3 მარტს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი ჩვენება გაიმართა. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ობიექტივში კვლავაც დემნა გვასალია მოექცა, რომელმაც Balenciaga-ს 2019 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენება იმთავითვე გამოჩნდა ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემების გვერდებზე, მათ შორისაა Vogue-იც, რომელმაც მთავარი გვერდიდან ჰილფიგერის და ზენდაიას შოუ მოხსნა და პრესტიჟული სივრცე სწორედ დემნას ახალ კოლექციას დაუთმო.
"ამჯერად დემნა გვასალია ირონიისგან შორს დგას" - სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია Hypebeast-ის გამოცემამ, რაც სწორედ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ კრეატიული დირექტორის მიერ შექმნილ დიზაინს სოციუმის გარკვეული ნაწილი ხშირად დაცინვად აღიქვამს, თუმცა ეს ხელს ვერ უშლის მილიონობით მომხმარებელს, რომ Balenciaga მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბრენდად აქციოს. "მე არასდროს ვხუმრობ, როცა საქმე დიზაინს ეხება. ყოველთვის სერიოზულად ვმუშაობ ტანსაცმლის შექმნაზე და არასდროს ვიქნები მახინჯი მოდის ნაწილი, არ მიყვარს არაესთეტიკური რაღაცები" - აღნიშნა დემნამ მათთან ინტერვიუში.
გთავაზობთ იმ ლუქებს, რომლებითაც დემნამ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო.