარი მუზების მაღალი პროფესიონალიზმის საშუალებით, რომლებიც ჩემს წარმოდგენებში მონაწილეობენ.
Irma De Flore-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პერფორმანსზე გვესაუბრეთ.
ძალიან გვეამაყება, რომ წელს Irma de Flore მასპინძლობდა Mercedes-Benz Fashion Week-ის გახსნას ფანტასტიკურ მწერალთა სახლში სალონური მიღებით და პერფორმანსით „ჩუმ ბაღნარში“. მადლობა პარტნიორობისთვის მწერალთა სახლს, ნატა ლომოურს და მაკა ჯიბუტს. ბარბარე ჯორჯაძის საავტორო სამზარეულომ „ბარბარესთან“, სტუმრებს სპეციალურად ამ ივენთისთვის შექმნილი მენიუთი უმასპინძლა კონიაკ „სარაჯიშვილთან“ ერთად.
პერფორმანსი „ჩუმ ბაღნარში“ დავით სარაჯიშვილის ეპოქას მიეძღვნა. პოეტმა ტიციან ტაბიძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურისა და ესთეტიკის შერწყმა გადმოსცა მეტაფორით, „ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში“. ჩემთვის მწერალთა სახლი არის სიმბოლო, ამ ორი კულტურის შერწყმის ადგილი, სადაც იქმნებოდა და იქმნება ავთენტური და განუმეორებელი ქართული ხელოვნება.
საინტერესო იყო პერფორმანსში პოეზიის შემოყვანა. თეონა დოლენჯაშვილისა და ქეთი ნიჟარაძის პოეტური დუელი პაოლოსა და ტიციანის ლექსებით, რომელსაც ნათია ბუნტურმა ხორცი შეასხა.
პროექტში მონაწილეობდნენ მხოლოდ ჩემი მშვენიერი მუზები: თბილისის თანამედროვე საბალეტო დასის სოლისტები − ნათია ბუნტური და ნინა გოგუა; შეუდარებელი თეა დარჩია; რა თქმა უნდა, კრისტი ყიფშიძე და მსახიობი ანკა ვასაძე; ასევე ანი თალაკვაძე, ლიკა ევგენიძე, სალომე ფაღავა, პიზა სექანია და ანასტასია დავიდსონი.
პერფორმანსის აფიშა გადავიღეთ კახეთში, აყვავებული ატმის ბაღებში, ზღაპრულ სილამაზეში. არ შემიძლია არ აღვნიშნო ფიშის ფანტასტიკური დიზაინი, რომელსაც უკვე მრავალი სეზონია ძალიან დახვეწილი გემოვნებით ტრადიციულად ასრულებს ბესო დანელია და დიდი მადლობა მას.
როგორ შეიქმნა მუსიკა, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა?
გიორგი შამანაურმა შექმნა მისტიკური, ფანტასტიკური მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც შთაგონებული იყო ჩუბინიშვილისა და დოლიძის რომანსებით. მოვიხიბლე გიორგის ნიჭიერებით და ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვიმუშავეთ. მუშაობის პროცესი მარტივი არ იყო, დრო დასჭირდა ძიებას, შედეგმა კი ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მგონია, რომ გიორგისთან კიდევ ვიმუშავებთ. მადლობა მშვენიერ ნათია ბუნტურს, რომ ეს ადამიანი გამაცნო. მე მიყვარს ერთი და იგივე ადამიანებთან მუშაობა. რაც დრო გადის, ისინი შენი მეგობრები, თანამოაზრეები ხდებიან და მაშინ მუშაობა სიამოვნებაა.
როგორია კოლექციაზე მუშაობის პროცესი?
ახალ კოლექციაზე მუშაობა თავიდან ძალიან ღრმა და ინტიმური პროცესია, რადგან ეს მხოლოდ კოლექცია არ არის. მუშაობა ერთდროულად იწყება პერფორმანსის კონცეფციაზეც. ინტუიცია, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს. ასევე ყველაფერი ის, რაც ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს − ადამიანები, წიგნები, ფილმები, რომლებიც მაღელვებენ; სახეები, პერსონაჟები, გზავნილები, რომლებიც სათქმელია − ეს ყველაფერი გროვდება, ერთ მშვენიერ დღეს ფაზლივით აეწყობა და იბადება. ჯადოსნური, მაგრამ რთული პროცესია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პროფესიული ინდუსტრია და კადრი არ არსებობს და ყველაფერი შენ უნდა აკეთო.
