2019 წლის 19 თებერვალს, პარიზში, კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მოდის ინდუსტრია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გენიოს დიზაინერს გამოეთხოვა.
გერმანელი შემოქმედი მოდის სფეროში არა მარტო ნიჭით, არამედ შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა: ის ადვილად და შესაშური ბრწყინვალებით მართავდა ერთდროულად რამდენიმე მოდის სახლს, აფართოებდა თავის გატაცებებს და სხვა კომპანიების უამრავ პროექტში იღებდა მონაწილეობას. ლაგერფელდი ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მოსწრებაა შესაძლებელი.
„ადამიანი ლეგენდის“ ბავშვობა ბევრი საიდუმლოთია მოცული. დავას იწვევდა დიზაინერის დაბადების წელიც − დიდი ხნის განმავლობაში ყველგან 1938 წელი იყო მითითებული, თუმცა მოგვიანებით, გერმანულმა მედიამ მისი მშობლიური ქალაქიდან ზუსტი ინფორმაცია მოიძია და კარლის დაბადების წელი 1933 აღმოჩნდა. მოგვიანებით, ლაგერფელდმა აღნიშნა, რომ შეცდომა დედამისს მოუვიდა − 3-იანი და 8-იანი ერთმანეთში აერია.
მითქმა-მოთქმას მისი ბავშვობის დეტალებიც იწვევს. მაგრამ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით ლაგერფელდი მდიდარი ჰამბურგელი ბიზნესმენის ოჯახში დაიბადა, რომლისგანაც მემკვიდრეობით არა „მხოლოდ“ გარკვეული ოდენობის კაპიტალი, არამედ ენების ცოდნაც ერგო. მამა 12 სხვადასხვა ენაზე საუბრობდა, კარლმა კი მხოლოდ ინგლისური, გერმანული, ფრანგული და იტალიური შეისწავლა. ლაგერფელდი ამბობდა, რომ „ხელში ფანქრით დაიბადა“, თუმცა მას ხატვის მასწავლებელი არ ჰყოლია, მხოლოდ ენების. მისი აღიარებით, მოდასთან პირველი შეხება კოსტიუმის დიზაინის ხელოვნებას უკავშირდება: „მსურდა ილუსტრატორი ვყოფილიყავი, ამიტომაც კოსტიუმების ისტორიის ყველა წიგნი შევისწავლე და ილუსტრაციების შექმნას ვცდილობდი“. თანამედროვე მოდით გატაცებისას აშფოთებდა ფაქტი, რომ ეს შემოსავლიანი საქმე არ იყო: „რთულად წარმოიდგენდი, რომ ვინმეს ამ ბიზნესში ღირსეულად ცხოვრება შეეძლო, მაგრამ მე ყოველთვის მაინტერესებდა, რას ჩაიცვამდა ხალხი. მე მიყვარდა სამოსი“. 14 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად, მოდის დედაქალაქ პარიზს მიაშურა და ცვლილებებიც ნელ-ნელა დაიწყო.
პირველი გარდატეხა 1954 წელს მოხდა, როცა მისმა პალტოს ესკიზმა საერთაშორისო კონკურსში Woolmark Prize, ივ სენ ლორანის შემოქმედებასთან ერთად გაიმარჯვა. კონკურსის ფარგლებში პიერ ბალმეინმა არა მხოლოდ შეკერა ახალგაზრდა ლაგერფელდის პალტო, არამედ იგი მოდის სახლში პრაქტიკის გასავლელად მიიპატიჟა, სადაც კარლმა საბოლოოდ 3,5 წელი იმუშავა. „ახლა არავინ დაიჯერებდა, თუ როგორი დამამცირებელი ატმოსფერო სუფევდა მოდის სახლებში იმ დროს, რადგანაც ადამიანები უნამუსოები იყვნენ. დღეს ის ყველაფერი უკანონო იქნებოდა“, − იხსენებდა კარლი Balmain-ში მუშაობის პერიოდს.
Balmain-ში გავლილი პრაქტიკის შემდეგ, ლაგერფელდი უფრო დიდ და მნიშვნელოვან პოზიციაზე მიიპატიჟეს − Jean Patou-ს მოდის სახლის არტდირექტორად მაღალი მოდის მიმართულებით. 1958 წელს, პირველი კოლექციის პრეზენტაციაზე, დიზაინერმა ფსევდონიმი როლანდ კარლი გამოიყენა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენება ისტორიაში ჩაწერილიყო. კერი დონოვანმა, ამერიკელმა მოდის ჟურნალისტმა, The New York Times-ში დაწერა, რომ სამოსი ზედმეტად თამამი გახლდათ იმ დროისთვის. მოკლე შავი კოქტეილის კაბები ძალიან ფართოდ იყო ჩახსნილი, სხვა მოდელებს კი მთელი ზურგი უჩანდათ. შემდეგი კოლექციაც გახმაურებული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ლაგერფელდმა ჟან პატუსთვის 10 კოლექცია შექმნა − ყოველწლიურად ორი, ხუთი წლის განმავლობაში.
