ბავშვობაში, ყველაზე ბევრ გულს დედიკოს ვუხატავდი იმისთვის, რომ ყველაზე დიდი სიყვარული გამომეხატა მის მიმართ. მეგონა, რაც უფრო ბევრ გულს დავუხატავდი, მით მეტად სრულყოფილად გამოვხატავდი სიყვარულს. გული − ეს სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც თავის თავში ატარებს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი კაცობრიობის მოდგმის სიყვარულს. შესაბამისად, ყველასთვის ადვილი მისახვედრია, რას შეიძლება ნიშნავდეს გულის ფორმები, რომლებიც ასე მრავლად არის წარმოდგენილი ქართველ დიზაინერ გიორგი ქებურიას შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის კოლექციაში. საიდან გაჩნდა იდეა და რა სიახლეებს გვთავაზობს გიორგი? − შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან.
გიორგი, ახალ კოლექციაში ჭარბობს გულები... მოგვიყევით, რატომ?
სულ თავიდან მოვყვები და გეტყვით, რომ ყველაფერი გულის ფორმის ღილებიდან დაიწყო, რომელმაც ძალიან მომხიბლა. შემდეგ უკვე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა ისინი კოსტიუმებში სხვადასხვა ვარიაციით. ამას მოყვა მუშაობა ფორმებზე, სილუეტებზე. რასაკვირველია, ამ ყველაფრის პარალელურად არ მავიწყებოდა მთავარი სურვილი, რომ ყველანაირი დრო ამერია ერთმანეთში და რაღაც ახალი გამეკეთებინა − მიქსი ყველა ასაკის ქალისთვის. თუმცა, გულებზე იმდენი ვიფიქრე, რომ ეს ფორმა შემოიჭრა ჩემს კოლექციაში და მქონდა გულის ფორმის ტოპები, ამოყირავებული გულის გამოსახულებიანი ზედატანები... მოკლედ, საბოლოოდ ასეთი „სასიყვარულო“ კოლექცია მივიღეთ.
რისი თქმა გსურდათ საზოგადოებისთვის თქვენი ახალი კოლექციით?
მინდოდა დრამატული ყოფილიყო და სილუეტებიც უფრო მკაცრი გამოვიდა წინა კოლექციებთან შედარებით. თინეიჯერობიდან Sugar Daddy-ის პანაშვიდამდე. სკოლის ფორმებიდან მოწიფული ქალის სამოსამდე. ყველა ასაკში ვიმოგზაურე, რადგან მინდოდა ყველა ქალისთვის ყოფილიყო ჩემი კოლექცია საინტერესო.
რა ტიპის ქსოვილები გაქვს გამოყენებული შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის კოლექციაში?
ვიმუშავე ყველანაირ ქსოვილზე. გამოყენებული გვქონდა შალი, აბრეშუმი, ტყავი და ხელოვნური ლაკი.
ფეხსაცმელები იყო სიახლე თქვენს კოლექციაში, რომლითაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესდა. გაიყიდება თუ არა ეს ფეხსაცმელები?
სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მიფიქრია ამ ფეხსაცმელების გაყიდვაზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოება მოიხიბლა, გადავწყვიტე, კოლექციის ჩაშვებასთან ერთად, მომხმარებელმა ფეხსაცმლის შეძენაც შეძლოს. ეს კი დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან იქნება.
წარმოუდგენელია თქვენმა ჩვენებამ ჩაიაროს სათვალეების გარეშე. Mercedes-Benz Fashion Week-ზე წარმოდგენილი მოდელი კი, იყო თქვენი პირველი სათვალის განახლებული ვარიანტი, ასე არ არის?
დიახ. ეს სათვალე ყველაზე პირველი მოდელი იყო ჩემი სათვალეების კოლექციიდან. იგი ახალი მასალით დამზადდა ექვს სხვადასხვა ფერში. მათ შორის ერთი ოპტიკურია. აქამდე, ოპტიკური დანიშნულებისთვის სათვალე არ მქონია შექმნილი და ამ კუთხით ეს სიახლედ შეგვიძლია აღვიქვად.
როგორ მოხვდა მაილი საირუსი ალბომის ყდაზე თქვენი შექმნილი ზედატანით?
აშშ-ში არის თათა ქართველიშვილის PR-სააგენტო, რომელთანაც გვქონდა გაგზავნილი რამდენიმე სამოსი სხვადასხვა ცნობილი ადამიანისთვის შესათავაზებლად. მაილი საირუსს მოეწონა ეს ზედატანი და ახალი ალბომის ყდის გადასაღებად სწორედ ამ სამოსით იპოზირა კამერების წინ.
რა იწვევს ქართველი დიზაინერების მიმართ ასეთ ინტერესს?
უცხოელებისთვის საინტერესოა ჩვენი კოლექციები, რადგან ისინი აქტიურად ეძებენ ახალ დიზაინერებს, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ სიახლეებს და თან მათი პროდუქცია არ ღირს ძალიან ძვირი. ამავდროულად, ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსის მორგებისას, დაზღვეულები არიან იმისგან, რომ მსგავსი სამოსი ბევრ ადამიანს ეცვას, რადგან ჩვენ არ გვაქვს მასობრივი წარმოებები.
როგორ ხდება უცხოელ შემსყიდველებთან კონტაქტი?
ხან თვითონ გვიკავშირდებიან სტილისტები, ხან Mercedes-Benz Fashion Week-ის საშუალებით, ხან კი − თათა ქართველიშვილისგან.
რა პლატფორმაა თქვენთვის მერსედესის მოდის კვირეული?
წლებია უკვე Mercedes-Benz Fashion Week იმართება თბილისში. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან გავიზარდეთ დიზაინერები და ეს სოფო ჭყონიას დამსახურებაა, ძალიან დიდი მადლობა მას. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ეს კვირეული არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ვიზრდებით და ვიხვეწებით − როგორც დიზაინერები, ისე ორგანიზატორები.
შემოდგომა/ზამთრის 2019 წლის კოლექციის ჩვენების დეტალებზე გვესაუბრეთ.
ჩვენება გავმართეთ სასტუმრო „მოქსის“ საკონფერენციო დარბაზში. ირგვლივ სულ ფარდები იყო. ეს ინტერიერი პირადად მე მახსენებდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ამერიკული რესტორნების ინტერიერს − საბანკეტო დარბაზს. ინსტალაციას რაც შეეხება, ჭერიდან დავუშვით 400-მდე თეთრი ფერის ვარდი. საბოლოოდ, ფარდებით სავსე დარბაზი, თეთრშალითიანი სკამებით, სარკეებითა და თეთრი ვარდებით, ძალიან კარგ გარემოს ქმნიდა კოლექციის საჩვენებლად.
ლოკაციას თქვენ არჩევთ ხოლმე?
დიახ, რა თქმა უნდა. ვცდილობთ, კოლექციის ხასიათიდან გამომდინარე შევარჩიოთ ხოლმე სივრცე.
სამომავლოდ რას ველოდოთ თქვენგან?
ახალ სათვალეებზე ვმუშაობთ, რომელიც ზაფხულში იქნება. ეს ის სიახლეა, რომელსაც ახლო მომავალში დაგეგმილად უნდა ელოდოთ ჩემგან. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.