მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი, 22 წლის ბელა ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ არაერთ ჩვენებაზე გამოვიდა, ამ დამღლელი კვირების შემდეგ კი ამერიკული Vogue-ის ყდაზე მოხვდა! ჟურნალის გადაღებებისთვის სუპერმოდელმა არაერთი თვალისმომჭრელი სამოსი მოიხდინა, რომელთა კადრებიც გამოცემის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლშია დაფიქსირებული.
ყდის ფოტოს შთაგონების წყარო ცნობილი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის 1956 წლის ფილმიდან, Funny Face-დან მოვიდა, რომელშიც მას Givenchy-ს წითელი კაბა აცვია. წლების შემდეგ ბრენდის წითელი იმიჯი ბელა ჰადიდმა მოირგო და როგორც ჩანს ძალიანაც მოუხდა.
მოდელმა სხვადასხვა ფერისა და სტილის ჩაცმულობები მოირგო, რომლებსაც მისმა სტილისტებმა განსხვავებული ვარცხნილობები და მაკიაჟი შეუხამეს.
ვიდეორგოლში დაფიქსირებულია გადაღების პროცესი, რომლის დროსაც ბელა საკმაოდ კარგ დროს ატარებს და რაღა თქმა უნდა ბრწყინვალედ გამოიყურება.
გარდა იმისა, რომ სოციალური მედია მოცული და აღფრთოვანებულია ბელას Vogue-ისთვის გადაღებული ვიდეორგოლებით, მოდელი თვითონაც ძალიან კმაყოფილი ჩანს, ამაზე კი მის მიერ ატვირთული პოსტი მეტყვლებს.
"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური დღეები! ციფრული Vogue-ის მომავალი! ყდა ყველაზე კრეატიული სტუარტ ვაინკოფისა და ჯორდენ ბიქემის დამსახურებით! ყველანი ძალიან მიყვარხართ! ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს, თქვენ კი კიდევ უფრო მეტს ამ ყველაფრის გაკეთების გამო! მადლობა ანას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ უზარმაზარ პროექტში იყო ჩართული!"-წერს მოდელი.