Jean Patou-სთან მუშაობა კარლის რომში გადასვლის მიზეზით დასრულდა. დიზაინერმა გადაწყვიტა, იტალიის დედაქალაქში ხელოვნების ისტორიის შესასწავლად წასულიყო. „მომწყინდა და წავედი. ვეცადე სკოლაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ 2 წელი ძირითადად სანაპიროებზე გავატარე, ცხოვრებას ვსწავლობდი“, − ასე აღწერდა ამ პერიოდს თავად ლაგერფელდი. სწორედ იმ დროიდან იწყებს იგი ისეთ ცნობილ ბრენდებთან მუშაობას, როგორებიც იყვნენ: Fendi, Chloe, Charles Jourdan, Krizia, Curiel, Tiziani.
Chloe-სთან პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1964 წელს შედგა: დიზაინერმა ფრანგულ მოდის სახლს სეზონზე რამდენიმე ნივთი გაუკეთა. მის მიერ შექმნილი ნაწარმის რაოდენობა იზრდებოდა: „თავიდან ვფიქრობდი, რომ გერმანელი დიზაინერის გემოვნება სადავო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ, როცა სხვა დიზაინერებს 2 ესკიზი მოჰქონდათ, კარლი 20 ესკიზით მოდიოდა“, − იხსენებდა Chloe-ს დამაარსებელი გაბი აგიონი. 1972 წლის ოქტომბერში კარლმა გაზაფხული/ზაფხულის პირველი სრულყოფილი კოლექცია წარადგინა. თავისუფალი ქურთუკები, აბრეშუმის პერანგები და შარვალი-ქვედაბოლოები კრიტიკოსებმა დადებითად მიიღეს და ბრენდთან 5-წლიანი თანამშრომლობაც გაფორმდა. სწორედ კარლის მუშაობის პერიოდში, მოდის სახლის მომხმარებლები გახდნენ ჯეკი კენედი, ბრიჯიტ ბარდო, მარია კალასი და გრეის კელი.
ინდუსტრიის ისტორიაში მოწვეული დიზაინერისა და მოდის სახლის ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობა კარლ ლაგერფელდსა და Fendi-ს შორის შედგა. მაშინ დიზაინერი 30 წლის იყო. ლაგერფელდმა ბრენდის შემქმნელებთან ერთად ოჯახური მოდის სახლი მნიშვნელოვნად გააცოცხლა. საერთო ძალისხმევით, მათ მთავარი ქმნილებები − ბეწვის ქურთუკები, ბურჟუაზიული სტატუსის მოსაწყენი სიმბოლოდან მოდის დიზაინის ობიექტად აქციეს. ლაგერფელდმა ბრენდის ლოგოტიპიც კი შეცვალა და ორი F ასოს წარმოჩენა საინტერესოდ გადაწყვიტა.
გაბრიელა შანელის სიკვდილიდან თითქმის 12 წლის შემდეგ, საბჭომ მოდის სახლის წინამძღოლად სწორედ ლაგერფელდი მოიხმო. კარლი შემდეგ იხსენებდა, რომ იმ პერიოდში ბრენდის სამოსს მხოლოდ ექიმების ცოლები იცვამდნენ. ნაცნობები კარლს ურჩევდნენ, თანამშრომლობას არ დათანხმებოდა. „დღეს ხშირად ხდება ბრენდის აღორძინება, მაგრამ მაშინ თუ ბრენდი მოკვდებოდა, მკვდარი იყო და შანსი აღარ ჰქონდა. თუმცა, როცა მთხოვეს მემოქმედა, რადგანაც უიმედობა სუფევდა, დავინტერესდი. როგორც ჩანს, ეს მიდგომა ამართლებს“, − ამბობდა კარლი. პირველი კოლექციის შემდეგ წერდნენ, რომ Chanel-მა Yves Saint Laurent-ის ლიდერობას საფრთხე შეუქმნა.
