ქართული OK! ცნობილ ქართველ დიზაინერ თამუნა ინგოროყვას თავის ბრენდზე, განსაკუთრებულ დიზაინერულ ხელწერასა და MERCEDES BENZ FASHION WEEK-ზე ესაუბრა. დიზაინერმა დიდი სიამოვნებით გაგვიმხილა, რომელია მისი საყვარელი სტილი, ფერები და ისიც მოგვიყვა, თუ საიდან დაიწყო მისი მრავალფეროვანი და საინტერესო დიზაინერული საქმიანობა.
თამუნა, მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება მოდით და როდის გადააქციეთ ეს ინტერესი პროფესიად?
სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სტუდენტობიდან მოყოლებული, მივხვდი, რომ დიზაინერობა აღარ იყო ჩემთვის მხოლოდ ინტერესი და უნდა გადაქცეულიყო პროფესიად. ამ საკითხისადმი საკმაოდ სერიოზული მიდგომა მქონდა და შესაბამისად, დავიწყე მოდის სხვადასხვა სასწავლებლების ძიება, რომ ამ მიმართულებით სწავლა გამეგრძელებინა. ერთ-ერთი იყო Esmod Paris, სადაც დავიწყე კიდეც სწავლა.
ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალიან მიყვარს და დღე და ღამე შემიძლია მუშაობა, მისთვის მთელი ჩემი დროის დათმობა. ეს ყოველივე ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასია და რომელსაც თავგანწირულად ვემსახურები. მგონია, რომ ეს შეინიშნება კიდეც ჩემს ნამუშევრებში.
რომელია თქვენი საყვარელი ჩაცმულობის სტილი?
ჩემი საყვარელი სტილია მინიმალისტური, რომელიც თავადაც მაცვია. ჩემი ბრენდის სტილიც სწორედ ასეთია − მინიმალიზმი.
ფერები?
განწყობაზეა დამოკიდებული. საერთოდ, ჩემი საყვარელი ფერებია შავი, თეთრი და წითელი. ეს სამი ფერი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ.
თამუნა, თქვენი აზრით, რა ქმნის პიროვნების ვიზუალურ სტილს?
ინდივიდუალური ხასიათი და გემოვნება. რაც უფრო ინდივიდუალურია ადამიანი, მით უფრო გამოხატული სტილი აქვს მას.
წლევანდელ Mercedes-Benz Fashion week-ზე ვისაუბროთ. როგორი სამოსი წარმოადგინა თამუნა ინგოროყვამ მოდის ამ კვირეულზე?
მე წარმოვადგინე ზამთრის კოლექცია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დეტალებით იყო გამოხატული. ჩემი კოლექციის ჩვენება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარიმართა და მიმაჩნია, რომ ამ დარბაზმა განსაკუთრებული გარემო შექმნა კოლექციისთვის, მოუხდა მას. ზოგადად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ჩატარდა წელს მოდის კვირეული. ბევრი ახალგაზრდა და საინტერესო დიზაინერი აღმოვაჩინეთ. ვფიქრობ, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული ნელ-ნელა სულ უფრო ვითარდება, იხვეწება და ბევრად სასარგებლო მიმართულებებისკენ მიდის.
თამუნა, რამდენ ქვეყანაშია წარმოდგენილი თქვენი ბრენდი?
დაახლოებით 19 ქვეყნის მაღაზიებშია წარმოდგენილი. ძირითადად აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ევროპაშიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და აშშ-შიც.
როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა დღეს ქართული მოდის პოზიციონირება მსოფლიო მოდის პლატფორმაზე? რამდენად ღირსეულად ვართ წარმოდგენილები?
მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით სერიოზულ პოზიციონირებაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მგონია, რომ მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად წინ წავალთ.
თქვენი, როგორც დიზაინერის, და თამუნა ინგოროყვას ბრენდის განსაკუთრებული ხელწერა, ნიშა რა არის? როგორ ფიქრობთ?
ჩვენი განსაკუთრებული ხელწერა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ჩვენი პროდუქცია მინიმალისტური და მაღალხარისხიანია, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია, როგორც დიზაინით, კონსტრუქციით, ასევე ხარისხითა და ინდივიდუალიზმით.