ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბედის წარმმართველნი არიან. ამასთან, თუ სასურველ დროს სასურველ ადგილას აღმოჩნდი და ზეცამ ნიჭიც „დაგაბერტყა“, წარმატება გარანტირებულია. ირაკლი რუსაძეს პირველად საქართველოს მოდის კვირეულზე შევხვდი. მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი და მოდის სფეროს მიმართ ჩემი დიდი ინტერესის გამო მოხალისედ ვმუშაობდი. ირაკლიც ძალიან ახალგაზრდა იყო და ეს მისი პირველი ჩვენება გახლდათ. მას შემდეგ ის სხვადასხვა დიზაინერთან მუშაობდა, იმისათვის, რომ პრაქტიკული ცოდნა მიეღო. ირაკლიმ ბევრი იმუშავა თავის თავზე, შექმნა ბრენდი SITUATIONIST და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ახალი ისტორიის წერა დაიწყო.
მარტივი ხომ არ არის, იყო პირველი ქართველი დიზაინერი, რომელიც ოფიციალურად გამართავს ჩვენებას მილანის მოდის კვირეულზე... თუმცა, დასაწყისში უკვე ვთქვი და მივუბრუნდები იმ აზრს, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და, ალბათ, არც სოფო ჭყონია და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ყოფილა ირაკლის ცხოვრებაში შემთხვევით, რადგან მისი გზა მსოფლიო მოდისკენ სწორედაც რომ ამ კვირეულმა გაკვალა. ბრენდის არსზე და სამომავლო გეგმებზე კი, თავად დიზაინერი გვიამბობს.
რა არის დამახასიათებელი თქვენი ბრენდისთვის?
სეზონების სწრაფად ცვლა და ტენდენციები ჩვენი ბრენდისგან უფრო განსხვავებული კურსია. SITUATIONIST კარგად იცნობს თავის მომხმარებელს და ზუსტად იცის მათი აზრი. ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან იძენენ სამოსს, არ აქვთ გათვლილი ჩაიცვან ის ერთხელ ან ორჯერ. პირიქით − გეგმავენ, რომ ეს იყოს ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტი, მაგალითად, 5-10 წლის განმავლობაში. ეს კი, მდგრადი მოდის განვითარებაში მნიშვნელოვანი მომენტია. თუკი ამა თუ იმ პროდუქტს დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარ, მაშინ ის უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი. ამიტომ ჩვენი ბრენდისთვის ხარისხი უპირველესია. ვცდილობ, გავაკეთო ხოლმე დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია, რათა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის ადამიანებისთვის დიდი არჩევანი იყოს. მართალია მეტწილად მაინც, კლასიკასთან ვართ ახლოს, მაგრამ გვაქვს სპორტული სტილიც. ძალიან მინდა, ჩვენი ბრენდი იყოს ხიდი მოდასა და არტს შორის, ამიტომ უფრო მეტად გვინდა არტის შემოტანა კოლექციებში. დღეს იმდენად დიდია არჩევანი სამოსის მხრივ, რომ ტანსაცმელი, რომელიც არაფერს გულისხმობს და არ არის შემოქმედებითი თავისი კონცეფციით, ნაკლებადაა საინტერესო თანამედროვე მოდისთვის. თუმცა საინტერესოში ვგულისხმობ უფრო შემოქმედებითს, რომელიც ავანგარდულისგან უნდა გავმიჯნოთ.
როგორია 2019/2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომელიც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კვირეულზე წარადგინეთ და ბრენდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვირეული?
შინაარსობრივად, მრავალფეროვანი კოლექცია შევთავაზეთ მაყურებელს. ფერების მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი არ იყენებს არც ძალიან მუქსა და არც ძალიან ჭრელ ფერებს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იყო ჩემი კარიერის საწყისი. ყველა გარდატეხა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ამ კვირეულს უკავშირდება და აქ დამყარებულ ურთიერთობებს, რომელსაც მოჰყვა მილანისა და პარიზის მოდის კვირეულები. ამავდროულად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვაწყობ ჩვენებას და ვაყალიბებ გარემოს, რომელიც ლოკაციით, კოლექციის ხასიათით, მუსიკითა და გარემოთი ესთეტიკურ პროდუქტს ქმნის.
ჩვენების ლოკაცია თქვენ შეარჩიეთ?
დიახ, „საქართველოს მატიანე“ საბჭოთა კავშირის დროსაა გაკეთებული და ბუნებრივია, რომ ატარებს საბჭოთა სიმბოლიკას. ამავდროულად, თუ არ ვცდები, საქართველოში ყველაზე მაღალი ძეგლია და კოლექციაშიც ბევრი ხაზი იყო ისეთი, რომელიც ეხებოდა საქართველოს არქიტექტურას.