ლაგერფელდმა არა მხოლოდ შეცვალა ბრენდის იმიჯი, არამედ ახალი მომხმარებლები მოიზიდა და მოდის სახლის იდენტობა თანამედროვე გახადა. მან მაღალ მოდაზე გავლენა მოიპოვა. „შანელის“ Haute Couture-ის კოლექციებისთვის კარლს „ოქროს სათითეც“ კი უწოდეს. უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მიაჩნდათ, რომ მისი სტილი მადამ კოკოს სტილს საოცრად მიუახლოვდა. თითქოს კოსტიუმები და რომანტიკული კაბები სწორედ „ლამაზი ეპოქიდან“ იყო წარმოდგენილი. თუმცა, კარლი არც გაბრიელას წინააღმდეგ წასვლას ერიდებოდა. მან მოდაში შემოიღო მინიქვედაბოლოები და შორტები, რომლის წინააღმდეგიც იყო თავად ბრენდის დამაარსებელი ლეგენდარული ქალბატონი. „ჩემი საქმეა გავაკეთო არა ის, რასაც ადრე კოკო აკეთებდა, არამედ ის, რასაც ახლა, ამ მომენტში გააკეთებდა“, − ასე იცავდა თავს დიზაინერი ამ სახის კრიტიკისგან.
საკუთარი ბრენდის დაარსებისას, კარლ ლაგერფელდმა Vogue-ს განუცხადა: „არ ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩემი სახელი ყველგან ყოფილიყო დაწერილი. მაგრამ ახლა შესაფერისი დრო დადგა: მე საავტორო ბრენდი შევქმენი და რატომ არ ვისარგებლო ამით?“ 2005 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მაღაზიის გახსნის შემდეგ, კარლმა ბიზნესი Tommy Hilfiger group-ს მიჰყიდა და თავად უბრალოდ კრეატიულ დირექტორად დარჩა. ბრენდი თავდაპირველად მამაკაცების კოლექციებს აწარმოებდა, შემდეგ კი ქალთა ხაზიც დაემატა.
სამი დიდი მოდური ბრენდის კოლექციების შექმნის გარდა, ლაგერფელდი ცალკეულ პროექტებშიც მონაწილეობდა. ცნობილ ბრენდებთან უამრავი კოლაბორაცია შექმნა, შენობებისა და სასტუმროების დიზაინი შეიმუშავა, წიგნები გამოსცა, სპექტაკლებისთვის კოსტიუმები შეკერა, ჰოლივუდის მსახიობების წითელი ხალიჩის სამოსს უზრუნველყოფდა, სუნამოებს აწარმოებდა − ეს არასრული სიაა, რითაც ლაგერფელდი თავისუფალ დროს იყო დაკავებული. კოლაბორაციები ფრიად უჩვეულო და ორიგინალური ჰქონდა. მაგალითად, 2011 წელს, ნაყინის ცნობილ კომპანია Magnum-თან თანამშრომლობისას, შოკოლადის ოთახი შექმნა, სადაც მოდელის სახით შოკოლადის მამაკაცი მოათავსა. ასეთი გემრიელი ექსპოზიციის შექმნისთვის, 10 ტონა შოკოლადი დასჭირდა. 2004 წელს კი პირველი დიზაინერი გახდა, რომელმაც კოლექცია H&M-ს შეუქმნა.
კარლი ნიჭიერი ფოტოგრაფიც იყო და რეგულარულად ქმნიდა სარეკლამო კამპანიებს „შანელისა“ და „ფენდისთვის“. პერიოდულად მოდური ჟურნალებისთვის მიწვეულ ფოტოგრაფად მუშაობდა და საკუთარ ფოტოსესიებსაც უწევდა ორგანიზებას.
შინ უზარმაზარ ბიბლიოთეკას ფლობდა, მთელი ცხოვრება წიგნებს რუდუნებით აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ფორმისა და ზომის წიგნი ჰქონდა, უპირატესობას კომპაქტურ წიგნებს ანიჭებდა, რათა ლოგინში მოხერხებულად ეკითხა. საბოლოოდ, 300 ათასზე მეტი ეგზემპლარი დააგროვა.
მზის სათვალე, ხელთათმანები, შავი კოსტიუმი, თეთრი პერანგი და გრძელი, უკან შეკრული ფითქინა თმა: ლაგერფელდს მრავალი წლის განმავლობაში უნიკალური სტილი და იმიჯი ახასიათებდა. უფრო ზუსტად კი, 2002 წლიდან, როცა 1 წლის განმავლობაში 40 კგ დაიკლო, რათა როგორც თვითონ ამბობდა, ედი სლიმანის კოსტიუმების ჩაცმა შეძლებოდა. სპეციალური დიეტა, რომელიც მისთვის შეიქმნა, შემდეგ წიგნადაც გამოიცა. ზოგადად, ახალგაზრდობაში სპორტული სხეულის მფლობელი იყო და ბოდიბილდინგითაც კი ინტერესდებოდა.