როგორია ქალი თქვენთვის და როგორია Irma De Flore-ის ქალი?
ჩემთვის ქალი შთაგონების წყაროა − ის ძლიერი და სუსტია ერთდროულად, მუზა და პოეტია ერთდროულად. ქალი დიდი ენერგიისა და ეროტიზმის მატარებელია, ლამაზი სიცოცხლით სავსე და სიცოცხლის მომნიჭებელი. Irma De Flore-ის ქალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. უყვარს, როცა იუმორი იგრძნობა, უყვარს იმპროვიზაცია, რადგან მოდაში ყველაფერი ერთდროულადაა. არ უნდა გეშინოდეთ იუმორის, ექსპერიმენტის, ფერების. Irma De Flore-ის ქალი პრიორიტეტს ანიჭებს ნატურალურ ქსოვილებს, ელეგანტურ და ბოჰემურ სტილს ერთდროულად, ფერად და დიდი ზომის აქსესუარებს; ყვავილოვან პრინტებს, შიფონის მოცეკვავე კაბებს, ანტიკვარული აბრეშუმის კიმონოებს, წითელ პომადას, უსმენს ტანგოს და უყვარს ცეკვა.
რატომ De Flore?
Irma de Flore პოეტურად ჟღერს ყველა ენაზე. ასოციაციურად ადვილად მისახვედრია ბრენდის კონცეფცია − როგორც ვიზუალურად, ასევე აზრობრივად. სამყარო ჩვენ გარშემო შთაგონების ულევი წყაროა. დედამიწა, კოსმოსი, ფლორა, ფაუნა − ერთი ორგანიზმია და ადამიანები მისი ნაწილია. ძალიან განვიცდი და გული მტკივა იმაზე, რაც დღეს ხდება ეკოლოგიის კუთხით და ვფიქრობ, ამის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
სადაა შესაძლებელი თქვენი სამოსის შეძენა?
კოლექციის ნაწილი გაიყიდება შარდენზე, მაღაზიაში TEYO. დიდი მადლობა მათ მასპინძლობისთვის. ასევე, რა თქმა უნდა, Irma de Flore-ის ინსტაგრამის გვერდზე შეგიძლიათ მოგვწეროთ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვაგზავნით შეკვეთას, რომელსაც პირადად ვაკონტროლებ და ამის პარალელურად, გვაქვს ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურება თქვენთან, შინ მომსახურების სერვისით, რაც დაკავებული ქალბატონებისთვის ძალიან კომფორტულია და დიდი მოწონებით სარგებლობს.
საზღვარგარეთ გაქვთ მიწოდება?
დიახ. შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან ჯერ წარმოება არ არის დიდი. ამ სეზონზე მოლაპარაკება გვაქვს გერმანელ და იაპონელ შემსყიდველებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი კოლექციით. Mercedes-Benz Fashion Week არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ქართველ დიზაინერებს ხელს უწყობს საზღვარგარეთ ბრენდის პოპულარიზაციასა და კონტაქტების მოძიებაში. ეს ასევე ქვეყნის ცნობადობას და ტურიზმის პოპულარიზაციას ემსახურება. ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო ვარსკვლავებს აცვიათ ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსი და ეს მხოლოდ დასაწყისია. მადლობა სოფო ჭყონიას. რასაც დღეს სოფო აკეთებს, დაკავშირებულია უდიდეს ფინანსურ და ადამიანურ რესურსთან. ვუსურვებ მას ძალიან დიდ ენერგიასა და გამძლეობას. ასევე, ვფიქრობ აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის მხრიდან მეტი ინვესტიცია და ხელშეწყობა იყოს ამ სფეროსადმი.
სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
ეს წელი აქტიურად დაიწყო: თებერვალში გავხსენი გამოფენა „შენ და შენი ქალღმერთი“, რომელსაც ჩემმა საყვარელმა „პურპურმა“ უმასპინძლა. „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის გახსნამ და პერფორმანსის სამზადისმა დიდი დრო და ენერგია წაიღო. ცოტას დავისვენებ და ძალიან საინტერესო ახალ ფოტოპროექტზე დავიწყებ მუშაობას, ინტერიერის დიზაინერ ესმა ხეცურიანთან ერთად − კახეთში, ახალ, ფანტასტიკურ სასტუმრო „ესკიზის“ ინტერიერისთვის ფოტონამუშევრების სერია შეიქმნება.