მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის სპეციალობის განხრით დაასრულა, წლების განმავლობაში გაჩენილ შემოქმედებით ინტერესს მიმართულება აქსესუარების დიზაინის შექმნის სასარგებლოდ მისცა და თიო ლომიძემ ბრენდი TIONE დააფუძნა. ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ბრენდის სახელით უნიკალური სტილის სამკაულად იქცევა, თიოს უწყვეტი შთაგონების ნაყოფია, რაც, როგორც თავად ამბობს, ხშირად სიჩუმეში იბადება.
როგორი იყო პირველი ნაბიჯები, რომლებიც რეალურად სრულიად ახლებური სტილის შექმნამდე გაიარეთ?
პროფესიით მხატვარ-დიზაინერი, კონსტრუქტორ-ტექნოლოგი ვარ. ყოველთვის მიტაცებდა ხელოვნება და მინდოდა მასში საკუთარი ადგილი მეპოვა; დროს ვუთმობდი კერვას, ვმუშაობდი მინანქარზე და მუდმივად ვსწავლობდი სხვადასხვა ხელსაქმეს, ყველა გატაცებამ კი საბოლოოდ თავი TIONE-ს სამკაულებში მოიყარა.
საინტერესო მასალებთან ურთიერთობამ სურვილი გამიჩინა, თავდაპირველად ინტერიერის დეკორაციები შემექმნა, ხოლო შემდეგ საკუთარი თავისთვის ჩემ მიერ გამოგონილ სტილში აქსესუარები დამემზადებინა.
რა გახდა მთავარი ბიძგი, რამაც ბრენდის შექმნა განაპირობა?
როცა მეგობრებისთვის პირველი რამდენიმე აქსესუარი დავამზადე, ნამუშევრებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და აქედან დაიბადა იდეა, რომ საკუთარი ბრენდი დამეარსებინა. 3 წლის წინ კი, როცა აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ შექმნილი აქსესუარების მისამართით დიდი დაინტერესება გაჩნდა, გადავწყვიტე ბრენდი ოფიციალურად დამერეგისტრირებინა.
რა მასალებს იყენებთ და რამდენად ხანგრძლივი პროცესია აქსესუარებზე მუშაობა?
ნატურალური ტყავი, ბუნებრივი ქვები და ხე ის მცირე ჩამონათვალია, რაც TIONE-ს აქსესუარებში შეგხვდებათ. თითოეულ სამკაულს ხელით ვამუშავებ და კომპოზიციას ვაწყობ.
პროცესს, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია და საათობით გრძელდება, ხატვას შევადარებდი. ვქმნი სილუეტებს, რომლებიც თითქოს საუბრობს და ინდივიდუალიზმს გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ მასალა ნაზი არ არის, საოცარი ჰარმონიულობით მოერგო კლასიკურ სტილს, რაც ხელობისა და ტექნიკის ფლობის ხარჯზე ხდება.
შთაგონება საიდან იბადება?
ესკიზები ჩემს წარმოსახვაში წინასწარ არასოდეს მოდის, იგი შექმნის პროცესში იბადება და სწორედ ამ დროს ვხედავ შედეგს. ახლა, როცა მოთხოვნა ასეთი გაზრდილია, დიდი რაოდენობით აქსესუარების დამზადებას მარტო ვეღარ ვუმკლავდები. რთულია შენს ხედვას სხვამ ზედმიწევნითი სიზუსტით ხორცი შეასხას, თუმცა ბრენდს პროფესიონალი გუნდი ჰყავს და ეს ხერხდება.
ხშირად ჩემთვის შთაგონების წყარო სიჩუმე ხდება. ფაქტობრივად, დღე-ღამის ძირითად ნაწილს მუშაობაში ვატარებ და არასოდეს ვიღლები, რადგან ეს განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. საკუთარ სამყაროში ყოფნა და საყვარელი საქმის კეთება არასოდეს მბეზრდება.
რა ტიპის აქსესუარებს ამზადებს TIONE და როგორი სტილია შერჩეული?
ყელსაბამი, საყურე და სამაჯური ბრენდის ძირითადი აქსესუარებია, თუმცა არაერთი ჩანთა დაგვიმზადებია და ამ მიმართულებით ხაზის გაფართოებასაც ვგეგმავ.
მათში ყველა ისეთივე ინდივიდუალურ სტილს ხედავს, როგორიც თავად ნივთებია − ხშირად აზიური, ზოგჯერ ქართული ტრადიციული მოტივებითა და ბევრი იმპროვიზაციით; ასევე უამრავი ფერით, რადგან თავად მსიამოვნებს სხვადასხვა ტონალობასთან მუშაობა. რაც მთავარია, TIONE-ს სტილი ნებისმიერ ფერს ირგებს.
რითი გამოარჩევდითTIONE-ს?
ვფიქრობ, ამ შეკითხვას პასუხს სცემს თავად აქსესუარი. TIONE ნაკლებადაა ყოველდღიური გამოყენების სამკაული, თუმცა ეს არის დეტალი, რომელიც საკუთარი თავის ინდივიდუალური წარმოჩენის საშუალებას იძლევა. სწორედ ამას აღნიშნავენ ის ერთგული მომხმარებლები, რომლებმაც ბრენდი შეიყვარეს.
მოდელი თითქმის არასოდეს მეორდება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მომხმარებელს რომელიღაც აქსესუარის იდენტური მოდელის ტარება სურს.
სად შეიძენს მომხმარებელი სამკაულს და თუ გასცდება იგი ქვეყნის ფარგლებს?
ბრენდს TIONE ონლაინ მაღაზია სოციალურ ქსელში აქვს, ასევე სხვადასხვა მაღაზიაშია წარმოდგენილი. ერთი კოლექცია აშშ-ში გაიგზავნა. ამჟამად ვთანამშრომლობ GALERIE MAKOWSKI-სთან ბერლინში. სწორედ ამიტომ, ასორტიმენტის გაზრდასა და სამოსის ხაზის დამატებასაც ვგეგმავ. TIONE-ს გუნდს შემოუერთდებიან შშმ პირებიც, რომლებიც აქსესუარებს ჩემთან ერთად შექმნიან. დაინტერესება კიდევ არაერთი ქვეყნიდან გამოჩნდა და TIONE თითოეულ ასეთ მისამართზე მივა.