ეშლი გრემი ამერიკული შოუბიზნესის უნიკალური ფიგურაა. 31 წლის მოდელი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი Plus Size მოდელია, რომელიც „ბოდიპოზიტივის“ და საკუთარი სხეულის სიყვარულის პროპაგანდას ეწევა. 5 წლის წინ ეს არა მხოლოდ ნამდვილი სენსაცია, არამედ ბევრი გოგონასთვის ფსიქოლოგიური გარდატეხა იყო. 2017 წელს ეშლი პირველი Plus Size მოდელი გახდა, რომელმაც მოდურ ჩვენებაში სხვა სუპერმოდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გრემი ნებრასკაში დაიბადა. „ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ შტატში“, – სიამაყით აცხადებს ის. ბავშვობიდან უყვარდა ტელევიზორის ყურება, თუმცა ეკრანზე ვერ პოულობდა ვარსკვლავს, რომელიც მაგალითს მისცემდა, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი ფიგურით შეიძლება წარმატების მიღწევა. „მაშინ, ერთადერთი ცნობილი ადამიანი არასტანდარტული ფორმებით, ჯენიფერ ლოპესი იყო, თუმცა მას უბრალოდ ფართო თეძოები ჰქონდა. დედაჩემი ისევე გამოიყურებოდა, როგორც მე. ყოველთვის მასწავლიდა საკუთარ თავზე დადებითად მეფიქრა და აქცენტი გარეგნობიდან გადამეტანა იმაზე, რაც შინაგანად მქონდა. მახსოვს, მეუბნებოდა: მერე რა, თუ ცხიმოვანი ნაკეცები გაქვს, როცა მხიარული, ჭკვიანი და ქარიზმატული გოგონა ხარ?“ – იხსენებს ეშლი. პოდიუმზე მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას წარმოადგენდა, თუმცა მის ბედისწერას თავისი გეგმები ჰქონდა. მოდელად მუშაობა 12 წლის ასაკში დაიწყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია და ფოტოსესიაზე დაიბარა. ეშლი იხსენებს, რომ ერთხელ, როცა მისი სურათი ადგილობრივ რეკლამაში ნახეს, სკოლაში ბავშვები ამბობდნენ: „ეს ის გოგონა არაა, აქ რომ სწავლობს? როგორ გახდა მოდელი, ის ხომ მსუქანია!“ გრემს დღემდე ახსოვს, როგორი მძიმე მოსასმენი იყო ეს სიტყვები: „ბულინგზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება – ადამიანები მას თავდაჯერების ნაკლებობის და საკუთარი თავის უსიყვარულობის გამო აკეთებენ. რთულია გაიაზრო, როცა ამ სიტუაციაში ხარ მოქცეული, თუმცა ეს სიმართლეა“, – ამბობს ეშლი.
16 წლის ასაკში, ნებრასკადან ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მაშინვე დაუწყეს დარწმუნება, წონაში დაეკლო. „ყველა დიეტა ვცადე, რაც კი არსებობს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ იმდენი!“ ეშლი მორჩილად იცავდა ყაბაყის წვნიანის და წვენების დიეტას, ითვლიდა კალორიებს, ვარჯიშობდა ყოველდღე, მაგრამ არაფერი ამართლებდა. „ყველას სურდა გამემართლებინა მათი წარმოდგენა, თუ როგორი გარეგნობა უნდა მქონოდა. მეუბნებოდნენ, რომ მოდის ინდუსტრიაში „დიდი“ გოგონები არ უყვართ. მე კი ჩემს სხეულში ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს და „დიდად“ სულაც არ მივიჩნევდი მას“.
მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებზე ხშირად იწვევდნენ, სტრესის ფონზე, კილოგრამებს უფრო მეტად იმატებდა. მაშინ, ეშლიმ მოიფიქრა მანტრა, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად იმეორებს: „შენ ხარ მამაცი. შენ ხარ ჭკვიანი. შენ ხარ ლამაზი“.
რატომ მანცდამაინც ეს სიტყვები?
მამაცი იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის ვიბრძოლო. ჭკვიანი იმიტომ, რომ ბავშვობაში ყურადღების დეფიციტისა და დისლექსიის სინდრომის გამო, დიდი ხანი მივიჩნევდი საკუთარ თავს უუნაროდ. ლამაზი იმიტომ, რომ არ მჯეროდა, თუ ჩემი პარამეტრებით მოდელი გავხდებოდი. ეს სიტყვები მუდამ უნდა მემეორებინა თავისთვის, რათა აღარ შემშინებოდა. დღეს კი ყველაფერს სიამოვნებისთვის ვაკეთებ. როცა შვილები მეყოლება, აუცილებლად ვასწავლი საკუთარი მანტრების შექმნას. სიტყვა ძალას გვმატებს.
კარიერაში გარდამტეხი მომენტი თეთრეულის რეკლამა გახდა: ეშლი სექსუალური იმიჯით პოზირებდა. სარეკლამო რგოლმა ფართო აუდიტორია შეკრიბა: მას უკვე ცნობდნენ ქუჩაში. მათ კი, ვინც აკრიტიკებდნენ, უცებ გონება გაუნათდათ: „საზოგადოებისგან დადებითი დამოკიდებულება მალე მივიღე. იყავი საკუთარი თავი, შენი ზომა მშვენიერია!“ – მოგვიწოდებდა ეშლი. მას შემდეგ დიეტებს აღარ იცავდა და ჯანსაღი კვების წესზე გადავიდა. ასევე, მისდევს სპორტის სხვადასხვა სახეობას, მათ შორის – კრივს.
რა მოხდება თუ წონა ცვლას დაიწყებს? მოდელებს ხომ პარამეტრებს მკაცრად უკონტროლებენ?
გარწმუნებთ, არცერთ კონტრაქტს არ დავკარგავ. თუ 9 კილოგრამს მოვიმატებ ან დავკარგავ, არაფერი შეიცვლება. ეს ხომ ჩემი სხეულია? ადამიანები ხშირად საკუთარ მოთხოვნებს ახვევენ სხვის სხეულს და ამბობენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის. ეს ხომ სასაცილოა? ამიტომაც გავხდი აქტივისტი. არავის არ შეუძლია უკარნახოს ქალებს, როგორი უნდა იყოს მათი სხეული და ზომა.
მხოლოდ ეშლი არ ფიქრობს ასე. „ბოდიპოზიტივი“ გლობალურ ტრენდად იქცა. „შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ თუ დღეს ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში 4-5 გოგო მონაწილეობს, ისინი განსხვავებულები იქნებიან თავიანთი წონით, კანის ფერით და ასაკით. ეს ძალიან მაგარია. კმარა შეზღუდვები!“ - ეამაყება მოდელს.
მისთვის წარმატების მეორე მხარეა ნაცნობი. პოპულარობის შემდეგ ეშლიმ მოუხშირა წვეულებებზე სიარულს, ალკოჰოლის მიღებას, შინ ნაკლები დროის გატარებას... როგორც კი იგრძნო, რომ მისი ცხოვრება უაზრო სადღესასწაულო კარუსელს ემსგავსებოდა, ეკლესიას მიაკითხა. ბავშვობაში ხშირად მსახურობდა, მაგრამ ამჯერად ეს გაანალიზებულად გააკეთა და არა ქრისტიანული ოჯახის გარემოებით. გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა. მან ხელახლა დაამყარა ურთიერთობა ღმერთთან და შეხვდა მომავალ ქმარს, რეჟისორ ჯასტინ ერვინს. როცა საუბარი მას ეხება, ეშლი ღიმილით პასუხობს: „მე ის ძალიან მიყვარს!“ და აუცილებლად გაიხსენებს ისტორიას: „ერთხელ ნიუ-იორკის აეროპორტიდან ტაქსით მოვდიოდით, როცა მკითხა, თუ როგორს ვხედავდი მას. მე გამიკვირდა და ვუპასუხე: „ჭკვიანს, დამოუკიდებელს, ინტელიგენტს, რომელსაც უყვარს ღმერთი და ვუყვარვარ მე“. მან შემომხედა და მითხრა: „მე კი შენში ჩემს ცოლს ვხედავ. გხვდები იმიტომ, რომ შენზე დაქორწინება მინდა“. წყვილის ქორწინება უკვე 8 ბედნიერ წელს ითვლის.
რამდენიმე წლის წინ, ეშლიმ იგრძნო, რომ გარკვეული პერიოდი ერთ ადგილს ტკეპნიდა და წინ ვერ მიიწევდა. მაშინ გადაწყვიტა ხელი ბიზნესისთვის მოეკიდა. „ვიფიქრე, თუ ტაირა ბენქსმა, ჰეიდი კლუმმა, სინდი კროუფორდმა და ბევრმა სხვამ შეძლეს საკუთარი საქმე დაეწყოთ, მეც გამომივა“. ერთ-ერთი კანადური მაღაზიების ქსელის Addition Elle-ის გადაღებების შემდეგ, ეშლი კომპანიის დირექტორთან შევიდა და განუცხადა: „იცით, მე შემიძლია ბიუსტჰალტერები შევქმნა“. უფროსმა მასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მოდელმა ქალის თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების შექმნასაც მიჰყო ხელი. ცოტა ხნის წინ, იტალიური ბრენდისთვის Marina Rinaldi, ჯინსის სამოსიც გამოუშვა.
„ყველაზე რთულია შეკერო ჯინსი, რომელიც ტანზე იდეალურად დგას, მაგრამ ჩვენ გამოგვივიდა შეგვექმნა შარვლები ნებისმიერი ტიპის სხეულისთვის. ძალიან მინდა სექსუალური ჯინსი შევქმნა, რომელიც სილუეტს გამოკვეთს“.
მოდელი საკუთარ პოდკასტში, ცნობილ სტუმრებთან ერთად სილამაზის საკითხებს და საკუთარი თავის მიღებისას წარმოქმნილ სირთულეებს განიხილავს. მისი შოუს გმირები განსხვავებულები არიან, ისევე, როგორც თავად ეშლი, და მზად არიან საკუთარი შეხედულებები ბოლომდე დაიცვან. 2017 წელს გრემმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელად „ახალი მოდელი: როგორია სინამდვილეში თავდაჯერება, სილამაზე და ძალა“. „ახლა საკუთარი თავის პრეზენტაციის დროა, ამიტომ სოციალური ქსელები ამ ტრენდის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მეშვეობით, ადამიანები მნიშვნელოვან სათქმელს ამბობენ და მათ უსმენენ“, – ამბობს გრემი.
ტოპმოდელი, აქტივისტი, დიზაინერი. რას მიიჩნევთ შემოქმედებაში ყველაზე მთავარ მიმართულებად?
ყოველთვის მოდელი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ შემიძლია საიმიჯო, მაგალითის მიმცემი მოდელიც ვიყო, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მსურს ჩემი თაობის ოპრა უინფრი გავხდე. არ გამიგოთ არასწორად – ოპრა ყოველთვის იყო და დარჩება ერთადერთად. უბრალოდ, ყველა თაობას თავისი ოპრა ჰყავს და მინდა ასეთი ვიყო. შევცვალო სამყარო და ის უფრო უკეთესი გავხადო.