ლაგერფელდის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული ჟაკ დე ბაშერი გახლდათ. მათი კავშირი, როგორც ლაგერფელდი ასახელებდა, პლატონური იყო. განსხვავებით ივ სენ ლორანისგან, რომელსაც ჟაკი ხვდებოდა. კარლის და ჟაკის ურთიერთობამ 1971 წლიდან 1989 წლამდე გასტანა. 38 წლის ასაკში ბაშერი შიდსმა იმსხვერპლა. ცხოვრების უკანასკნელი წუთები ლაგერფელდთან ერთად გაატარა − სწორედ ის არ მოშორებია ავადმყოფის სარეცელს.
უკანასკნელ წლებში ლაგერფელდი კატა „შუპეტთან“ ერთად ცხოვრობდა, რომელიც ნამდვილი კომერციული სიმბოლო გახდა: ცხოველი მონაწილეობდა ფოტოსესიებში, გამოიყენეს სხვადასხვა აქსესუარის ფორმებისთვის, მასზე წერდნენ წიგნებს. ამასთან, კარლთან კატა შემთხვევით მოხვდა. მეგობარმა გამგზავრების წინ დროებით მისი მიხედვა სთხოვა და როცა დაბრუნდა, კარლმა მის დაბრუნებაზე უარი განუცხადა. „ის დამეხმარა უფრო სასიამოვნო ადამიანი გავმხდარიყავი. მასში არის რაღაც ამაღელვებელი“, − ამბობდა მაესტრო.
„შანელში“ მუშაობის პერიოდში მისი ჰიტები გახდა: ჩანთა CHANEL BOY, ტვიდის კოსტიუმი და შარვალი-ქვედაბოლოები. ცხოვრების განმავლობაში, დიზაინერი საკუთარი თავისა და პრინციპების ერთგული დარჩა. არ ეშინოდა ბოდიშის მოხდა, თუ არ იყო მართალი და ყოველთვის მტკიცედ იდგა საკუთარ აზრზე, თუ რამეს არ ეთანხმებოდა. ამის გამო ყველგან აფასებდნენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ლაგერფელდი აღნიშნავდა, რომ მისი შემოქმედება ქალების გარეშე უღიმღამო იქნებოდა. დიზაინერს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუზა ჰყავდა: ინეს დე ლა ფრესანჟი, კლაუდია შიფერი, ბლეიკ ლაივლი, კრისტენ სტიუარტი, კირა ნაითლი, კარა დელევინი, ლილი როუზ დეპი, ვანესა პარადი, კაროლინ დე მეგრე... ის ქალურობის საზღვრებს აფართოებდა და „შანელის გოგოს“ მრავალფეროვან სახეს წარმოგვიდგენდა.
ლაგერფელდს ფანტაზიის საოცარი უნარი ახასიათებდა და ყველა ჩვენებას წარმოუდგენელ სანახაობად აქცევდა. მისი შოუ მაყურებელს ხან თვითმფრინავის სალონში, ხან სამორინეში, ხან კაფეში, ხან სუპერმარკეტში, ხან ჩანჩქერებთან, ხან ოკეანის სანაპიროზე და სად აღარ ეპატიჟებოდა. დიდი მაესტრო ერთ სივრცეში ყოველ ჯერზე სხვადასხვა უნიკალურ სამყაროს ქმნიდა და სტილითა და შარმით არასოდეს მეორდებოდა.
მთელი მოდის სამყარო ემადლიერება კარლს დიზაინერთა ახალი თაობის შექმნისთვის, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ზრდიდა. მის მოსწავლეებს შორის არიან ტომ ფორდი, ნიკოლა გესკიერი, მარკ ჯეიკობსი... მაესტროს საქმეს ახლა ისინი საკუთარ კოლექციებში აგრძელებენ. „შანელში“ მის პოსტს კი ვირჯინ ვიარი დაიკავებს. ვირჯინი მრავალი წელია, რაც კარლის მარჯვენა ხელია და ჩვენებების ფინალში მუდამ უმშვენებდა გვერდს დიდ დიზაინერს. „შანელის უკანასკნელ შოუზე ვირჯინი პირველად გამოვიდა მარტო, რადგანაც კარლი თავს უკვე ცუდად გრძნობდა.
კარლ ლაგერფელდმა მოდაში არა მხოლოდ რევოლუცია მოახდინა, არამედ თავად მოდის მიმართულება საფუძვლიანად შეცვალა.