მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დიზაინერი დემნა გვასალია უკვე მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და საქართველოში აღარ ცხოვრობს, საკუთარი ბრენდის Vetements-ის კოლექციებს ძირითადად ქართულ მოტივებზე აგებს, რაც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისგან. ამჯერად კი, გაყიდვაში დემნას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სამოსი გამოვიდა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც ქართველი პოეტების სახელებით გაფორმებულ სამოსზე გაკეთდა.
ბრენდის ახალი მოდელი ჯინსის ქურთუკია, რომელზეც ცნობილი ქართველი მწერლებისა და პოეტების - ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და შოთა რუსთაველის სახელები წერია. ამ ორიგინალური ჯინსის მოსაცმელის ფასი 2035 ფუნტს შეადგენს და მისი შეძენა უკვე ონლაინ მაღაზიებშიცაა შესაძლებელი.
გარდა მწერლების სახელებისა, ქურთუკის ერთ მკლავზე გალაკტიონის ცნობილ ლექსს "მე და ღამე"-ს ამოიკითხავთ, ხოლო მეორეზე წარწერას "სოხუმი 93", რომელიც სოხუმის დაცემასთანაა დაკავშირებული.