ალბათ ყველა ჩვენგანს უოცნებია ჰობი საყვარელ საქმედ და ბიზნესად ექცია, მაგრამ ამას დიდი გამბედაობა და რისკი სჭირდება. ზოგიერთი ჩვენგანი მიდის ამ რისკზე, ზოგიერთი კი ვერა. ჟურნალი OK! გიამბობთ ახალგაზრდა დიზაინერის, გიორგი სულხანიშვილის შესახებ, რომელმაც ორ მეგობართად Anaida-თან და Boo-თან ერთად ბიზნესი წამოიწყო და დედის დიდი ხნის ოცნება რეალობად აქცია.
როგორც გიორგი სულხანიშვილის დედამ, მერი დოჭვირმა OK!-სთან საუბრისას აღნიშნა, Show Room-ის გახსნა რამდენიმე თვის წინ ძალიან სპონტანურად მოხდა.
“20 წლის წინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მაღაზია მქონოდა და ეს გიორგიმ რეალობად აქცია. წლების განმავლობაში აქსესუარების შექმნა ჩემთვის ჰობი გახლდათ. პარალელურად ვმუშაობდი სხვა სამსახურებში. ჩემს შვილსაც ჰქონდა მიდრეკილება ხელოვნებისადმი, მაგრამ ეს მისთვისაც ჰობი იყო და დღეს ეს უკვე ბიზნესია“.
„გიორგის მხრიდან ეს იყო პირველი ნაბიჯები დიზაინერის ამპლუაში. მისმა პირველივე ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, რაც საოცრად დიდი სტიმული იყო. სწორედ ამან მისცა მოტივაცია გაეგრძელებინა ეს საქმე. საერთოდ, ყოველთვის განსხვავებულ სტილს ირგებდა“.
OK! გიორგისაც ესაუბრა და როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის წამოწყების მთავარი მიზეზი მისთვის სასურველი დიზაინის სამოსის დეფიციტი იყო.
გიორგი სულხანიშვილი: „ვქმნი ისეთ მოდელებს, რომლებიც მე მომწონს. ეს არის თავისუფალი და ყოველდღიური სტილის სამოსი. ვფიქრობ, დღეს ამის დეფიციტია. ატელიე სადა-ს გახსნის მიზეზიც სწორედ ის გახდა, რომ შეიძლებოდა სხვასაც ჰქონოდა იგივე პრობლემა, რაც მე მქონდა. ვფიქრობდი, რომ მოთხოვნა ამ სტილის სამოსზე იქნებოდა და როგორც აღმოჩნდა არ შევმცდარვარ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებ მამაკაცის ხაზის განვითარებას. ვცდილობთ ხარისხი იყოს ძალიან მაღალი და რაც მთავარია – ხელმისაწვდომი ფასი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ასევე უმნიშვნელოვანესია, ტანისამოსი იყოს კომფორტული და თავისუფალი“.