17 იანვარს, პარიზში Vetements-ის მორიგი ჩვენება გაიმართა, მოდის მორიგ სენსაციურ მოვლენას უკვე უამრავი უცხოური მედიასაშუალება აშუქებს. ადგილი, სადაც დემნა გვასალიამ 2019 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა Natural History Museum-ია, რისი იდეაც, როგორც გაირკვა, დემნას ფილმის "Night at the Museum"-ის ყურებისას გაუჩნდა. "არ ვიცოდი რომ პარიზში ეს მუზეუმი არსებობდა, მაგრამ როცა აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ეს საუკეთესო ადგილია ჩვენებისთვის. ის სავსეა დინოზავრებითა და ჟირაფებით.. მე კი ახალი კოლექციით სწორედ ევოლუციის შემდეგი ნაბიჯის ჩვენება მინდოდა" - აღნიშნა დიზაინერმა.
დემნამ, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო იცნობს როგორც ექსტრავაგანტულ დიზაინერს, ამჯერადაც არ უღალატა ჩვეულ ტრადიციას და ორიგინალური სამოსი წარმოადგინა, რომელიც ჩვეულებისამებრ სულ მალე გახდება სეზონის ჰიტი. გთავაზობთ თითოეულ ლუქს ჩვენებიდან.
ქართველი საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ერთ-ერთმა სამოსმა მიიქცია წარწერით - "I survived swine flu" (ღორის გრიპს გადავურჩი), რითიც დიზაინერი საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ პრობლემას გამოეხმაურა.
სახის ნიღბები კი, რომელიც გარკვეულწილად უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა შექმნილი მდგომარეობის გამო, დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამოსი, რომელსაც ის ქმნის არასდროს არის ამოვარდნილი საქართველოში არსებული სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობის კონტექსტიდან.