ბრენდი, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ, რამდენად ცდილობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი?
ვფიქრობ, ჩვენი − ხელოვანი ადამიანების ერთგვარი პასუხისმგებლობაა, გავაცნოთ და წარვუდგინოთ საქართველო მსოფლიოს. დღეს, როცა საზღვრები გახსნილია და ხელოვნება მეტ-ნაკლებად განვითარებულია, არის სხვადასხვა საშუალება იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო საინტერესოდ და ღრმად წარმოვადგინოთ − მსოფლიოს წინაშე. აქცენტი მხოლოდ ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ მთელი ხელოვნება იქნება ეს მოდა, კინოინდუსტრია თუ თანამედროვე მხატვრობა, საინტერესოდ უნდა წარმოაჩენდეს საქართველოს.
ახლა წარსულში რომ გავიხედოთ, გვითხარით, როდიდან დაიწყეთ სამოსის შექმნა SITUATIONIST-ის სახელით და რატომ ასეთი სახელი?
ბრენდი თითქმის სამი წელია არსებობს. მოძრაობა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში არსებობდა, ავანგარდისტული რევოლუციონერების ერთიანობას წარმოადგენდა. ჰქონდათ ბევრი სხვადასხვა შეხედულება კონკრეტული საკითხების მიმართ და იდეურადაც განსხვავდებოდნენ. ამიტომ მგონია, რომ ეს სახელწოდება ბრენდს უხდება − განსაზღვრავს და გამოხატავს მის ხასიათს. ჟღერადობის მხრივაც ინტერნაციონალური სიტყვაა და მარტივი გამოსათქმელია. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მოდა გამოხატვის საშუალებაა და ყოველთვის აქვს საკუთარი სათქმელი. შესაბამისად, მოძრაობასა და ბრენდს შორის არსებობს მსგავსება − SITUATIONIST-ი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სოციალურ-პოლიტიკური აქტივიზმი.
თქვენი სამოსისთვის დამახასიათებელია ფორმები. რამდენად გაგიჭირდათ კონსტრუქციაზე მუშაობა?
თვითონაც მესმის კონსტრუირება და ამან გამიადვილა საქმე. თბილისში არის საუკეთესო კონსტრუქტორი − გაირა, რომელსაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ამაში. მან უდიდესი ძალისხმევა გაიღო. სწორედ ეს არის ჩვენი ბრენდის წარმატების საიდუმლოც − ყველა ადამიანი მენეჯმენტიდან აკეთებს თავის მაქსიმუმს და სჯერა ბრენდის წარმატების. შესაბამისად, პროდუქტიც ხარისხიანი გამოდის და დაუღალავი შრომის საფასურად ბრენდიც წარმატებას აღწევს.
რამდენი ადამიანი მუშაობს დღეს წარმოებაში?
დაახლოებით 20 ადამიანი ვართ, მაგრამ გაფართოება გვინდა, რადგან იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე და ამიტომ ჩვენი რესურსი საკმარისი აღარ არის.
საზღვარგარეთ...
ვთანამშრომლობთ შოურუმთან Tomorrow, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბრენდის პოპულარიზაციაში. ასევე Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფაქტორი გვეხმარება ცნობადობის გაზრდაში. ჩვენ ყველა სეზონზე დავდივართ შოურუმებზე და SITUATIONIST-ს უკვე ძალიან კარგად იცნობენ ევროპისა და აზიის ქვეყნებში. ყველაზე მეტად კი, დიდი ბრიტანეთი და იაპონიაა დაინტერესებული.
ფიქრობთ მეორე ხაზის დამატებას?
დიახ, გვინდა მეორე ხაზის დამატება, რადგან ბევრ ადამიანს სურს ჩვენი ბრენდის სამოსის ტარება. მინდა უფრო ხელმისაწვდომი გავხადო, მაგრამ ფასის კლება არ უნდა მოხდეს ხარისხის გაფუჭების ხარჯზე. ამიტომ, ამ კონცეფციაზე ვმუშაობთ და როგორც კი ჩამოვყალიბდებით, აუცილებლად გამოვუშვებთ მეორე ხაზს.
სამომავლო გეგმები?
წინ დატვირთული ზაფხული გველოდება, რადგან უნდა მოვემზადოთ პარიზისთვის − სექტემბერში. სხვადასხვა არტპროექტის განხორციელებასაც ვგეგმავთ.