წლების მანძილზე ღია ცისფერი სამოსი არაერთმა პირველმა ლედიმ მოიხდინა, მათ შორის იყო ჟაკლინ კენედი, მოგვიანებით კი მელანია ტრამპი. ღია ფერის ტონები ყველა საუკუნეში აქტუალურია, შესაბამისად საქმიანი ქალბატონები, რომლებიც ვალდებულნი არიან მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, ყოველთვის მისდევენ ამ მოდას და ირგებენ ამ ფერის სამოსს. ამჯერად მელანია ტრამპისა და ჟაკლინ კენედის კვალზე საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი წავიდა.
25 მარტს ბრიჯიტ მაკრონი ჩინეთის ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე პროვანსში ღია ცისფერი ჩაცმულობით წარსდგა. პირველმა ლედიმ საქმიანი შეხვედრისთვის დახვეწილი სტილის კაბა და მოსაცმელი შეარჩია, რომელსაც მუქი ყავისფერი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ქლაჩი შეუხამა. ბრიჯიტმა ულამაზესი ჩაცმულობა თვალების მსუბუქი მაკიაჟით გააფორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯიტ მაკრონი ჩაცმულობის გამო საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვედრილა, ამჯერად მისი "ლუქი" დადებითად შეაფასეს.
მელანია ტრამპის ჩაცმულობა, რომელსაც საფრანგეთის ლიდერის მეუღლის სამოსი შეადარეს, ქალბატონმა 2017 წლის იანვარში მოირგო. ხოლო ჟაკლინ კენედიმ ამავე სტილისა და ფერის იმიჯი 1961 წელს ინაუგურაციის ცერემონიაზე მოიხდინა.