MORE is LOVE პირველი ქართული ონლაინმაღაზიაა, რომელიც უკვე 6 წელია დიდი წარმატებით სარგებლობს არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მთავარი კი, რაც მის წარმატებას განსაზღვრავს, არის ის, რომ მისი დამფუძნებლები აკეთებენ იმას, რაც მთელი გულით უყვართ და აინტერესებთ. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს MORE is LOVE-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ნინო ელიავასთან. გაეცანით ისტორიას, თუ როგორ გაჩნდა პირველ ონლაინმაღაზია ქართულ სივრცეში.
როგორ გაჩნდა MORE is LOVE-ის შექმნის იდეა?
2000 წელს მექსიკაში გავიცანი ანი მოკია. შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ, ხოლო 2010 წელს კვლავ შევხვდით ლონდონში, სადაც მე ვსწავლობდი, ის კი იქ ცხოვრობდა. მას შემდეგ დავმეგობრდით და იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც ერთმანეთს ჩვენს სამომავლო გეგმებზე ვესაუბრებოდით. ორივეს ძალიან გვინდოდა გაგვეკეთებინა ისეთი ონლაინპლატფორმა, სადაც მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გაეცნობოდა ახალბედა დიზაინერების შემოქმედებას.
პროფესიით ვარ…
ბაკალავრიატი მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით დავასრულე. მაგისტრატურაში სწავლა კი უფრო ვიწრო პროფილით (სტრატეგიული მარკეტინგი მოდის ინდუსტრიაში) განვაგრძე. თუმცა, ამ სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, რასაც ალბათ დედაჩემის საქმიანობა განაპირობებდა − ძალიან კარგად ხატავს და თვითონაც დიზაინერია.
პირველი სამსახური...
16 წლიდან ვმუშაობ მოდის ინდუსტრიაში. ვმუშაობდი ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემისთვის (Harper’s Bazaar, Grazia, Buro 24/7), ვწერდი სტატიებს და ვიღებდი ფოტოებს. შემდეგ უკვე ლონდონში ვმუშაობდი street style ფოტოგრაფად და ვიღებდი ფოტოებს მოდების კვირეულის დროს ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზსა და მილანში.
რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტები თქვენს სფეროში?
ჟურნალისტიკაში დაგროვილი კონტაქტები რასაკვირველია დამეხმარა და MORE is LOVE-ის PR-ში დიდი წვლილი შეიტანა.
რამდენად რთული იყო გზა, რომელმაც მოგიყვანათ MORE is LOVE-ის წარმატებამდე?
ძალიან ცოტა ადამიანს სჯეროდა, რომ ამ ყველაფრიდან რაღაც გამოვიდოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან არასერიოზულად გვიყურებდნენ ბანკშიც, ფოსტაშიც, პროგრამისტებიც − ყველას ეგონა, რომ საქმე არ გვქონდა და ეს ყველაფერი უბრალოდ თავის შესაქცევად, გასართობად გამოვიგონეთ. ისიც კარგად მახსოვს, სამთვიანი მუშაობის შემდეგ პირველმა პროგრამისტმა როგორ გვითხრა, რომ დაიღალა ჩვენთან მუშაობით და წასვლას აპირებდა, რადგან არ სჯეროდა ჩვენი იდეის. პრობლემები იყო ბანკთან დაკავშირებითაც − ძალიან ბევრ ბარათს ვერ ვატარებდით და უამრავ კლიენტს ვკარგავდით იმის გამო, რომ საქართველოში არ არის გამართული ონლაინ გადახდის სისტემა. ამიტომ იძულებულები გავხდით, ანგარიში აშშ-ში გაგვეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით დიდ გადასახადს ვიხდით, ჩვენი კომპანიისთვის ასე ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა. პრობლემები გვქონდა ფოსტასთანაც, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით ვერ ვაგზავნიდით გზავნილებს... ალბათ, ამან განაპირობა, რომ დღეს ჩვენი კონკურენტი კომპანია ქართულ რეალობაში არ არსებობს. არ ვგულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებსაც მიწოდება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით აქვთ. დღეს უკვე 6 წლის ვართ და მსოფლიოს 55 ქვეყანაში გვაქვს განხორციელებული გზავნილი, ასევე სამომავლოდ უამრავი გეგმა.
თვითონ არჩევთ პროდუქციას, რომელიც თქვენთან იყიდება?
დიახ, წელიწადში ოთხჯერ მე და ანი მივემგზავრებით პარიზში, სადაც ვარჩევთ კოლექციებს, ვყიდულობთ და შემდეგ უკვე ჩვენს ონლაინ და ოფლაინ სივრცეში ვთავაზობთ მომხმარებელს. უკვე გვყავს 70 ბრენდამდე და აქედან დაახლოებით 26 ქართველი დიზაინერია.
რამდენად დაინტერესდა „მსოფლიო“ ქართველი დიზაინერებით?
როგორც კი ბაზარზე შევედით, მაშინვე ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა მომხმარებელში ჩვენი პროდუქტისა და ქართველი დიზაინერების მიმართ. ზუსტად 3 თვეში რა თანხაც ჩავდეთ კომპანიის სტარტაპში, იგივე ამოვიღეთ... 6 თვის შემდეგ ბანკში უკვე სხვანაირად გვიყურებდნენ. 1 წლის მერე კიდევ უფრო შეიცვალა დამოკიდებულება და დღეს უკვე ძალიან დიდი პატივისცემით გვხვდებიან და გვემსახურებიან.
რას ნიშნავს MORE is LOVE?
ჩემი იდეა იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიტყვა more, რადგან გოგონებს ყველაფერი გვინდა more... მერე გვინდოდა more is more, რომელიც დაკავებული აღმოჩნდა და შემდეგ დავიწყეთ ფიქრი სიტყვა more-ის გარშემო. და ანის შვილმა, რომელიც მაშინ 6 წლის იყო, შემოგვთავაზა ეს სახელი − MORE is LOVE. დღეს უკვე, ამ სახელის გარდა, სხვა არც კი წარმომიდგენია.
როდის და რატომ გახსენით ოფლაინმაღაზია?
მომხმარებელთა სურვილის გამო. კლიენტები ოფისში მოდიოდნენ პროდუქციის სანახავად და ერთ-ერთი ჩვენი ოთახი შოურუმად იქცა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მაღაზია გაგვეხსნა და 5 წლის თავზე განვახორციელეთ ეს იდეა. დღეს უკვე ორი ოფისი გვაქვს − ერთი, სადაც ვქმნით ჩვენს პროდუქციას − 0711-ის ჩანთებს, ქუდებს, შარფებს და ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას, და მეორე ოფისი, სადაც ახლა ვიმყოფებით. აქ არის მაღაზია, საწყობი, სამუშაო სივრცე და სტუდია, სადაც ყველანაირი ტიპის გადაღება შეგვიძლია დავგეგმოთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. აქ ჩვენ გვყავს სამი ფოტოგრაფი და ორი სტილისტი. სამომავლოდ, ამ მიმართულების განვითარებაც გვინდა, თუკი საზოგადოებაში ინტერესს გამოიწვევს ჩვენი სტუდია.
როგორი იქნებოდა MORE is LOVE, ქალი რომ იყოს?
მე და ანი ვიქნებოდით. ხალისიანი, ნაზი და გამბედავი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის თებერვლის ნომერში!