Gigo Art • მეხუთე თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს ტყავის ხელნაკეთ ჩანთებს, საფულეებსა და აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქცია შექმნილია კარგად დამუშავებული ნატურალური ტყავისგან, ხისგან და მინანქრისგან. ბრენდი გამორჩეულია იმით, რომ ერთი და იგივე დიზაინი არ მეორდება და ყველა ნამუშევარი განსხვავებულია ერთმანეთისგან.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Gigo Art • - ის დამაარსებელს გიორგი ეფრემიძეს, რომელიც გვიამბობს ბრენდის დაარსებისა და განვითარების შესახებ.
"ციხეში ვიყავი, როდესაც რუსთავში ახალი კორპუსი გახსნეს, იქ იყო შემსწავლელი კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხეზე ჭრაზე, ტიხრულ მინანქარსა და კიდევ სხვა პროფესიებზე. ვცადე რამდენიმე მათგანზე დაუფლება, მაგრამ არცერთმა ისე არ გამიტაცა, როგორც ტყავზე მუშაობამ. მეგობრებთან ერთად დავიწყე ამ საქმის წარმოება".
"დავინახე, რომ გამომდიოდა ეს საქმე და გადავწყვეტე გამეკეთებინა ბრენდი და დავარქვი Gigo Art • ეს იმიტომ, რომ ბავშვობაში მეძახდნენ ამ სახელს. ისე გავითქვით სახელი, რომ მოდიოდნენ დეპარტამენტიდან და ვჩუქნიდით ჩვენს ნამუშევრებს, ასევე ვყიდიდით და ვაგზავნიდით სხვადასხვა ქვეყანაში, დიდ მოწონებას იმსახურებდა ჩვენი ნამუშევრები. 2-3 თვეში გამომიშვეს ციხიდან და რა თქმა უნდა გავაგრძელე ტყავზე მუშაობა. ვაკეში მაქვს ფართი გავარემონტე და ახლა უკვე სრულფასოვანი სახელოსნო მაქვს".
"ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას ვაკმაყოფილებ, ვმუშაობ არა მარტო ტყავზე, არამედ ხესა და მინანქარზე ტყავთან ერთად. უკვე ხუთი თვეა ამ საქმით ვარ დაკავებული და ცნობადობა ხალხში საკმაოდ კარგია. ვინც ნახულობს ჩემს ნამუშევრებს ყველას ძალიან მოსწონს. სხვებისგან ის გამომარჩევს, რომ არ ვაკეთებ იმას, რასაც ყველა, ჩემი დიზაინით ვქმნი ყველაფერს. ასევე არასდროს არ ვიმეორებ ერთი და იგივე დიზაინს, ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულს ვაკეთებ ყველაფერს".
"სამომავლოდ ვაპირებ, რომ გავფართოვდე. მინდა, რომ ჩავერთო სხვადასხვა გამოფენაში, მაგრამ ნივთების მოგროვებას ვერ ვასწრებ, რადგან ძალიან მალე იყიდება. თითო ნივთის გაკეთებას 3-4 დღე მაინც სჭირდება რადგან ხარისხიანი და სრულფასოვანი იყოს".